შოუბიზნესი

ანნა იმედაშვილი: როგორც ფსიქოლოგს, მჯერა ფროიდისტული თეორიის, ბიჭი შვილი დედის მიხედვით არჩევს მეუღლეს

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 01.09, 2021 წელი

ანნა იმედაშვილი
დაკოპირებულია

ტელეწამყვანი ანნა იმედაშვილი მეორე შვილის დაბადების შემდეგ ისე სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულ და იმავდროულად, არაჩვეულებრივ ფორმას, რომ ქალბატონები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ყველა ინტერესდება, რისი დამსახურებაა ეს.

ანნა იმედაშვილი: ჩვეულ ფორმაში დაბრუნება ახლა უფრო გამიადვილდა, ვიდრე პირველი მშობიარობის შემდეგ, იმიტომ, რომ პეტრე საკეისროთი გავაჩინე, დანიელი – ფიზიოლოგიურით. ორ დღეში მართლა ჩიტივით ვიყავი. ძალიან მალე ჩავდექი ფორმაში და ენერგიაც მქონდა. ვარჯიში ჩემი ცხოვრების ნაწილია და ფეხმძიმობის პირველი პერიოდშიც ვაგრძელებდი, მაგრამ მერე ამ ჩაკეტვების გამო ისე დავითრგუნე, ვარჯიშიც შევწყვიტე, მაგრამ ენერგია მქონდა მოზღვავებული და ძალიან ბევრს დავდიოდი ფეხით სახლთან ახლოს. ვარჯიში მშობიარობის შემდეგაც არ დამიწყია მაშინვე, გამოვიდა, რომ თავისთავად დავუბრუნდი ძველ ფორმას.

– ბავშვიც დაგეხმარებოდა ამაში, ორივე ერთად მოდუნების საშუალებას ნამდვილად არ მოგცემდნენ.

– პეტრე თავიდან ბოლომდე მე გავზარდე. დანიელთან დედაჩემი მეხმარება. ის რომ გაჩნდა, ბევრად მეტ ყურადღებას პეტრეს ვუთმობდი, რადგან ვფიქრობ, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია უფროსი შვილის მიმართ ყურადღების გამოჩენა. ვხუმრობდი, დანიელი ვერც ხვდება, მე ვინ ვარ, ღამის ძიძა ვგონივარ-მეთქი, ძირითადად, ღამე ვიყავი მასთან ერთად. დედა ახლაც ძალიან მეხმარება, ასე რომ, ვერ დავიწუწუნებ ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ-მეთქი. საერთო ჯამში, გენეტიკის მადლიერი ვარ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეკითხება, როგორ მოახერხე ასეთი ფორმის დაბრუნებაო, მე ხომ ვიცნობ ჩემს სხეულს და ვხედავ, რომ ისეთი აღარ არის, როგორიც ათი წლის წინ იყო. ასაკიც თავის როლს თამაშობს და ფორმები მშობიარობების შემდეგაც იცვლება. თუმცა, მე დღეს ჩემი ასეთი სხეულიც ძალიან მომწონს. შესაძლოა, ტრაფარეტულად ჟღერდეს, მაგრამ ამ სხეულმა ატარა ჩემი ორი შვილი და ამიტომ არ ვღელავ იმის გამო, რომ ისეთი აღარ ვარ, როგორიც მანამდე ვიყავი.

– ორ შვილზე ზრუნვასთან ერთად, საკუთარი თავისთვის თუ გრჩება დრო? თან, პანდემიის გამო, გარეთ გასვლის და გაპრანჭვის მიზეზები ძალიან შემცირდა.

– ასეა, პანდემიის გამო გაპრანჭვის მიზეზები აღარაა. მეიქაფი ბოლოს როდის გავიკეთე, მართლა არ მახსოვს. თუმცა, ზაფხულში მაკიაჟს ისედაც ნაკლებად ვიყენებ ხოლმე. პეტრეზე მარტო რომ ვიყავი, ელემენტარული ჰიგიენისთვისაც მიჭირდა დროის პოვნა, მაგრამ ესეც ძალიან სასიამოვნო იყო. კარგად მქონდა გააზრებული ყველაფერი და გულწრფელად ვამბობ, ყველანაირი რუტინა ბედნიერებას მანიჭებდა. დანიელზე კიდევ უფრო გააზრებული მქონდა ეს ბედნიერება. ყველაზე მეტად მიყვარს ჩვილი ბავშვის ასაკი, მთლიანად დედაზე რომ არის მოწებებული. მაგ დროს ყველაზე მეტად ჭირვეულები არიან, მაგრამ დანიელზე იმდენად გააზრებული მქონდა, რომ ეს ასაკი ძალიან სწრაფად გადის, ვცდილობდი, ყველა წუთით მესიამოვნა. როცა ასე ფიქრობ, დრო ძალიან სწრაფად გადის და თუ დრამებს დგამ – რა რთულია, ღამე უნდა გავათენოო, მაშინ ძალიან გაიწელება. ამ დროს დედა ძალიან ისტრესება, რაც ბავშვზეც გადადის და ჯაჭვური რეაქცია იწყება, რაც აღარასდროს მთავრდება. ამიტომ, თუ ეცდები, ყველა წამი შეიგრძნო და იფიქრო იმაზე, რომ შენი შვილი ძალიან მალე გაიზრდება და ეს დრო მოგენატრება, ყველაფერი სხვანაირად წავა. მე უკვე მენატრება ის დრო, თან, დანიელი ისეთი მოძრავია, სამი თვის უკვე ითხოვდა, გამიშვითო (იცინის). რაც შეეხება თავის მოვლას, საკუთარ სახლში ვცხოვრობთ და ეზოში აუზი გვაქვს. ეს ძალიან კარგია. ზაფხული იმიტომაც მიყვარს, რომ რუჯი და სიხალვათე მგონია ყველაზე ლამაზი სამკაული, რომელიც ქალს ძალიან უხდება. ეს სავსებით მაკმაყოფილებს. ვარჯიშით, მანამდეც, პეტრეს დაძინების მერე ვვარჯიშობდით მე და დათო და ახლაც ასე ვიქცევით.

– დათო ხომ არ წუწუნებს, იმდენ დროს აღარ მითმობ, რამდენსაც ადრეო?

– პეტრესა და დანიელს შორის კარგი შუალედია და ახლა პეტრეც ისე უვლის დანიელს ჩვენთან ერთად, რომ ვუყურებ, გული მიჩუყდება. ამ შუალედის გამოც უფრო მარტივი აღმოჩნდა ყველაფერი. დათოს არ დაუჩივლია უყურადღებობის გამო, ერთადერთი, რასაც აპროტესტებს მესამე ბავშვია (იცინის). ცოდო ვარო, მეუბნება, მე გოგო მინდა, მაგრამ შეკვეთით არ ხდება და ამიტომ სულერთია, ვინ იქნება. პეტრეს და უნდა ძალიან და ზუსტად დღეს მითხრა, კიდევ ხუთი ტყუპი მინდაო. ო, ახლა გაჩერდი, ნამეტანია-მეთქი (იცინის). მეორე შვილის დაბადებამდე შიშები მქონდა. პეტრე მთელი სამყაროა ჩემთვის და ვერ წარმომედგინა, მეორე ბავშვი ასე როგორ შემიყვარდებოდა. იმაზეც ვნერვიულობდი, პეტრესთვის როგორ ამეხსნა ისე, რომ არ ეფიქრა, მე მომაკლდება სიყვარულიო. ჩემმა დაქალმა გამიზიარა საკუთარი გამოცდილება – როცა მეორე ბავშვი ჩნდება სიყვარული კი არ იყოფა, ორმაგდებაო და მართლა ასეა. როცა მეორე შვილი გიჩნდება, ამას მერე ძალიან კარგად ხდები. მე და დათო რომ დავწვებით დასაძინებლად, ვათვალიერებინებ დღის განმავლობაში რა გადავუღე ბავშვებს და ვგიჟდებით ხოლმე, ეს ისეთი ბედნიერებაა. ამიტომაც ვფიქრობ მესამეზე, მაგრამ დათო ცოდოა, ოთხი შვილის მამაა (იცინის). ვამბობ ხოლმე, ყველაფერს თავის დრო აქვს, არასდროს თქვა არასოდეს (იცინის).

– რადგან ორი ბიჭის დედა ხარ, თანაც ასეთ ფორმაში, სოციალურ ქსელში ხშირად მხვდება ხოლმე კომენტარები, ამ გოგოს ბიჭებმა როგორი გოგოები უნდა მოიყვანონ ცოლადო...

– გულს მიკეთებენ (იცინის). საბოლოო ჯამში, მათი გულის სწორი ვინც იქნება, იმასთან ერთად დაიდებენ ბინას. თუმცა, მე როგორც ფსიქოლოგს, მჯერა ფროიდისტული თეორიის, ბიჭი შვილი დედის მიხედვით არჩევს მეუღლეს. საერთოდ, ძალიან ლოიალური ვარ, ყველანაირი ადამიანის მიღება შემიძლია. თუ კომფორტს ვერ შევუქმნი, ვეცდები, ხელი მაინც არ შევუშალო და ალბათ, არ ვიქნები ცუდი დედამთილი (იცინის).

– პეტრე რას ამბობს?

– როცა სულ პატარა იყო, მეუბნებოდა, რომ გავიზრდები, შენ უნდა მოგიყვანო ცოლადო და რომ ავუხსენი, ეგრე არ ხდება-მეთქი, ძალიან გაუკვირდა (იცინის). ბაღში შეყვარებული ჰყავდა და მეუბნებოდა ხოლმე: დედა, იცი, როგორი ლამაზია, შენზე ლამაზი თმა აქვსო, შენზე ლამაზი თვალებიო. პირველად რომ მითხრა, პაუზა მქონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მაგარია, ესე იგი, მაქსიმალურს ითხოვს ცხოვრებისგან (იცინის). რასაც ვხედავ, აქტიური გოგოები მოსწონს, თვითონაც ასეთია და მგონია, რომ მეც ასეთი ვარ.

– ულამაზესი ბავშვია. პეტრე გარეგნულად ძალიან დაგემსგავსა.

– აბა, დათოსთან ორით ნული მოვიგე (იცინის). შეიძლება, ცუდია, ჩემს შვილზე ასე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ მართლა ძალიან კარგი ხასიათი აქვს, გახსნილია, უყვარს ახალი ურთიერთობები, ყველაფრის მიმღეობა და ინტერესი აქვს. თუ ეს თვისებები შეინარჩუნა, მგონია, რომ ცხოვრებისგან მაქსიმალურ ბედნიერებას მიიღებს.

– მომავალსა და ასაკის მატებაზე რომ ფიქრობ, როგორც ქალების უმეტესობას, პანიკა გეწყება?

– ძალიან მომწონს ასაკი რომ მემატება, რაც დროს გადის, მით უფრო ჰარმონიაში მოვდივარ საკუთარ თავთან, მაგრამ ძალიან არ მინდა დაბერება. მინდა, ღრმად მოხუცებულობამდე ვიცოცხლო და ჯანმრთელობა და ახალგაზრდული გარეგნობა შევინარჩუნო (იცინის). ბევრს ვცდილობ ამისთვის, მაგრამ ძილი ვერაფრით დავარეგულირე. ძალიან მიყვარს ღამე და ვერ ვთმობ, ამიტომ ძილის რეჟიმი ვერ მოვიწესრიგე. სხვა მხრივ – იქნება დაბალანსებული კვება, ვარჯიში თუ სხვა რამ – ვცდილობ, ჰარმონიაში ვიყო საკუთარ თავთან, წლებთან და დავტკბე ჩემი შვილებით.

– შენც და დათოც ისეთები ხართ, მგონია, რომ ერთმანეთს მოდუნების უფლებას არ მისცემთ.

– დათოს გვერდით რომ ხარ, არ უნდა ჩამორჩე, არ მოგცემს ამის უფლებას. მასთან თანაცხოვრებამ მეც ასეთი გამხადა. კი, შვილები უნდა იყვნენ ბედნიერები და ამოსავალი ეს არის, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით ბედნიერები, ეს მათზეც ცუდად აისახება. ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვა რამეა, მე მაგალითად, მინდა, რომ სულ ჯანზე ვიყო (იცინის). არ მინდა, მოსაწყენი გავხდე.

– საზაფხულო არდადეგებს როგორ ატარებთ?

– პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ არსად წავალთ და მთელი ზაფხული თბილისში, საკუთარ სახლში ვატარებთ, ამის გამო ტრაგედიას არ ვქმნი. პირიქით, თავი დავაჯერე, რომ ძალიან კარგია. გასართობი სახლშიც ბევრი გვაქვს, მხოლოდ გარემო არ შეგვიცვლია. სხვა რა გზაა. ასე გადაწყდა, რადგან მე მეშინია. შარშან ასე არ მეშინოდა, მაგრამ რაც დელტა შტამი გავრცელდა და ბავშვები უფრო ავადდებიან, შევშინდი და არ მიღირს ათდღიანი დასვენება ნერვიულობად. მოკლედ, ასე გადავწყვიტეთ და გულწრფელად ვამბობ, სახლშიც ძალიან ბედნიერები ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი