ბესო ბარათაშვილი: გაზეთში დამიწერა ვიღაცამ, ამ ღიპიანი არტისტების ატანა აღარ მაქვსო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:01 03.06

ბესო ბარათაშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ბესო ბარათაშვილი?
ბესო ბარათაშვილი: პროფესიით მსახიობი. ისე, უკვე ორი შვილიშვილის ბაბუა ვარ. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ყველა.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ხან იმაზე მიოცნებია, ხან – ამაზე, მაგრამ რა ცხოვრებაც მაქვს, სრულიად მაკმაყოფილებს. თითქოს, არაფერი დამიკლია. კარგიც ბევრი მინახავს და ცუდიც. ეს ცხოვრება მარგუნა ღმერთმა და სავსებით მისაღებია. რაღაც წვრილმანები, მაგალითად, ხელფასი ყოფილიყო მეტი, კარგი იქნებოდა, დანარჩენი რა ვთქვა, ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობ, ჩემს სახლში, შვილიშვილებთან, შვილთან, ოჯახთან ერთად – მეტი კაი ცხოვრება რა ვიცი. მანქანის ტარება არ ვიცი, არც არასდროს მყოლია და სურვილიც არ მაქვს. მოგზაურობა მინდოდა და იმდენ გასტროლზე ვიყავი, რომ კმაყოფილი ვარ. მეტი განსაკუთრებული სურვილები მე არ მქონია.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო?
– კი, ბატონო. ბევრჯერ ყოფილა ასეთი ამბავი, ძალიან გაჭირვება რომ იყო, 90-იან წლებში, მაშინ. თეატრისთვის თავი არასდროს დამინებებია, მაგრამ პარალელურად, რაღაცები მიკეთებია. ხან დისტრიბუციაში ვმუშაობდი, თუმცა, მაშინ დისტრიბუტორს მომმარაგებელი ერქვა. ბათუმში ვცხოვრობდი მეუღლესთან ერთად, შვილი იქ შეგვეძინა, თეატრში ვმუშაობდი და პარალელურად, პორტშიც მიმუშავია. არის ასეთი პროფესია, დოკერ-მექანიზატორს ეძახიან პორტში, იგივე მტვირთავი, მეშოკით ხურგზე და „იალა“. ეს საქმეც მიკეთებია. მშენებელობაზეც ვმუშაობდი და სხვაგანაც, სადაც ცოტა ფულს წავაწყდებოდი, რომ ოჯახში მიმეტანა.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ხართ?
– ემოციური ვარ. ალბათ, ისე თეატრში ვერ ვიქნებოდი. ჩვენს პროფესიას სჭირდება ემოციურობა, როლისთვის ეს ძალიან საჭიროა. გულჩვილობას რაც შეეხება, ყოველთვის ვიყავი, მაგრამ სიბერეში ნამეტანი დამემართა, ყველაფერზე ცრემლი მომდის. შეიძლება, რეკლამას ვუყურო და მაშინაც წამომივიდეს. ეტყობა სიბერეს მოაქვს. გუშინ კვარაცხელიას კადრებს ვუყურებდი, გამახსენდა ევროპაზე რომ გავედით და სიხარულით ვტიროდი. როცა მახსენდებიან ადამიანები, ვინც გვერდით აღარა მყავს, მაშინაც რთულია ცრემლის შეკავება. როცა ჩემი ახალგაზრდობა და ბავშვობა მახსენდება – მაშინაც, რადგან ვიცი, რომ ის წლები აღარასოდეს განმეორდება. მე კომუნისტების დროს დავიბადე, ხალხი რომ ბნელი იყო, როგორც იტყვიან ხოლმე. ბავშვობაც შემერგო და ახალგაზრდობაც. იმას არ ვამბობ, ისინი კარგები იყვნენ-მეთქი, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, ბავშვობა ბავშვობას ჰგავდა, სტუდენტობა – სტუდენტობას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაქვს.
– გიოცნებიათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი ადამიანი?
– სწორი რომ გითხრათ, არასდროს მიოცნებია მაინცდამაინც ცნობილი უნდა ვიყო-მეთქი. ეს თავისთავად მოვიდა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ადრე უფრო ცნობდნენ ჩემი პროფესიის ადამიანებს, უფრო ხშირად იყვნენ ტელევიზორში ხელოვანი ადამიანები. ადამიანს, ალბათ, თავის თავთან აქვს შეჯიბრება. მე შევძლებ ამის გაკეთებას თუ ვერა – ეს არის მთავარი კითხვა და როცა შეძლებს, მერე უკვე სხვა მიზანს ისახავს. თუ ამ საქმეში პოპულარობაც მოდის, მოდის, რას იზამ, მაგრამ სპეციალურად „მეჩალიჩა“ პოპულარობაზე, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. მსოფლიო პოპულარობაზე არც მიფიქრია, რას მომიტანს? მესმის, რომ კარგია, საქართველოში რომ მცნობენ, მაგრამ ახლა რომ ბელგიაში ვიყო ცნობილი, ეს რა შეღავათს მომცემს?! არა, რაც არ მჭირდება, არ მჭირდება. ისიც მაკმაყოფილებს, რომ ჩემი ხალხი მცნობს და პატივს მცემს. ეს ყველაზე მეტად მიხარია.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან და ცხოვრებამ მატყუარა ადამიანების ამოცნობა თუ გასწავლათ?
– ცხოვრებამ და ჩემმა პროფესიამ, ძალიან ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის, ადამიანების შეცნობაც. მატყუარა ადამიანთან საქმის დაჭერა არ არის სასიამოვნო. საერთოდ, ტყუილი რა სასიამოვნოა, მაგრამ ხანდახან გიწევს ადამიანს რაღაცის მოტყუება. ისეთი არ უნდა იყოს, რომ სხვას ავნოს, თორემ თუ რამეს წაიფანტაზიორებს ვინმე, მე მაგალითად, ამაზე თვალს ვხუჭავ. რომ იციან ხოლმე ტრაბახი, „პროკურორი მყავს ძმაკაცი, ჩემი ძმაკაცი მოსამართლეა“ და ასე შემდეგ, იყოს და იტყუოს, ხომ ვხვდები. შეიძლება, იცნობს, თუმცა არანაირი ძმაკაცი არ არის, მაგრამ თქვას, ვის რას უშავებს ამით. თუ ისეთ ტყუილს ამბობს ვინმე, რაც ადამიანისთვის ან საქმისთვის მავნეა, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვარ. ღმერთმა არ მათქმევინოს ასეთი ტყუილი. ადამიანი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება, ნაკლებად მოიტყუოს.
– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ თავს პაემანზე?
– მე ცოლები მყავდა, რომ იცოდეთ. პირველი ცოლი მოვიტაცე, რაის პაემანი, პირდაპირ – მანქანაში და მოვიტაცე. გზაში, დაიწყო, არიქა გაჩერდი, გაჩერდიო. ბიუსტჰალტერში ჩაიდო გასაღები და ჩემები მეუბნებიან, მიდი, ბიჭო, ჩაუყავი ხელიო. ბიჭო, რა ჩავუყო, ვინ ჩამაყოფინებს-მეთქი, ვიძახდი მე და იყო ერთი ამბავი (იცინის).
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?
– ყველაზე მკაცრი შვილთან ვყოფილვარ. სასტიკი არასდროს ვყოფილვარ, არ ზის ეს ჩემში. ადამიანების ჩაგვრა არ მიყვარს. ჩემს შვილთან ხანდახან ახლაც მკაცრი ვარ. ზოგჯერ ისევ პატარა მგონია და მკაცრ შენიშვნებს ვაძლევ ხოლმე (იცინის).
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგიც და ცუდიც, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ.
– მაინცდამაინც არ უტკენიათ გული ჩემთვის. ერთხელ არ მესიამოვნა, გაზეთში დამიწერა ვიღაცამ, ამ ღიპიანი არტისტების ატანა აღარა მაქვსო (იცინის). არ იყო სასიამოვნო, მეწყინა, მაგრამ მერე აღარ მიმიქცევია ყურადღება. კარგი ბევრი მახსენდება, გაცილებით მეტი, ვიდრე ცუდი.
– რისი გაკეთება გიყვართ ყოფითი საქმეებიდან, პროფესიის მიღმა და რისი – არა?
– ყველაზე მეტად ტახტზე კოტრიალი და ტელევიზორის ყურება მიყვარს. მეგობრებში დროის გატარებაზეც არ ვამბობ უარს, ესეც ძალიან მიყვარს. ამ სიბერეში მეგობრები შემითხელდნენ, მაგრამ ვინც დავრჩით, ძალიან გვიყვარს ერთად ყოფნა. არ მიყვარს, როცა წამოწოლილი ვარ და რამის მიტანას მთხოვენ. რა ადგება აქედან-მეთქი, ვფიქრობ ხოლმე (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან