ბესო ზანგური: დაცემულზე ვინც წიხლი დამაყოლა, წამოდგომის შემდეგ ტაში დაუკრავთ ჩემთვის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 14.02, 2022 წელი
ბესო ზანგური განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არაერთხელ აღმოჩენილა. მისი პირადი ცხოვრებისა თუ სამსახურებრივი საქმიანობის განხილვები არასდროს წყდება. ასეა ამჯერადაც.
ბესო ზანგური: მე ვარ რუსთაველის თეატრის მსახიობი, მაგრამ რადგან მრავალშვილიანი მამა ვარ, სხვაგან მუშაობაც არ მეთაკილება. მაღაზიაში იქნება, მტვირთავი ვიქნები თუ ტაქსის მძღოლი, ჩემი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენს ქვეყანაში მსახიობებს არ აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ მხოლოდ ხელფასს დაეყრდნონ, ამიტომ დამატებითი შემოსავლისთვის, ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს. მე ცოტა ხნის წინ დედა გამიხდა ცუდად და ჩვენი სახლი მკურნალობის ხარჯებს შეეწირა. საცხოვრებლად აგარაკზე, ტაბახმელაში გადავედით. დედას ძალიან მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, გადარჩა. მკურნალობამ შემდეგშიც მოითხოვა თანხები და ისე მოხდა, რომ ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილითა და მეუღლით ქუჩაში აღმოვჩნდი. ამჟამად სახლი ნაქირავები მაქვს. სამწუხაროდ, ცხოვრება კარგად ვერ წამივიდა. უამრავი ჭორი გამივრცელეს, მთელმა ქვეყანამ მაბულინგა და ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქციეს ჩემი შვილები, რომლებიც ჩემს განვლილ ცხოვრებასთან არაფერ შუაში არიან, ისევე, როგორც ჩემი მეუღლე. ეს მაშინ ხდებოდა, როცა სახლი დავკარგე და ბინას ვეძებდი. ზუსტად ამ დროს, ძალადობაში დადანაშაულებით ცილი დამწამა ყოფილმა მეუღლემ. მას ამის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნდა. ძალადობა მართლა რომ ყოფილიყო, მე კანონის მთელი სიმკაცრით დავისჯებოდი. მე მთელი ჩემი ცხოვრება მთელი ჩემი არსებით ზუსტად მოძალადეებს ვებრძვი. დამარტყეს იქ, სადაც ყველაზე მეტად მეტკინებოდა. ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა, მაგრამ სათანადო პასუხი ვერ გავეცი. შუაში შვილი იდგა, რომელიც ნინო მაყაშვილთან მყავს. ჩემი ბიჭის გამო მე გაჩუმება ვარჩიე. არ ვარ კაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს გაჭორავს, თუნდაც მისგან ცილისწამების შემთხვევაში. ღმერთი ყველას გადაუხდის სამაგიეროს, თუ მე ვიძალადე, მე დავისჯები. მე რომ მოძალადე ვიყო, ათი წელია, ქორწინებაში ვიქნებოდი და სამ შვილს გამიჩენდა გვანცა წულეისკირი, რომელთანაც უბედნიერესი ვარ?! ამდენი გასაჭირის მიუხედავად, ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ, რადგან ვიცით, რომ მთავარია, მართალი იყო. დღეს თუ ტალახს გესვრიან, ხვალ მას ვარდით ჩაანაცვლებენ. ძალიან ბევრჯერ დავცემულვარ ცხოვრებაში, მაგრამ დაცემულზე ვინც წიხლი დამაყოლა, წამოდგომის შემდეგ, ტაში დაუკრავთ ჩემთვის. სამწუხარო ის არის, რომ ჩემი მცირეწლოვანი შვილები მოყვნენ შუაში. ისინი დღემდე საშინელი ბულინგის ქვეშ არიან და ეს ხდება ყოველდღიურად. ღმერთმა უწყის, ვინ რა ენით მლანძღავს. ცხონებულ ნიკა ქაცარიძეს გავიხსენებ, ჩვენი თეატრის მსახიობს, 42 წლის ბიჭს. მან „ფეისბუკზე“ პოსტი დაწერა ამჟამად ციხეში მყოფ ჩვენს ყოფილ პრეზიდენტზე: „გახდება მაინცო“ და ბიჭი საშინელ დღეში ჩააგდეს, შვილები უწყევლეს. მე ვფიქრობ, ადამიანის დაბულინგება დასჯადი უნდა გახდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე ადამიანი შეიძლება სუიციდამდე მიიყვანონ. ამ ქვეყანაში გასალანძღი აღარავინ დარჩათ: რობერტ სტურუა, ზურა ყიფშიძე, რეზო ამაშუკელი. ამ ადამიანებს როგორ შევედრები, მაგრამ ჩემს ტოლებზე გეტყვით, გიორგი ყიფშიძე, მე, ნიკა... აბსოლუტურად ყველას გადაგვიარეს, შვილები დაგვიწყევლეს, ტალახი გვესროლეს. მე მაინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები, თავად რა შეუქმნიათ, რომ თავს ამის უფლებას აძლევენ?! ვინ არის ადამიანი, რომელიც მე შვილებს მიწყევლის და მეუბნება, რომ ჩემი ადგილი რომელიმე მაღაზიაში კი არა, მიწაშია. ნიკა ქაცარიძემ სიკვდილამდე ზუსტად ოთხი დღით ადრე დამირეკა და მითხრა, ბესო, მასწავლე ამას როგორ გაუძელი, როგორ გადაიტანე, ძალიან ცუდად მოქმედებს, ვიღაც ამ წამსაც შვილებს მიწყევლისო. ვუთხარი, ყველაფერი გაივლის, მთავარია, არ დალიო და გამწარებულ გულზე შენც აგრესიულად არ უპასუხო, თორემ ეგენი მაგით იკვებებიან-მეთქი. მერე გარდაცვლილს დედამ დაატირა კიდეც, ეს რა გიქნესო. გული გაუხეთქეს კაცს. ეს არის დღევანდელი საქართველო. ასე ანადგურებენ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს სახელი მსოფლიოს გააცნო. რობერტ სტურუა არის ადამიანი, რომელმაც ინგლისელებს დააწერინა, ქართველებმა გვასწავლეს შექსპირის თამაშიო. გესმით, რამხელა მასშტაბებზე არის საუბარი?! ერთი პერიოდი იმდენად ამიცრუვდა გული, მინდოდა, ამ ქვეყანას გავცლოდი, მაგრამ გადავიფიქრე. ვფიქრობ, რომ აქ კიდევ რაღაც მაქვს გასაკეთებელი. იმ მაყურებელმა რა დააშავა, ვინც მწერს, რომ ჩემს სპექტაკლებს ელოდებიან?!
ყოფილი მეუღლის ცილისწამების შემდეგ როლები დროებით შემიჩერეს, მანამ სანამ ყველაფერი გაირკვეოდა და დამტკიცდებოდა, რომ მე არაფერში ვარ დამნაშავე. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ მე აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ და ყველა სპექტაკლში აღმადგინეს. მაგრამ დღემდე ეს აქვთ ჩახვეული და ბულინგის მიზეზი არ ელევათ. რაც არ უნდა ვთქვა და გავაკეთო, ჩემი მისამართით იმხელა ბულინგი მოდის, ვერც აღვწერ. მე ვინ ვარ, პატრიარქი რა დღეში ჰყავთ?!
– კახა კალაძემ, სტურუას შუამდგომლობით, სასაფლაოების ამზომველად დააწყებინა მუშაობა, სადაც რეალურად არ მუშაობს, მაგრამ ხელფასს ურიცხავენო, ამ ინფორმაციასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა...
– აბსოლუტური სიცრუე. სადაც ვნახულობ ვაკანსიას, რომ დღეში რამდენიმე საათი ვიმუშაო, ყველგან მივდივარ. რა შუაშია კახა და რა შუაშია რობიკო?! აბსოლუტური მონაჭორია.
– ნიკოლოზ ბასილაშვილს გამოუცხადეთ მხარდაჭერა, რასაც ასევე, დიდი კრიტიკა მოჰყვა. მის მიმართაც იგივე ბრალდებაა, რაც თქვენს შემთხვევაში – ძალადობა ყოფილ მეუღლეზე. რატომ გადაწყვიტეთ ასეთ რთულ სიტუაციაში მისი ღიად მხარდაჭერა?
– როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ და იცი, რომ მოძალადე არ ხარ, წინ არაფერი გიდგას. შეიძლება, ხმამაღალი ტონით მისაუბრია, მაგრამ ქალისთვის ხელი არასდროს დამირტყამს, ამას არც არასდროს გავაკეთებ. ხელი აქვს მოსაჭრელი ყველას, ვინც მას ქალზე აღმართავს, პირველი მე ვებრძვი ასეთებს. არც მიფიქრია, რომ ჩემს მისდამი მხარდაჭერას ამხელა რეზონანსი მოჰყვებოდა. როცა იცი, მართალი ხარ, თან თემა უკვე ჩავლილია, ამაზე არ ფიქრობ. მე, უბრალოდ, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატე, მაშინ, როცა მათ ჩანაწერს მოვუსმინე და ვნახე, რომ ეს იყო ცოლ-ქმრის კამათი და არანაირი ძალადობა იქ არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ქმარი ეუზრდელება ცოლს.
– არც ეს იყო სასიამოვნო მოსასმენი.
– სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. არ არსებობს, თქვენმა რჩეულმა ხმამაღლა არ გითხრათ რამე ან თქვენ არ უთხრათ. ეს ძალადობა არ არის. ცემა-ტყეპა ძალადობა კი არა, უკვე მანიაკალური გადახრაა, ასეთი ადამიანის ადგილი ციხეშია. გამწარებულ გულზე შეიძლება, ბევრი რამ უთხრას ცოლმა ქმარს და პირიქით. გამწარებულ გულზე კაცს რომ აგინებ, მართლა აპირებ იმის გაკეთებას, რასაც გინება მოიცავს?! ეს ხომ, უბრალოდ, იმ ემოციის ნაწილია, რაც ამ დროს გაქვს.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენი და ნინუცას საერთო შვილთან?
– ნინუცამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ნოდარიკოს სოციალური ქსელი არ აქვს და მან არაფერი იცისო. მე და ჩემს შვილს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ამჯერად თავს ვიკავებ, არ მინდა სიტუაცია გავამწვავო მათთან მისვლით, მაგრამ მასთან ტელეფონით ვურთიერთობ.
განშორების შემდეგ მე და ნინუცასაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ერთ სპექტაკშიც ვთამაშობდით. ერთად ვულოცავდით მაყურებელს ახალ წელს, ერთ-ერთ ვიდეოში ხელიხელგაყრილები ვიდექით და გვანცა მეხუმრა კიდეც, ასე ახლო ურთიერთობა თუ გაქვს შენს ყოფილთან, მე რაღას მოგყავდიო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მსიამოვნებდა იმ კომენტარების კითხვა, სადაც ნინუცას უარყოფითად იხსენიებდნენ. მე შვილი მყავს, რომელიც აფანატებს დედამისზე და ჩემი შვილის გულისტკივილი არაფრად მიღირს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნინუცას გალანძღვით მე მასიამოვნებს, ძალიან ცდება. მირჩევნია, მე გამლანძღონ, ვიდრე ჩემს შვილს დედა გაულანძღონ.
– თუ ყველაფერი ტყუილია, რისთვის სჭირდებოდა ნინუცას ეს?
– არ ვიცი, ათასი ვარიანტია. შესაძლოა, ამ ოჯახში რომ ძალიან ბედნიერს მხედავს, მე და ჩემი მეუღლე რომ ძალიან მაგრად ვართ ერთმანეთთან, ქალია და ასეთი რამ ბოღმისგან გააკეთა. მართლა არ ვიცი. მე და ჩემი ცოლი გაოცებული ვუყურებდით, მართლა ნინუცა ლაპარაკობს ამას-მეთქი?! ეს ადამიანი ასეთი არ არის და მართლა არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი.
– სოციალურ ქსელში თვითონაც საკმაოდ ხშირად წერთ აგრესიულად კონკრეტული ადამიანების მიმართ. რატომ, როცა თავად ხედავთ, რამდენად ცუდად მოქმედებს ეს?
– თქვენ ჩემი მხრიდან ხედავთ აგრესიას, მაგრამ აგრესია რატომ მებადება, ამის შესახებ არ იცით. ჩემი აგრესია მხოლოდ პასუხია იმ ადამიანების მიმართ, ვინც მე ან ჩემი ოჯახის წევრებს, უხამსად მოგვიხსენიებს. მე გავჩუმდი ნინო მაყაშვილზე იმიტომ, რომ აქ საქმე ჩემს შვილს ეხება, მაგრამ დედამიწის ზურგზე არავის გავუტარებ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას. ყველა ისეთ პასუხს მიიღებს, როგორც მომექცევა. ჩემს შვილს დედამიწაზე ყველაზე მეტად უყვარს დედა, ბებია და დეიდა. ამიტომაც გავჩუმდი, მაგრამ სხვას ნუ ექნება იმედი, რომ თვითონ თუ აგრესიულად მომექცევა, პასუხს არ გავცემ. თუმცა, ეს არ არის ჩემი ერთადერთი მხარე – ვინც ადამიანურად მომექცევა, ორმაგად კარგად მოვექცევი.
მიუხედავად ამდენი ცუდისა, მიუხედავად ყველაფრისა, მე ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახში, მიხარია სახლში მოსვლა, სადაც მელოდება გოგო, რომელიც მიყვარს და ჩვენი პატარა შვილები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან