შოუბიზნესი

ანუნა მდივნიშვილი: ძალიან რთულია ოჯახის გარეშე ყოფნა, დუდას ამისთვის ცალკე ჯილდო ეკუთვნის

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 24.07

ანუნა მდივნიშვილი
დაკოპირებულია

ანუნა მდივნიშვილი და დუდა სანაძე მეორე შვილის მშობლები გახდნენ. პატარა ნინა სამყაროს ნინოობას მოევლინა.

ანუნა მდივნიშვილი: საბედნიეროდ, ღმერთის წყალობით, ყველაფერმა მშვიდად და გეგმის მიხედვით ჩაიარა და ჩვენი გოგონა ნინოობას დაიბადა. ბავშვის სახელი – ნინა დიდი ხნით ადრე მოვიფიქრეთ, მაგრამ რადგან საკეისროს ვიკეთებდი და თარიღის შერჩევა შეგვეძლო, ამ დღეს დავამთხვიეთ. ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყო.

რაც მთავარია, დუდა აქ იყო. ჩვენი პირველი შვილი რომ დაიბადა, მაშინ ვერ შეძლო ჩამოსვლა მშობიარობის დღეს და მეორე დღეს ჩამოვიდა. ამჯერად ღამე ჩამოვიდა და დილით სამშობიაროში წავედით. ნინა დაიბადა თუ არა, მამას დააწვინეს გულზე და აქედან გამომდინარე, ეს მისთვის კიდევ უფრო განსხვავებული ემოციები იყო. დაესწრო ჩვენი შვილის დაბადებას და ბოლომდე შეიგრძნო ეს ემოციები, თან ძალიან მშვიდად იყო. პირველის შემთხვევაში, დუდას უკვე დაბადებული დახვდა ბავშვი, თუმცა, რა თქმა უნდა, იმასაც თავისი განსაკუთრებული ემოციები ჰქონდა.

– საკეისროსთან დაკავშირებით როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება?

– გიორგიზე დამჭირდა საკეისრო. ბოლო მომენტში ისე ამოტრიალდა, რომ საჭირო გახდა. თითქოს, ისე გამოვიდა, რომ ორივე ეტაპი გავიარე. ბუნებრივად ვმშობიარობდი და მერე უცებ საკეისრო გადაწყდა. მანამდე ყველაფერი მარტივად და კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ისეთები გააკეთა, მუცლიდანვე ეტყობოდა როგორი ცელქიც იყო (იცინის). ორი წელია გასული მისი დაბადებიდან და ამიტომ ისევ საკეისრო იყო საჭირო. ზოგადად, ბუნებრივი მშობიარობის მომხრე ვარ, სიამოვნებით ვიმშობიარებდი, მაგრამ რას ვიზამთ, ასე გამოვიდა.

– როგორ მიიღო უფროსმა პატარას დაბადება?

– ვცდილობდით, შეგვემზადებინა. წინასწარ ბევრს ველაპარაკებოდით და თვითონაც სიხარულით ელოდა. ამბობდა, დაიკო რომ მოვა, მოვეფერებიო. მართლა ძალიან თბილად დახვდა, მაგრამ, ალბათ, ყველა პირველი ბავშვისთვის რთულია, როცა მანამდე მთელი ყურადღება მისკენაა მიმართული, მერე კი მეორე პატარა ჩნდება და მასაც დიდ ყურადღებას უთმობენ. რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ბავშვი, ეს მაინც მოახდენს გავლენას. პირველი ორი დღე ცოტა არეული იყო, გაუჭირდა ემოციების დალაგება, მაგრამ რაც მთავარია, არ ერჩის. განსაკუთრებით მეშინოდა, ძუძუს ჭამის დროს რომ დაინახავს, მწვავე რეაქცია არ ჰქონდეს-მეთქი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. უბრალოდ, უნდა აკოცოს, ხანდახან ცოტა ძლიერად მოსდის, ხან პატარას ეტლში უნდა ჩაწოლა, ხან – მისი საწოვარა და ასე შემდეგ, სხვა მხრივ, ყველაფერი კარგადაა. დუდას აქვს ამ პროცესში ძალიან დიდი როლი და მისი დამსახურებით, უფრო მარტივად გადაგვაქვს. მე უფრო რთულად წარმომედგინა. დუდასთან იმდენად კარგად ერთობა მთელი დღე, რომ ყველაფერს მარტივად ვაგორებთ.

– საქართველოში დიდი ხნით დარჩებით?

– ზაფხულს აქ გავატარებთ. ზუსტად არ ვიცი, სექტემბრიდან სად წავალთ, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, ერთად წავალთ. თავიდან მარტივი არ იქნება. სანამ რუტინას შეეჩვევი, რთულია, მაგრამ ერთად დავლაგდებით. რაც პირველი შვილი შეგვეძინა, მას შემდეგ მე, ძირითადად, საქართველოში ვარ, დუდა დადის მარტო. მაგრამ, ახლა უკვე ერთად მოგვიწევს წასვლა.

ზოგი მეორე შვილის დაბადების შემდეგ უფრო ქაოტურ მდგომარეობაშია, მე – პირიქით, ძალიან მშვიდად ვარ, ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვიც ძალიან მშვიდია. ჭამს და სძინავს, მართლა ვერ გაიგებ, სახლში პატარა თუა. აქედან გამომდინარე, სტრესსა და დაძაბულობას საერთოდ არ განვიცდი. პირიქით, ვირგებ ამ ყველაფერს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ამ პერიოდში უძილობა ყველას აქვს, ახალშობილს სჭირდება ხშირად გაღვიძება, მაგრამ რადგან არ ტირის, ესეც მშვიდად გადაგვაქვს. ამიტომ, როცა ყველას ერთად მოგვიწევს წასვლა, ვფიქრობ, რომ არ გაგვიჭირდება. დუდას დიდი იმედი მაქვს. ბავშვებთან მიმართებაში ძალიან აქტიურია. გიორგის საჭიროებები თავიდან ბოლომდე თავის თავზე აქვს აღებული, თან, ძალიან კარგად ართობს და როცა აქ არის, ძალიან მეიმედება. თუ დამატებით დამჭირდება დახმარება, თუნდაც სახლის საქმეში, ალბათ, ამასაც მოვაგვარებთ.

– დასვენებას როგორ გეგმავთ?

– დუდა რომ ჩამოდის, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მალე სადღაც უნდა წავიდეს. ამჯერადაც ასეა და იმედია, გადამივლის ეს ფიქრები. ივლისის ბოლომდე არსად არ უწევს წასვლა და მინდა, მისი აქ ყოფნა შევირგო. ჯერ კონკრეტული არაფერი დაგვიგეგმავს, ალბათ, ნინა ერთი თვის რომ გახდება, მერე გავალთ ქალაქგარეთ. ოჯახთან ერთად, დუდასაც სჭირდება დასვენება. მართლა ძალიან რთულია ოჯახის გარეშე ყოფნა, არ ვიცი, როგორ გაძლო, ამისთვის ცალკე ჯილდო ეკუთვნის. როგორია მარტო ყოფნა, როცა სახლში ცოლი, შვილი, ოჯახი გეგულება და მეორე შვილს ელოდები. თქვა კიდეც, დამთავრდა, გამორიცხულია, მარტო აღარსად წავალო. აგვისტოში უკვე ევროპის ჩემპიონატი იწყება და ალბათ, ყველა ერთად წავალთ ბიჭების საგულშემატკივროდ.

– ნინა ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ ჰგვანან ერთმანეთს და-ძმა?

– ამას უკვე ეტყობა, რომ გოგოა. ძალიან ნაზია, სიფრიფანა. განსაკუთრებით გვინდოდა გოგო. დუდას ორი ძმა ჰყავს და ყველას ძალიან უნდოდა, გოგო გვყოლოდა. სანამ არ დაიბადა, არ სჯეროდათ რომ გოგო იყო (იცინის). მე კი მყავს ორი და, მაგრამ ჩემს დას სამი ბიჭი ჰყავს, მეც – უფროსი ბიჭი და დედაჩემიც გოგო შვილიშვილს ნატრობდა. მოკლედ, გოგო ყველას ძალიან გვინდოდა. რაზეა ლაპარაკი, სქესს არ ვარჩევთ, მაგრამ ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გაგვახარა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან პატარაა, უკვე ეტყობა, რომ გოგოა (იცინის). ძალიან ნაზი და მშვიდია. სხვათა შორის, მე ვყოფილვარ ასე. დედაჩემი მეუბნება, წლამდე ისეთი წყნარი იყავი და მერე ძალიან „აუშვიო“ (იცინის). ამ ეტაპზე მიხარია, რომ ესეც მშვიდია და მერე თუ გაცელქდება, არაუშავს, მე მიყვარს ცელქი ბავშვები. გიორგი ზეცელქია, ამის იქით სიცელქე არ არსებობს (იცინის). მაგრამ თან ძალიან საყვარელია. დუდაც ძალიან ცელქი ყოფილა, თან, ძალიან მავნე და გიორგის ორივეს თვისებები აქვს აღებული. თან, ძალიან მხიარული და მუსიკალურია და სახლში ყოველთვის კარგ განწყობას ქმნის. ოჯახში სულ სიმღერასა და ცეკვაში ვართ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა