შოუბიზნესი

ბასა ფოცხიშვილი: აღარ ვიტყუები, იმიტომ რომ უკვე ყველამ გამომიჭირა ტყუილში

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 14.11, 2023 წელი

ბასა ფოცხიშვილი
დაკოპირებულია

ბასა ფოცხიშვილის „უცნობი მხარე“ 👇

– ვინ არის ბასა ფოცხიშვილი?

ბასა ფოცხიშვილი: რეჟისორი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– dolce far niente. ეს არის იტალიური გამოთქმა და ნიშნავს – ტკბილი, სასიამოვნო არაფრის კეთება.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– სიძულვილით არაფერი მძულს. არ არსებობს საქმე, რომელიც ჩემგან სიძულვილს იმსახურებს. ყველა საქმე დასაფასებელია და ვფიქრობ, ადამიანს არანაირი საქმის კეთება არ უნდა ეთაკილებოდეს. იმიტომ რომ საქმე თავისთავად კეთილშობილური რამ არის.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ალბათ, ვარ, არ ვიცი. ფიცხი ვარ, მაგრამ იმწამსვე ვპატიობ. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები მეცოდებიან და ამ მხრივ, ალბათ, გულჩვილი ვარ. თუმცა, გულჩვილს ვერ ვიტყვი, არასწორი სიტყვა იქნება ჩემ მიმართ, ალბათ, უფრო გულისხმიერი ვარ.

– იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, საქმისთვის დასვენებასაც რომ ივიწყებენ და ძილსაც?

– რა თქმა უნდა. ეს არის ჩვეულებრივი პროფესიონალიზმი. საქმე არის პირველი და მერეა ყველაფერი დანარჩენი. როცა საქმე გაქვს, იქ დაღლა და დასვენება გამორიცხულია. საქმეს არ უნდა დააკლდეს არაფერი.

– ამ დამოკიდებულებით საკუთარ თავს და ჯანმრთელობას არ ვნებთ?

– კი, ამით ვვნებ საკუთარ თავს და ვვნებ, ასევე, ჩემს ახლობლებს. იმიტომ რომ მათ ვერ ვაქცევ ისეთ ყურადღებას, როგორსაც იმსახურებენ. ჩემ გარშემო მყოფ ყველა ადამიანს ვგულისხმობ. ასეა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში, საქმე საშუალოდ გაკეთებული გამოდის და საშუალოდ გაკეთებული არაფერი მიყვარს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად, რასაც სინანული უკავშირდება?

– ერთხელ ძალიან დამაგვიანდა და ჯარი ვალოდინე 40 წუთი. ეს მღრღნის და მაწუხებს დღემდე. საერთოდ, მობილიზებული ადამიანი არ ვარ, მაგრამ ჯართან ასეთი რამ არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მაშინვე ძალიან დიდი ბოდიში მოვიხადე.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– კი, ერთხელ შოკოლადი მოვიპარე. სამი დღე აეროპორტში ვიყავი, გზაში გავიჭედე და არაფერი არ მქონდა ნაჭამი. გვერდით მყოფ ქალს, დიდ, გახსნილ ჩანთაში შოკოლადი ედო. ერთი ცალი ავიღე და შევჭამე. ეძინა. დაველოდე, სანამ გაიღვიძებდა და ვუთხარი, უკაცრავად, თქვენგან ერთი ცალი შოკოლადი ავიღე-მეთქი.

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– რა ვიცი, ჩვეულებრივი. თუ კულტურული ტყუილია, კარგი დამოკიდებულება მაქვს (იცინის). მე თვითონ მარტივად ვერ ვხვდები, როცა მატყუებენ, ალბათ, იმიტომ რომ ადამიანების მჯერა. ჩემ მიერ ნათქვამი ტყუილი მხოლოდ ერთ საქმეს შეეხება და ამას ახლა ვერ ვიტყვი (იცინის). ზოგადად, არ ვიტყუები. აღარ ვიტყუები, იმიტომ რომ უკვე ყველამ გამომიჭირა ტყუილში (იცინის). ჩემი ტყუილები, ძირითადად, დაგვიანებებს შეეხებოდა. ახლა უკვე ყველამ იცის ჩემი მიზეზები და აღარ ვამბობ, რომ ლიფტში გავიჭედე ან რამე მსგავსი (იცინის).

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– მუშაობის დროს, ხანდახან, ვარ ხოლმე დაუნდობელი და მერე ვნანობ. ეს, ძირითადად, ხმამაღალ ლაპარაკში გამოიხატება.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?

– გამარჯვებად რაც მიმაჩნია, იმას არ ვიტყვი, იმიტომ რომ კულტურული ადამიანი ვარ და ჩემი აზრით, არ შეიძლება თქვა, რომ რაღაც გამარჯვება იყო. არც მარცხს გავიხსენებ, იმიტომ რომ საერთოდ, ასეთი რამეები უნდა გადაატარო. ყველას ცხოვრებაში არის მარცხიც და გამარჯვებაც. ვინაიდან სპორტის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და ვერკვევი კიდეც მასში, ვიტყოდი, რომ ხან მარცხია, ხან გამარჯვება. ის მარცხიც ღირსეულად უნდა გამოიარო და შემდეგ დაივიწყო. მარცხის შემთხვევაში, აზარტი არის ის, რაც მეხმარება გზის გაგრძელებაში.

– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე როგორც კარგი, ისე ცუდი?

– კარგს ხშირად ვისმენ. ბოლოს, მაგალითად, დილით სახლიდან რომ გამოვედი, ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი შემხვდა, გამომელაპარაკა და მითხრა, მომწონხართ და მიყვარხართო. ცუდს საერთოდ არ ვიმახსოვრებ. კარგი იმდენია, რომ ცუდის დამახსოვრებით რატომ უნდა დავინაგვიანო მეხსიერება.

– ბოლოს რა გააკეთეთ ცხოვრებაში პირველად?

– ფრანგულის სწავლა დავიწყე, რაც ადრე არასდროს გამიკეთებია. თავიდან პედაგოგთან დავიწყე სწავლა. ახლა, ვინაიდან დრო არ მაქვს, ჩემით ვაგრძელებ. არ მიჭირს, რადგან ენებს ბავშვობიდან ადვილად ვითვისებ.

– სახლის საქმეებიდან რას აკეთებთ სიამოვნებით?

– სიამოვნებით ყოფით საქმეებს არ ვაკეთებ, არ მიყვარს. მაგრამ მიყვარს ფიზიკური შრომა, ამ დროს ტვინი ისვენებს და ამიტომ სახლშიც ვშრომობ ფიზიკურად. ამას კიდევ ერთი მიზეზი აქვს, ძალიან მიყვარს იდეალური სისუფთავე და ამიტომ დალაგებაც მიწევს, წმენდაც და რეცხვაც.

– რომ გაიგოთ, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, ეტყოდით სიმართლეს?

– ჩემზე თუ გაიგებენ, მინდა, რომ მითხრან (იცინის). ისე კი, არ ვიცი, სხვას ვეტყოდი თუ არა.

– რისი შიში გაქვთ?

– შიში მეც მაქვს, ალბათ, როგორც ყველა ადამიანს. ქირურგიული ჩარევების შიში მაქვს. ექიმების უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად, ქირურგიული ჩარევა ნამდვილად არასასურველია. ამ დარგში მშიშარა ვარ.

– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?

– თაგვს რომ ვხედავ, მეშინია (იცინის). ამ დროს უმართავი ვხვდები, მაგრამ მაინც კულტურის ფარგლებში... არა, თაგვის დანახვის დროს კულტურას ვკარგავ (იცინის). თუმცა, ადამიანმა ყველაფრის მიუხედავად უნდა აკონტროლოს თავი, კულტურა ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, არის?

– მეგობრები და ოჯახი.

– საკუთარი თავით?

– არა, საკუთარი თავით რატომ უნდა ვიამაყო?! მე არ მიმაჩნია, რომ საამაყო მაქვს საკუთარი თავით. საკუთარი თავით შეიძლება, ვიამაყო იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი მეგობრები და ოჯახი მყავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული