შოუბიზნესი

დათო კენჭიაშვილი: ყველაზე მეტად ცხოვრებაში საკუთარი თავის მეშინია

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:01 23.09

დათო კენჭიაშვილი
დაკოპირებულია

დათო კენჭიაშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის დათო კენჭიაშვილი?

დათო კენჭიაშვილი: საკუთარი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი, რომელიც ცდილობს, საკუთარი სამშობლო მთელ მსოფლიოს სწორი რაკურსით დაანახვოს, კერძოდ, ხელოვნების განხრით. ჩემი ცხოვრების მთავარი მისია ხელოვნების სამსახურია და დარწმუნებული ვარ, რომ მე ის უნდა შევასრულო, შემდეგ კი ესტაფეტა მომავალ თაობებს გადავცე.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ჩემს ქვეყანაში არსებობა. მინდა, მთელი ცხოვრება საქართველოში გავატარო და სხვაგან წასვლაზე არასდროს ვიფიქრო. მინდა, ჩემი საქმე აქ ვაკეთო. რა შედეგს მოიტანს ჩემი ხელოვნება და რა სიმაღლეებს დავიკავებ, ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ჩემი ოცნება ნამდვილად ისაა, რომ ბოლომდე ჩემს სამშობლოში გავატარო ცხოვრება ხელოვნების სამსახურში. ამქვეყნად ორი განსაკუთრებული ფასეულობა მაქვს – სამშობლო და ხელოვნება. დანარჩენი ოცნების სფერო არ არის, ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილებია.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში საჭიროებას წარმოადგენდა?

– რა თქმა უნდა, თუმცა, ესეც ხელოვნებას უკავშირდება. რესტორანში სიმღერა იყო ჩემთვის ყველაზე რთული სამსახური. ხელოვანი ადამიანისთვის ეს რთული საქმეა, რადგან თავისი სპეციფიკა აქვს. ხელოვნების რეალიზებას ახდენ, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც უნდა ხდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური პრობლემები მქონდა, ვერ გავუძელი, წამოვედი და ისევ საკუთარ თავზე მუშაობას დავუბრუნდი. თუმცა, პატიოსანი შრომა ყოველთვის მისასალმებელი და დასაფასებელია.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ძალიან მიყვარს ცხოველები და ბუნება, შესაბამისად, მათთან დაკავშირებულ საკითხებში საკმაოდ ემოციური ვარ. შეიძლება, გულჩვილობაც გამოვავლინო. ძალიან ემოციური ვარ, როდესაც საქმე ხელოვნებას ეხება, ვაღიარებ, რომ ასეთ დროს შეიძლება, არაადეკვატურად ემოციურიც კი ვიყო. ზოგადად, ემოციური ვარ, მაგრამ შეიძლება, ეს სხვისთვის შესამჩნევი არ იყოს, თითქოს, შიგნით ვიტოვებ და გარეთ ნაკლებად გამომაქვს.

– შეგიძლიათ, გაიხსენოთ სიხარულით გამოწვეული და ტკივილიანი ცრემლი...

– 2008 წელს ბაბუა გარდამეცვალა. მის პანაშვიდს ჩემი სიმღერის პრემიერა დაემთხვა. ქალბატონი ლელა თათარაიძის „შენმა სურვილმა დამლია“ - ამ ნამუშევარზე ვსაუბრობ. ძალიან მძიმე იყო იმაზე ფიქრი, რომ ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასმა და საყვარელმა ადამიანმა ვერ მოასწრო ამ სიმღერის მოსმენა, ვერ გაიზიარა ის ბედნიერი მომენტი, როცა ჩემი ხელოვნება სამყაროსთან იწყებდა ინტეგრირებას და ასევე, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მაშინ სიხარულისა და უბედურების განცდა ერთდროულად მქონდა, ცრემლიც ორივე მიზეზით მომდიოდა. ძალიან უცნაური განცდები იყო. სიმართლე რომ ვთქვა, მაშინ სხვანაირად დავინახე ცხოვრება. ვფიქრობ, რომ ერთი ნაბიჯით გავიზარდე და შედარებით „დიდი ბიჭი“ გავხდი. განსაკუთრებული მომენტი იყო, რომელიც ალბათ, მუდმივად მემახსოვრება.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ბევრი მილიონი მოიგოთ?

– ძალიან ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია. პირველ რიგში, მომავალ თაობას დავეხმარები, მათ, ვისაც ჩემს სფეროში თავის დამკვიდრება უნდა. მე ეს ფუფუნება არასდროს მქონია, ძალიან ბევრი დაბრკოლებისა და ბულინგის მიუხედავად, მე თვითონ ჩემი ოჯახის წევრების მხარდაჭერით მოვახერხე ყველაფერი. ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი გზა, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენს მომავალ თაობას შევუწყობდი ხელს ამ გზის გაკვალვაში.

აუცილებლად გავაკეთებდი ძაღლების სასტუმროს და არა თავშესაფარს. ქუჩაში რომ დაავადებულ ან დაინვალიდებულ ძაღლებს ვხვდები, ძალიან განვიცდი. ჩემი ოცნებაა, ამ ძაღლებისთვის ყოველი დღე ბედნიერი იყოს. ამიტომ მილიონს მოვიგებ თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმედი მაქვს, რომ ამ ოცნების განხორციელებას ჩემი სახსრებითაც შევძლებ და ადრე თუ გვიან, ძაღლების სასტუმრო მექნება. მე თვითონაც მყავს ძაღლი. ჩვენ დიდი ხანია, ერთად ვცხოვრობთ და ძალიან კარგად ვიცი, მათ რამხელა სიყვარული შეუძლიათ.

მეტს ვერაფერს ვიტყვი. მადლობა ღმერთს, მადლობა ჩემს ქვეყანას, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება და განსაკუთრებული მისწრაფებები არ მაქვს.

– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– სამწუხაროდ, გამოვცადე, რას ნიშნავს უდედობა. გავიგე, რამხელა ტკივილისა და პასუხისმგებლობის მატარებელია მის გარეშე ცხოვრება. მომხდარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი ცხოვრების სწორად ფორმირებაში. ბევრი რამის გაანალიზება, გადალაგება დამჭირდა. ალბათ, დედის დაკარგვა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდა იყო.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ საკუთარ თავს მოვერიე, რომ მიყვარს ადამიანი და პატივს ვცემ ყველას ცხოვრებას. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ეს შევძელი. ადამიანების მიმართ ჯანსაღი მიდგომა მაქვს. შემიძლია, მათი თანასწორი ვიყო და თავი არავისზე მაღლა მდგომად არ მივიჩნიო. ეს არც არასდროს ყოფილა ჩემი თვისება, მაგრამ ყოველთვის იყო შინაგანი ბრძოლები. მაგალითად, როდესაც ერთ–ერთი სიმღერის შესრულების შემდეგ, ფართო საზოგადოებამ ჩემი შემოქმედება გაიცნო, უდიდესი ბრძოლები მქონდა. ძალიან ბევრჯერ დავენარცხე მიწაზე, ბევრჯერაც წამოვდექი და ალბათ, ამან შემაძლებინა ჩემს თავზე გამარჯვება და კარგად დავინახე, რომ ადამიანები თანასწორები ვართ. ცხოვრებისადმი სწორი დამოკიდებულება – ეს არის მთავარი გამარჯვება.

მარცხს რაც შეეხება, ძალიან ბევრჯერ განვიცადე – ხელოვნებაშიც, ცხოვრებისეულ ამბებშიც და შედეგად ბევრი რამ ვისწავლე. თუ გინდა, გაიმარჯვო, მარცხი აუცილებლად უნდა განიცადო, ეს გარდაუვალია.

– ყველაზე დიდ ტკივილთან რა ასოცირდება?

– დედა. მე არ ვყოფილვარ დედიკოს კალთას გამოკერებული ბიჭი, თუმცა, ეს ურთიერთობა განსაკუთრებული იყო და იქნება ყოველთვის. დედამ ძალიან ბევრი მასწავლა, დაწყებული ქალის პატივისცემით... დიდი ფილოსოფიაა ჩვენი ურთიერთობა და მის გარეშე არსებობა დიდი ტკივილია.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში?

– ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის მეშინია. ვერ ვიტყვი, რომ არაპროგნოზირებადი ვარ ან ამ შიშისთვის რამე კონკრეტული მიზეზი მაქვს, მაგრამ არ მავიწყდება, რომ ადამიანის ცხოვრება მილიონი ნაწილაკისგან შედგება და ჩვენ არ ვიცით, როდის რა დაგვხვდება წინ.

– ფობია გაქვთ?

– სიმაღლის ფობია მაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ფრენა მიყვარს. შიშები არსებობს, მაგრამ ვცდილობ, დავძლიო.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ.

– პაემანი ჩემთვის ცოტა უცხო სიტყვაა (იცინის). ბავშვობაში ერთი გოგო მიყვარდა, რომელსაც ორჯერ შევხვდი ზღვის სანაპიროზე, მაშინაც დედებთან ერთად ვიყავით (იცინის). არ ვიცი, რატომ, მაგრამ პაემანი, როგორც ასეთი, არასდროს მქონია (იცინის).

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგიც და ცუდიც, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ?

– ვინც პირადად მიცნობს, მათგან ცუდი ნაკლებად გამიგია, მაგრამ როცა საქმე შემოქმედებას ეხება, შეფასებები ძალიან ფართო მასშტაბებისგან მოდის და გამიგია ისიც, რომ ძალიან დიდ სიგოიმესა და უხარისხო მუსიკას ვაკეთებ. ბევრი ცუდი გამიგია და დამერწმუნეთ, ხელოვანი ადამიანისთვის ეს უდიდესი დარტყმაა. ასეთი შეფასება ყველაზე მწარე ტკივილია, თუმცა, რადგან ეს გზა ავირჩიე, უნდა მივეჩვიო იმ აზრს, რომ ყველა კარგს ვერ იტყვის. ასეთი რამ გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მათი აზრი მცდარი იყოს, ჩემზე ყველა სიტყვა მოქმედებს, რადგან ჩემი შემოქმედება არის ის, რაზეც მე ღამეებს ვათენებ და რაშიც მთელ გულსა და სულს ვდებ.

რაც შეეხება კარგს, დიდი სტიმული მომცა ერთი მეგობრის სიტყვებმა: დათო, შენ არ ეკუთვნი შენს თავს, შენ ეკუთვნი ადამიანებს.

ჩემი თავი ჩემს განკარგულებაშია, მაგრამ ის, რასაც მე ვაკეთებ, ის, რა მისიითაც მე მოვედი, იმ ადამიანებს ეკუთვნით, ვისაც ჩემი ხელოვნება უყვართ.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ჩემი ოჯახი. მამა – პოლკოვნიკი თამაზ კენჭიაშვილი, რომელსაც რამდენიმე ომი აქვს გამოვლილი და საკუთარი ქვეყნისთვის არაერთხელ დაჭრილა, არაერთხელ დაუდევს სიცოცხლე სასწორზე.

და – თათია, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს და ვამაყობ, მისით, როგორც დით და როგორც დედით.

ბებო, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში და ბოლოს, ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად გვერდით მიდგანან.

ყველა წარმატება, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა, ამ ადამიანების დამსახურებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა