შოუბიზნესი

ბესო კალანდაძე: ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, ჩემი ცხოვრების გზას, იმ შავი ლაქის გარდა, ისევ ისე გავივლიდი

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 04.03

ბესო კალანდაძე
დაკოპირებულია

მომღერალი ბესო კალანდაძე ბავშვობის წლებსა და ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს ჩვენს ინტერვიუში იხსენებს.

ბესო კალანდაძე: ბავშვობაში კონკრეტული ოცნება არ მქონია. ცოცხალი ბავშვი ვიყავი, მიყვარდა სპორტი, დავდიოდი ცურვაზე, მერე – წყალბურთზე, შემდეგ მინი ფეხბურთს ვთამაშობდი. ოცნება, რომ გამოვსულიყავი მომღერალი, მოცეკვავე ან ტაქსის მძღოლი, არ მქონია. ნებისმიერი სპორტის სახეობა მიყვარდა, თუმცა სპორტსმენობაზეც არ მიფიქრია.

– სცენაზე როგორ აღმოჩნიდით და ვისგან დაგყვათ მუსიკალური ნიჭი?

– მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დამყვა როგორც დედის, ასევე მამის მხრიდანაც. დედა ძალიან კარგად მღეროდა, უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე – ფორტეპიანოზე, გიტარაზე, აკორდეონზეც კი. მამის მხრიდან კი კავსაძეების შთამომავალი ვარ, მამის დედა კავსაძე გახლდათ. პატარა გვარია კავსაძე და ივერი და კახი კავსაძეები გვენათესავებიან. სცენაზე პირველად 15-16 წლის ასაკში დავდექი. წყალბურთზე რომ დავდიოდი, ვარჯიშის მერე გახურებული ამოვედი წყლიდან, მაცივრის წყალი დავლიე და გლანდები დამიჩირქდა. ამან გამოიწვია თირკმელების დაზიანება, გამოკვლევებზე საავადმყოფოში დამაწვინეს. ექიმმა ვარჯიში ამიკრძალა – დატვირთვა არ შეიძლებოდა. ძალიან მოძრავი ვიყავი, ენერგია რაღაცაში ხომ უნდა დამეხარჯა და რადგან სპორტი ამიკრძალეს, მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოზე დავიწყე სიარული. 60-იანი წლების ბოლოს, 70-იანი წლების დასაწყისში, პოპ-მუსიკის რენესანსი იყო მთელს მსოფლიოში. ბიჭებმა თვითშემოქმედებითი კოლექტივი შევქმენით, რეპეტიციები დავიწყეთ კიროვის ქარხანაში, გამოვდიოდით ქარხნებში, საწარმოებში, კლუბებში, სოფლებში და ვმღეროდით. სხვათა შორის, ის სპორტული ცხოვრება მერე გამომადგა და თუმცა, დამაზიანა კიდეც. მინი ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, ტრავმა მივიღე და ძვალ-სახსროვანი სისტემა დამიზიანა. საკმაოდ ჯანმრთელი ვარ, ახალგაზრდობაში ვერ ვგრძნობდი, ასაკში კი ბავშვობაში მიღებული ტრავმები გამძაფრდა და განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ.

– თუ გახსოვთ, რამდენი იყო თქვვენი პირველი შემოსავალი და რაში დახარჯეთ?

– სკოლის პერიოდში, მეცხრე-მეათე კლასში პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ეგრეთ წოდებულ, „გეპეიში“, არქიტექტურის მოსამზადებელ კურსებზე დავდიოდი, რადგან არქიტექტურულ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. მხაზველობითი გეომეტრია ვისწავლე და ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა ტექნიკოსად, სადაც ნახაზები კეთდებოდა. 17 წლის ასაკში ავიღე პირველი ხელფასი – 70 მანეთი, რომელიც მაშინ არც თუ ისე პატარა ფული იყო. არ დამავიწყდება, იმ ჩემი პირველი ხელფასით ძმაკაცები დავპატიჟე, ხინკალი მივირთვით და ცოტა დავლიეთ.

– დიდ სცენაზე როდის გამოჩნდით?

– დიდ სცენაზე 18 წლის ასაკში გამოვჩნდი. თვითშემოქმედების კოლექტივის გოგო-ბიჭები, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. მანანა თოდაძემ და მეც ასე გავიცანით ერთმანეთი რეპეტიციაზე. „რერო“, გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, კოლექტივის ახალ წევრებს ეძებდა, სჭირდებოდათ ვოკალისტი ბიჭი, რომელიც პირველ ხმას იმღერებდა, მანანა თოდაძის ქმარმა, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი, უთხრა, ვიცნობ ასეთ ბიჭსო და ასე აღმოვჩნდი ქასთინგზე. მომისმინეს, ამიყვანეს და ასე დაიწყო ჩემი პროფესიული მოღვაწეობა. მერაბ სეფაშვილი სამი წლის მერე შემოგვიერთდა „რეროში“ და არ დამავიწყდება, გასტროლებზე რომ მივდიოდით, დედამისმა, ქალბატონმა ჯულიამ, ცრემლიანი თვალებით ჩამაბარა მისი თავი: მოუფრთხილდი, პატარა ბიჭიაო (იცინის). ოთხი წელი ვმღეროდი „რეროში“ და მერე რობერტ ბარძიმაშვილთან, „ვია 75-ში“ გადავედი. სიმღერებს, რომლებსაც ვასრულებდი, არაორდინარული შესრულება და მაღალი დიაპაზონი სჭირდებოდა, ძალიან რთული იყო და ახლა რომ ვფიქრობ, მეც მიკვირს, როგორ ვასრულებდი (იცინის). თან, მაშინ ცოცხალი შესრულება იყო, ჩემს დროს პლუს-მინუსი სად იყო?! ცოცხლად ვუკრავდით და ცოცხლად ვმღეროდით, ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის პლუსზე მღერიხარ თუ მინუსზეო, ვერ მივხვდებოდი, ვიფიქრებდი, რა პლუს-მინუსი, აკუმულატორზე ხომ არ მელაპარაკება-მეთქი (იცინის). ისეთი მოთხოვნა იყო ჩვენს ანსამბლზე, ხანდახან დღეში 2-3 კონცერტი ჩაგვიტარებია.

– ზეპოპულარული ბიჭი იყავით, ყველგან თქვენი სიმღერა ისმოდა. ადრეული ასაკიდან პოპულარობამ რა შეცვალა თქვენს პიროვნებაში, ცხოვრებაში და ზოგადად, ცხოვრებისეულ გეგმებში?

– მე ცოტა სხვა კატეგორიას განვეკუთვნები, ამიტომ პოპულარობას არაფერი შეუცვლია ჩემში. მე შემთხვევითი კაცი ვარ ხელოვნებაში, არ მიოცნებია, რომ ცნობილი მუსიკოსი ან მომღერალი გამოვსულიყავი. ეს თავისით მოვიდა. თან, ყოველთვის მიწაზე ვიყავი, არ დავფრინავდი, არასდროს ვტრაბახობდი იმით, რომ ვინმეს ვიცნობდი ან ვინმე მიცნობდა. პოპულარობითა და ზედმეტი ყურადღებით თავი კი არ მქონდა მაღლა აწეული, პირიქით. თან, მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო, სახლის ტელეფონზე რეკავდნენ და რეკავდნენ დღე და ღამე, ზარი არ ჩერდებოდა, უკვე გაუსაძლისი იყო და ამიტომ, ძირითადად, გამორთული მქონდა. ქუჩაშიც ყველა მცნობდა, მაჩერებდა. სხვათა შორის, ჩემი თავის გამო მერიდებოდა ვინმეს შეწუხება, მაგრამ თუ ვინმეს უნდოდა დახმარება, უარს არასოდეს ვეტყოდი.

– უამრავი თაყვანისმცემელი გყავდათ, განსაკუთრებით გოგონები. როდის მოვიდა სერიოზული სიყვარული და რა ასაკში დაოჯახდით?

– საკმაოდ მოწიფულ ასაკში, 35 წლის დავოჯახდი. მე და მედეას ერთად მოგვიწია ისრაელში გასტროლებზე წასვლა. მე კვარტეტთან ერთად ვიყავი, მედეა კი გივი სიხარულიძის მოცეკვავეთა ანსამბლში ცეკვავდა. გავიცანით ერთმანეთი, შეგვიყვარდა, ორ წელში დავოჯახდით და უკვე 35 წელია, ერთად ვართ. შეგვეძინა ორი შვილი და ახლა ჩემი ქალიშვილი 34 წლისაა, ვაჟი კი – 32-ის.

– იყო ოცნება, რომელიც არ აგიხდათ და ახლა რომ უკან იხედებით, არის ისეთი მომენტი, რომელსაც გულით ნანობთ?

– ყველა ნორმალურ ადამიანს განვლილ ცხოვრებაში აქვს პერიოდი, რომელსაც ნანობს და არც მე ვარ გამონაკლისი. ცხოვრება ბევრი აღმართისა და დაღმართისგან შედგება და მეც მაქვს გავლილი პერიოდი, შავი ლაქა, რომელსაც ვნანობ. და თუ იმ შავ ლაქას არ გავიხსენებთ, დანარჩენი ჩემი განვლილი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. უამრავ საინტერესო ადამიანთან მომიწია ურთიერთობა, მყავს არაჩვეულებრივი სამეგობრო, შვილები, ოჯახი, დღემდე მაქვს გასვლითი კონცერტები, ვდგავარ სცენაზე, ვმღერი, ხალხის უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ და როგორ ვთქვა, არ ვარ ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი.

– შავ ლაქაში, ალბათ, რუსეთში ემიგრაცია იგულისხმეთ და მეუღლესთან დროებითი განშორება, ხომ ასეა?

– დიახ, შავი ლაქა იმ ემიგრაციის პერიოდს ეხება, თუმცა, ეს თემა ჩემსა და მეუღლეს შორის დახურულია. ჩემთვის მთავარი შვილების კეთილდღეობაა. ისე არ იფიქროთ, თითქოს ჩემი ცხოვრების შავ ლაქას, ხუთი წელი მოსკოვში ცხოვრებას ვგულისხმობ, ეს მხოლოდ პირად ცხოვრებას უკავშირდება და არა შემოქმედებითს. მოსკოვში უამრავი სხვადასხვა ეროვნების მეგობარი შევიძინე. ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, ჩემს ცხოვრების გზას, ყველაფერს, იმ შავი ლაქის გარდა, ისევ ისე გავივლიდი, თავისი შეცდომებით, წარმატებით, წარუმატებლობით. ისეთი პერიოდიც მქონდა, როცა გადავიღალე სცენაზე დგომით, აღარ მემღერებოდა და საკმაოდ დიდი პაუზა ავიღე. სპეციალობით ეკონომისტი ვარ, 1986 წელს დავანებე სცენას თავი და დავიწყე სამეურნეო მაღაზიის დირექტორად მუშაობა. პოპულარობის პიკში მყოფი, სცენაიდან რომ ჩამოვედი და სამეურნეო მაღაზიის დირექტორი გავხდი, ხალხს გაუკვირდა. შემდეგ გადავედი სარევიზოროში, რევიზორ-ბუღალტერი ვიყავი, შემდეგ საგადასახადო ინსპექციაში ვიმუშავე 11 წელიწადი. ამის შემდეგ წავედი მოსკოვში ორი თვით და შემოვრჩი ხუთი წელი. მქონდა სურვილი, ჩამეწერა და გამომეშვა კომპატქდისკი, რომელიც იქნებოდა ქარხნული წესით გამოშვებული და არა კომპიუტერული. ამას დიდი დრო სჭირდებოდა, თუმცა, დისკიც გამოვუშვი, ბევრი ქალაქი მოვიარე გასტროლით და 2007 წელს დავბრუნდი საქართველოში.

– დაუჯერებელია, მაგრამ ამ წლის დეკემბრის თვეში 70 წლის ხდებით. როგორც თავად ამბობთ, ბობოქარი, წარუმატებელი და წარმატებული პერიოდები, თავისი შეცდომებით თუ პირიქით, გააზრებული ნაბიჯებით გამოიარეთ. დღეს როგორია თქვენი ცხოვრება?

– ახლა, მშვენიერ ეტაპზე ვარ, ჩემთვის, წყნარად. კონკრეტული სახელმწიფო სამსახური არ მაქვს, მაგრამ მაქვს გასვლითი კონცერტები რეგიონებში, სადაც მსმენელისგან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვიღებ. თამამად ვიტყვი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ და უფალს იმისთვისაც ვწირავ მადლობას, რა განსაცდელიც მომივლინა, რადგან უფრო უარეს განსაცდელს გადამარჩინა და გამომაფხიზლა. დღეს მე არ მეშინია და არც მრცხვენია ქუჩაში გასვლის, რომ ვიღაც გამოიშვერს ხელს და იტყვის: „აუ, ეს ვინ არის?!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი