ბარბარა სამხარაძე: რომ გავბრაზდები, შეიძლება, გარშემო ყველაფერი განადგურდეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 30.06

ბარბარა სამხარაძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ბარბარა სამხარაძე?
ბარბარა სამხარაძე: ბევრისთვის ნაცნობი და ბევრისთვის უცნობი ადამიანი. რამდენადაც მიცნობენ, იმდენად არ იციან, როგორი ვარ რეალურად. არ ვარ პროგნოზირებადი ადამიანი. ხან ძალიან მხიარული ვარ, ხან ძალიან სევდიანი. ნამდვილად მაქვს ხასიათი, რომლითაც ხალხი მიცნობს – თბილი, მოსიყვარულე, როგორც თვითონ მახასიათებენ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ასეთი არ ვარ.
– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?
– ჩემი საოცნებო ცხოვრება იტალიაში წარმომიდგენია. ძალიან მიყვარს იტალია, მათი კულტურა. იტალიის პატარა სოფელში ყოფნაც საკმარისი მგონია ჩემი ოცნების ასასრულებლად. ასევე, ძალიან მინდა „გრემი“ მოვიგო და ვიყო პირველი ქართველი, რომელიც გაარღვევს საზღვრებს კიდევ უფრო დიდი მიზნებისკენ.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხარ?
– თავიდან ბოლომდე ემოცია ვარ. ერთი შეხედვით, გულჩვილი ნაკლებად ვჩანვარ, მაგრამ ვარ.
– ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგო, რას გააკეთებდი?
– ალბათ, დავაბანდებდი მუსიკალური მიმართულებით. ჩემს სტუდიას გავაკეთებდი კარგად, ტექნიკურად გავმართავდი, რომ ჩემს თავზე ბევრი მემუშავა. მოკლედ, რომ ვთქვა, ჩემს თავში დავაბანდებდი. მერე მიღებული შედეგით ბევრ ჩემს მიზანს განვახორციელებდი.
– გიოცნებია, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავი ძალიან პოპულარული და წარმატებული?
– კი, ეს ძალიან მინდა, მაგრამ მთავარია, ჩემი პროფესიით ვიყო ძალიან წარმატებული. ახლა „ტიკ-ტოკის“ ეპოქაა, ინტერნეტპლატფორმების მეშვეობით შეიძლება, უამრავი მიზეზით გახდე პოპულარული, რაც არაპროგნოზირებადია. მე ეს არ მინდა, მინდა, ჩემი კარგი სიმღერით გავითქვა სახელი მთელ მსოფლიოში.
– წარსულიდან რა მიგაჩნია შენს მცდარ ნაბიჯად?
– ამ ეტაპისთვის ასეთი არაფერი მახსენდება. თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადამიდგამს, აქამდე მოსვლაში დამეხმარა.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენია...
– ცოტა ხნის წინ, ანუ, მას შემდეგ, რაც წონაში დავიკელი, მე და ჩემი და ვიყავით სადღაც. ჩემი და იცნეს, შენ ხომ ბარბარა სამხარაძის და ხარო? მერე მე შემომხედეს და შენ ხარ, ხო, ბარბარაო? შენი დით გიცანითო, მითხრეს (იცინის). იმდენად შვიცვალე, რომ სახელი და გვარი თუ არ ვთქვი, ხალხს უჭირს ჩემი ცნობა და დაჯერება, რომ ნამდვილად მე ვარ (იცინის). ეს არც ისე სასიამოვნოა, თუმცა, რაღაც მხრივ, ესეც კარგია, ყველაფერს თავისი დრო აქვს (იცინის). ასეთსაც მიმეჩვევიან.
ერთხელ კიდევ, ერთმა ქალბატონმა ძალიან ბევრი კომპლიმენტი მითხრა და ბოლოს დააყოლა, ჩემს შვილსაც ძალიან უყვარხარ, მარიამო (იცინის).
– ოდესმე რამე მოგიპარავს?
– იმათთანაც კი არ მიმეგობრია ბავშვობაში, თუნდაც ხილს რომ იპარავდა. ჩემს საკუთარ ეზოშიც კი, ხილს რომ ვწყვეტდი, ვკითხულობდი, შეიძლება თუ არა-მეთქი?! (იცინის). ახლაც, ბაღში რომ გავდივარ, ვამბობ, წავედი, ვაშლი უნდა ვჭამო, თითქოს, ნებართვას ვიღებ (იცინის).
– როგორი დამოკიდებულება გაქვს ტყუილთან და თუ ისწავლე მატყუარა ადამიანების ამოცნობა?
– მატყუარა ადამიანების ამოცნობა მე კი არა, ამქვეყნად არავინ არ იცის, იმდენად ოსტატურად ინიღბებიან. ტყუილი არის ის, რაც მანგრევს. როცა მატყუებენ და ამას ვხვდები, ძალიან მიჭირს გადატანა. ძალიან რთული გადასატანია, რომ ადამიანს, რომელიც, თურმე, გატყუებდა, შენ გარკვეული დრო და რესურსი დაახარჯე. განა ის, რომ მან როგორ მოგატუა? არა! შენ როგორ ვერ მიხვდი? მსხვერპლის როლი ზუსტად ეს არის, საკუთარი თავი გგონია დამნაშავე ამაში. ძალიან ცუდი მომენტია. ტყუილი დამანგრეველია.
– მის გარეშე ცხოვრებას ახერხებ?
– ცხოვრებაში არაფერი მომიტყუებია. პირდაპირ სახეზე მაწერია, რომ ვიტყუები და თუ ადამიანს მხედველობა აქვს, შანსი არ არის მე ის მოვატყუო, თავისუფლად მიხვდება, რომ ვატყუებ (იცინის). არც დამჭირვებია და არც დამჭირდება – ეს ზუსტად ვიცი.
– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენია თავს პაემანზე?
– ბიჭს სხვა სახელი დავუძახე (იცინის). არავისში შემშლია, უბრალოდ, მის სახელს ერითმებოდა და უცებ რითმაში ჩავსვი (იცინის). როცა კონტაქტი მაქვს, დღემდე იმ სახელს ეძახის თავის თავს (იცინის).
– როდის ყოფილხარ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?
– მე სულ სასტიკი ვარ, როცა სიტუაციას სჭირდება (იცინის). საერთოდ, ხომ იცით, წყნარ ადამიანებს ყველაზე საშინელი გაბრაზება და შურისძიების მეთოდები ახასიათებს. ნურავინ გამოცდის, თორემ ფანტაზია, რომელიც იმწუთას ირთვება, სევდის მომგვრელია, წარმოდგენის დონეზეც კი (იცინის). მარტივად არ ვბრაზდები, არც მახსოვს ჩემი გაბრაზება, მაგრამ რომ გავბრაზდები, შეიძლება, გარშემო ყველაფერი განადგურდეს. ის კადრები ხომ ვიცით, კომეტები რომ ცვივა და გარშემო ყველაფერს ანადგურებს, შეიძლება, ასეთი კატასტროფა მოხდეს. ვგრძნობ, რომ ასე იქნება (იცინის). თუ გავბრაზდი, იქ ყველაფერს დიდი წერტილი დაესმება, არ აქვს მნიშვნელობა, რაც უნდა ყოფილიყო მანამდე, დასრულდება.
– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება დარბაზში მისვლაა. ყოველთვის მეგონა, რომ იქ ყველა სხვანაირად დამიწყებდა ყურებას, ყველაზე დიდი მე ვიქნებოდი. ვფიქრობდი, მოდი, ჯერ დავიკლებ და მერე მივალ დარბაზში, რომ განსხვავებული არ ვყოფილიყავი. სულ მეგონა, რომ იქ მხოლოდ ნავარჯიშები ადამიანები დადიოდნენ. საერთოდ ვერ ვფიქრობდი, რომ მათ შეიძლება, გარკვეული გზა ჰქონდათ გავლილი, სანამ ამ ფორმას მიაღწევდნენ. ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემს თავზე ყველაზე დიდ გამარჯებად მივიჩნევ, რომლის შედეგსაც კარგად ვხედავ.
რაც შეეხება მარცხს, საბედნიეროდ, არ მახსენდება საკუთარ თავთან განცდილი დიდი მარცხი.
– რა მოგისმენია საკუთარ თავზე, რაც ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა და ცუდი, რამაც გული გატკინა?
– კარგს ხშირად ვისმენ, ყოველდღიურად. როცა ახალ ნამუშევარს ვტვირთავ, ყველაზე მეტად მიხარია, როცა ასაკოვანი ქალბატონები მიწერენ, შენ გენაცვალე, ბებოო. ასაკი და ცხოვრებისეული სირთულეები გტეხს, დარდიანს გხდის და ასეთი ადამიანები რომ მწერენ, შენმა სიმღერამ გამამხიარულა, გული მაპოვნინაო, ყველაზე მეტად ეს მსიამოვნებს.
რაც არ მსიამოვნებს, ისაა, რომ ჩემს ვიზუალურ ცვლილებას პიროვნების ცვლილებას უკავშირებენ. ახლა თავში აუვარდება და ასე შემდეგ, მსგავს რამეებს ამბობენ ხოლმე. თითქოს, წონა მამძიმებდა და ამიტომ არ მივარდებოდა თავში აქამდე (იცინის). ეს საწყენია, ადამიანი მხოლოდ წონაა და მეტი არაფერი?!
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადე და რამის ფობია თუ გაქვს?
– ერთხელ, მახსოვს, ბელგიაში ვიყავი, კორიდორში მივდიოდი მარტო, სადაც ფეხის სენსორზე იყო განათება. რომ გვაიარე, შუქი უცებ ჩაქრა და იმდენად შემეშინდა, რომ როცა შუქი აინთო კიდევ უფრო შევცბი და შევშინდი. სიბნელე, უცხო გარემო, თან მარტო, მოკლედ საშინელება იყო (იცინის).
ბევრი ხალხის მეშინია, მგონია, რომ რაღაც ცუდი მოხდება.
– თუ კონცერტია?
– კულისები და სცენა მაინც მოშორებულია ბევრი ხალხისგან. შინაგანი შიში მაინც მაქვს, მაგრამ დაძლევადია. არ ვაძლევ საშუალებას, ჩემზე გაიმარჯვოს. უფრო უშუალოდ ბევრ ხალხში მარტო ყოფნის მეშინია. სცენაზე მოშორებით ვარ, თან იქ მარტო არ ვარ, სხვებიც არიან და ეს ანეიტრალებს ჩემს შიშს. როცა არავინაა გვერდით, არავინ მესაუბრება და ბევრი ხალხში აღმოვჩნდები, ამის წარმოდგენაც არ მინდა. რთულია, მაგრამ დაძლევადია. გინდა, არ გინდა, გიწევს ცხოვრებასთან ჭიდილი და ვაკონტროლებ. არ ვაძლევ უფლებას, რომ მე მაკონტროლოს.
– რით ამაყობ ყველაზე მეტად?
– იმედია, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვამაყობ იმით, ვინც ვარ. მე რომ ახლა პატარა ვიყო და სოფელში ვცხოვრობდე ისე, როგორც ადრე, ჩემი ახლანდელი თავი მომეწონებოდა, მენდომებოდა ასეთი ვყოფილიყავი. ვეტყოდი ჩემს პატარა თავს, შენც შეგიძლია, სოფლიდან გახდე „ვიღაც“. ვამაყობ, რომ იქიდან აქამდე მოვედი. სირბილით თუ ფორთხვით, მთავარია, ხომ მოვედი, ამიტომაც ვამაყობ. ვცდილობ, სხვებსაც დავანახვო, რომ ყველას შეუძლია იმავეს გაკეთება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან