შოუბიზნესი

დათო დარჩია: სკანდალების გარეშე დასრულდა ჩვენი ამბავი, ცოლის მოყვანას აღარ ვაპირებ

№23

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 16.06, 2021 წელი

დათო დარჩია
დაკოპირებულია

„ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ – ეს სიტყვები დათო დარჩიამ თეატრისა და კინოს მსახიობმა, ინტერვიუს დროს გვითხრა. მის ცხოვრებაში არაერთი რთული პერიოდი ყოფილა – ფინანსური პრობლემების გამო წინა წლებში ქვეყნიდან წასვლასაც კი ფიქრობდა; დაახლოებით, წელიწად-ნახევარია, რაც 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლესთან განქორწინდა; ასევე, პანდემია, თეატრებისა და გადაღებების გაჩერება... რეპეტიციების, სპექტაკლებისა და მაყურებლის გარეშე ყოფნაც არ აღმოჩნდა მარტივი მსახიობისთვის.

დათო დარჩია: პანდემია რთულია როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. მეორე ტალღის დროს ყველას გაუჭირდა და მათ შორის მსახიობებსაც – უსამსახუროდ დავრჩით. ვეძებდით ძალას, რომ ოჯახში მყარად ვყოფილიყავით და ეს პერიოდი როგორმე გადაგვეტანა. სამი-ოთხი თვის მერე ნოსტალგიურად შემომიტია ამ ყველაფერმა და სცენაზე თამაში მინდოდა. თეატრის მონატრება არ მქონდა, რადგან ღრმა ჩაკეტვამდე მაინც დავდიოდი, როგორც მეორე სახლში: ყავას ვსვამდი, ჩემს ოთახში ავდიოდი... მაგრამ ძალიან მომენატრა რეპეტიციები და სპექტაკლები. სექტემბერში დადგა ნანატრი წუთები, გავიხსენით, თუმცა მალევე გაგვაჩერეს. ახლა, საბედნიეროდ, უკვე პრემიერაც გვქონდა და ორკვირიან ჩაკეტვამდე რამდენიმე სპექტაკლიც მოვასწარით.

– თქვენი ფინანსური მდგომარეობა თუ დალაგდა?

– პრობლემები მქონდა ბინებთან დაკავშირებით და, შეიძლება ითქვას, მოწესრიგდა, ყოველ შემთხვევაში, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოვედი და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ღამე უკვე მშვიდად მძინავს. ერთი პერიოდი ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავი. იმავე პროფესიის სხვა ქვეყანაში რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, ეს პრობლემა არ მქონოდა (იცინის).

– ქვეყნიდან წასვლას ისევ აპირებთ?

– კი. შეიძლება, წავიდე. დედა მყავს ამერიკაში და მინდა, რომ ჩამოვიყვანო. ზაფხულში ვგეგმავ წასვლას და შემოდგომით, თეატრის სეზონის გახსნამდე, ერთად დავბრუნდებით, თუ, რა თქმა უნდა, ნორმალური ცხოვრება იქნება და ეს პანდემიის ტალღები ოდესმე დასრულდება. ვაქცინა უნდა გავიკეთოთ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს.

– ანუ დროებით მიდიხართ. რამდენი ხანია, რაც დედა ამერიკაშია?

– კი. ემიგრანტობას არ ვაპირებ. აქ უკვე ვმუშაობ, არის რაღაც გეგმებიც. თუ კიდევ ყველაფერი გაჩერდა მერე, არ ვიცი. ჯერ, როგორც ტურისტი, ისე მინდა წასვლა. დედა უკვე ორი წელია, იქ არის და ფინანსური პრობლემები მისი დახმარებით გამომისწორდა. ამიტომაც წავიდა. დედა ხომ ყველაზე საყვარელი სიტყვაა და ისევ დედა თუ უშველის ადამიანს.

– 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ არ იყო რთული მეუღლესთან განქორწინება?

– დაახლოებით, წელიწად-ნახევარია, რაც დავშორდით. არ მქონდა რთული პერიოდი, რადგან ეს იყო მომწიფებული და უცებ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ისე მოხდა, რომ ჩვენი ამბავი მშვიდობიანად, ყველანაირი სკანდალების გარეშე დასრულდა. ორივეს ინიციტივა იყო. ბუნებრივია, გულდასაწყევტია 25-წლიანი ურთიერთობა ბოლოს ასე დასრულდეს. ეს იმდენად დიდი დროა, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა ყველაფერი ხდება. ხომ ვამბობთ ხოლმე, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსეო და მართლაც ასეა. მეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც მინახავს გაშორებულები და რეკორდი არ მომიხსნია (იცინის).

– მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო? შერიგება არ გიცდიათ?

– ფინანსური – ყველაზე ნაკლებად, უბრალოდ, როცა ადამიანებს შორის სიყვარული განელდება, იქ უკვე ჩნდება მომენტი, რომ ჯობს ცალ-ცალკე ვიყოთ, ორივე მხარე ხვდება ამას. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. არა, შერიგება არ გვიცდია.

– ანუ, პოპულარული მსახიობი დავით დარჩია თავისუფალია...

– (იცინის) თავისუფალი – ჰო, თუმცა ცოლის მოყვანას აწი აღარ ვაპირებ, მაგრამ იმდენად მოულოდნელობებით არის სავსე ცხოვრება, კაცმა არ იცის, რა მოხდება და წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, ახლა საერთოდ არ ვფიქრობ მსგავს საკითხებზე. ბედნიერი ვარ, თუმცა, კოვიდის მხრივ, ცოტა მოწყენილი.

– „სიცრუის დეტექტორში“ თქვით, რომ მეუღლის დაუკითხავად აიღეთ მისი კუთვნილი თანხა... აზარტულ თამაშებზე იყავით დამოკიდებული?

– კი, იყო მსგავსი შემთხვევა, თუმცა რასაც ოჯახი ჰქვია, იქ ყველაფერი საერთოა, შესაბამისად, ეს თანხა მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა, ოჯახისთვის იყო განკუთვნილი და რაღაც მომენტში ჩემთვისაც. ის პერიოდი დაემთხვა თამაშს, თორემ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. აზარტულ თამაშებს ფული უნდა, ფული კიდევ ჩემი პროფესიის ადამიანებს არასდროს აქვთ. მხოლოდ მაშინ იყო, ისიც – გართობის მიზნით. მაგრამ ესეც არაა კარგი, 50 თეთრიც რომ დადო, ცუდია. ვითომ ხომ უმნიშვნელოა, თუმცა მაინც არასასიამოვნო ფაქტია. მსგავს რამეში კაცმა ფული არ უნდა დახარჯოს. ამ კუთხით არანაირი მიჯაჭულობა არ მქონია.

– რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულებას, როგორ მოახერხეთ, დაგეძლიათ?

– მისი დაძლევა ნამდვილად შესაძლებელია და ეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდბული, მის სიმტიკიცეზე, იმაზე, როგორ უყვარს დედა, ოჯახი, მეუღლე, შვილები. თუ უყვარს, მაშინ მათ გამო უნდა დაძლიოს. თუ ვერ გააკეთა, მაშინ სათანადოდ არ ჰყვარებია. ეს პერიოდი მე ახალგაზრდობაში გავიარე და ჩემი ახლგაზრდობა 90-იანი წლები იყო. თბილისის 90-იანი წლები კიდევ ღმერთმა სიზმარშიც არ ანახოს ვინმეს – შეიძლებოდა, ქუჩაში უცებ ვიღაცას მოეკალი, შეიარაღებული ბანდები დადიოდნენ. ერთი პერიოდი კინაღმ ჩამითრია შავმა სამყარომ, მაგრამ ისევ და ისევ ოჯახის დახმარებით და მათი სიმტკიცით გამოვძვერი. ამიტომ ვამბობ, თუ ოჯახი გიყვარს, არ არსებობს, რომ ეს საკითხი ვერ დაძლიო. ზოგადად, ვთვლი, რომ ნებისყოფა არ მაქვს, რადგან შუნტირება მაქვს გაკეთებული და დიდი ხანი სიგარეტი ვერ გადავაგდე, რომელიც ჩემი პირველი მტერი იყო, მაგრამ როცა მოვინდომე, შევძელი ნარკოდამოკიდებულება დამეძლია, რაშიც დიდი წვლილი ჩემს ოჯახს მიუძღვის.

– მაშინ დაქორწინებული იყავით?

– კი, 92-ში მოვიყვანე ცოლი. მინი ქორწილი მქონდა ჩემი მამინაცვლის, გურამ ფირცხალავას სახლში. თუმცა, ქორწილამდე ორი წელი ვხდებოდით ერთმანეთს. მისი დახმარებით და გვერდში დგომით დავძლიე ეს პერიოდი, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. დღეს უკვე ათასი საშუალებაა იმისი, რომ ამ ყველაფერს თავი დაანებო. მთავარია, შენი ნება და სურვილი, მიდგომა ამ საკითხის მიმართ. ჩემს დროს არ იყო ეს ყველაფერი და მონდომებით, გაჭირვებით მოვახერხეთ. ახლა იმდენი რამეა, მხოლოდ მოინდომეთ და დამიჯერეთ, ყველაფერს შეძლებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი