შოუბიზნესი

ანი ტყებუჩავა: თუ შვილები გყავს და საკუთარ თავზეც ზრუნავ, ეს ეგოიზმი არ არის

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 17.08, 2022 წელი

ანი ტყებუჩავა
დაკოპირებულია

მსახიობ ანი ტყებუჩავას საზაფხულო არდადეგებსა და დასვენებაზე ვესაუბრეთ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბედის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, გვერდი ამ თემასაც ვერ ავუარეთ.

ანი ტყებუჩავა: ვცდილობთ, ზაფხულის არდადეგები მეგობრებთან ერთად გავატაროთ როგორც ბავშვებმა, ისე უფროსებმა, რომ მხოლოდ ბავშვების დასვენება არ გამოვიდეს. როცა მთელი წლის ნამუშევარი, დასტრესილი და დაღლილი ხარ, კარგია თუ ჯერ უფროსები დავისვენებთ და მერე ბავშვებს დავასვენებთ.

– თუმცა, როცა შვილები ჩნდებიან, მშობლები მხოლოდ საკუთარი დასვენებისთვის ნაკლებად იცლიან ხოლმე. თქვენ ახერხებთ?

– ნელ-ნელა ყველაფერი მოდის. ჩემი უფროსი შვილი რვა წლის არის და გამოცდილება რაღაცებს გასწავლის. წელს განსაკუთრებულად ხშირად ვამბობ, ჩემი თავის თუ მეგობრების გასაგონად, რომ აღარასდროს ვთქვათ ფრაზა – „ეს ბავშვებიც ცოდოები არიან“ (იცინის). მართლა არ ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები ცოდოები არიან. ჩვენი თაობის ბავშვობა უფრო რთული იყო. ამ ბავშვებს აქვთ ის, რაც ჩვენ არ გვქონდა. უზრუნველი გარემო, ფერადი ტანსაცმელი, დიდი არჩევანი ინტერნეტსივრცეში თუ წიგნებში, გასაფერადებელი, გასართობი თუ საკითხავი. ასე რომ, მოდით, დედებმა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან „ეს ბავშვებიც ცოდოები არიან“. რა თქმა უნდა, უნდა დავასვენოთ, სოფელი თუ გვაქვს, ხომ გადასარევია, თუ არა და, როგორც მოვახერხებთ. მაგრამ სულ იმაზე ფიქრით, სად წავიყვანო ბავშვი, რამდენი დღით და როგორ დავასვენო, თავის დასტრესვა არ არის საჭირო. თუ პატარებს ქრონიკული დაავადებები არ აწუხებთ, აუცილებელი არ არის ზუსტად 21 დღე მთაში და 21 ზღვაზე გაატარებინო. თბილისიდან რომ გახვალ, უკვე ნორმალური ჰაერია და არ არის თავის მოკვლა საჭირო იმაზე დარდით, თუ ყველა კურორტზე ვერ ვახერხებთ მათ წაყვანას. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვის დასასვენებლად წაყვანა არ უნდა იყოს მშობლისთვის ნერვების გამანადგურებელი. შევეცადოთ, რომ შვილები და მათი მოვლა საშინელ გარჯად არ იქცეს და მსხვერპლთან არ ასოცირდებოდეს. როცა ბავშვი ავადობს ან სხვა რთული პერიოდები გვაქვს, ნერვიულობა მაშინაც არ გვაკლია და დამატებით, ამ მიზეზით, აღარ არის საჭირო. კი არავის ვარიგებ, პირველ რიგში, თვითონ ვცდილობ, ასე მოვიქცე (იცინის).

– როგორ გამოდის?

– მეც ხომ დედად არ დავბადებულვარ, ამიტომ რაღაცები გამიჭირდა და ჩემმა თუ სხვისმა გამოცდილებამ მასწავლა. მთავარია, ბავშვებთან ურთიერთობის ხალისი მქონდეს და მათთან ერთად დასვენება ჩემთვისაც არ იყოს სტრესული. მინდა, ამ დროს მეც მივიღო სიამოვნება, მეც დავისვენო. „ოღონდ ბავშვებმა დაისვენონ და ჩემს თავს რას დავეძებ“ – ეს დროც იყო, მაგრამ მივხვდი, რომ არ არის კარგი. ვფიქრობ, რომ შვილებთან ერთად საკუთარ თავზეც უნდა იფიქრო.

ზღვის მომხრე არ ვარ. შეიძლება, ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ არ სჭირდებათ ბავშვებს ხუთვარსკვლავიანი, „ლაქშერი“ სასტურმოები, იმისთვის, რომ ზაფხულში ენერგია დახარჯონ. მთავარია, მშვიდ და დაცულ გარემოში იყვნენ და მაინცდამაინც საჭმელსაც ნუ დავაძალებთ, რადგან მგონია, რომ უჭმელი ქართველი არ არსებობს (იცინის). ახლა კი მშვიდად ვსაუბრობ ამაზე, მაგრამ პირველ რიგში, მე ვებრძვი საკუთარ თავს ამ თემებთან დაკავშირებით. ნურავინ ნუ დაუმტკიცებს სხვებს, რომ იდეალური დედაა. ერთადერთი მიზანი შენი და შენი შვილების სიამოვნებაა, სხვასთან დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს. თუმცა, მე, მაგალითად, ძალიან ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი იმაში, რომ ვცდილობდი, სხვების დასანახადაც ზედმიწევნით კარგი დედა ვყოფილიყავი. დამყავდა ბავშვები ბაკურიანში 21 დღე, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, ვურჩევდი იქ დაბალანსებულ საკვებს და ასე შემდეგ. მე ძალიან მიყვარს ათოსანივით რაღაცების შესრულება. თითქოს მინდა, ამით მერე საკუთარ თავზე ზრუნვის უფლება მოვიპოვო საკუთარივე თავის წინაშე. არადა, ეს პარალელურ რეჟიმშიც შეიძლება და თუ შვილები გყავს და საკუთარ თავზეც ზრუნავ, ეს არ არის ეგოიზმი.

ზოგჯერ ცოტა „ფეთიანი დედაც“ ვარ. თუ დიდხანს არიან წყნარად, რა ხდება, რატომ არიან წყნარად? და თუ ძალიან ცელქობენ, ესეც მაღელვებს (იცინის). თუმცა, ვცდილობ, ჩემი შიშები და განცდები ვმართო. მომავალში თუ ფსიქოლოგთან სიარული დამჭირდება იმისთვის, რომ „ჭიპლარი გადავჭრა“ და შვილი დამოუკიდებლად გავუშვა, ამას აუცილებლად გავაკეთებ (იცინის).

– ნათქვამი გაქვთ, ჩემი სუპერძალაა ის, რომ დედა გურულია, მამა – მეგრელი და არასდროს ვიღლებიო. ყოველთვის ასე გამოდის?

– როგორ არ ვიღლები, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებ, უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ. რაღაცები ძალიანაც მეზარება, მაგალითად, ისე მეზარება, ბავშვები რომ სრიალებენ და მე უნდა ვიდგე და ვუყურო (იცინის). მილიონ საქმეს გავაკეთებ, რამდენიმე კერძს მოვამზადებ, ვეთამაშები, წავიყვან-მოვიყვან, ოღონდ სასრიალოსთან ნუ დამაყენებ დოინჯით (იცინის). არის რაღაცები, რასაც ჩემი ნებისყოფის ზემოთ ვაკეთებ. ესეც საჭიროა, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, თავს დასვენების საშუალება მივცეთ და შვილსაც ვასწავლოთ ეს.

– სერიალთან დაკავშირებითაც მინდა ვისაუბროთ, რადგან კითხვა – რა იქნება, გაგრძელდება თუ არა კიდევ, ძალიან აქტუალურია და იქნებ შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ.

– შეიძლება, რაღაც დროით დაპაუზდეს, ამ პაუზაში ვიღაცები დარჩნენ, ვიღაცები წავიდნენ, მაგრამ სანამ მაყურებელს ენდომება, სანამ ქეთის ექნება იდეები სცენარისთვის და „ფორმულა კრეატივს“ სურვილი, რომ სერიალი ჰქონდეს, იქნება. კრიზისი არის, მაგრამ რომ იცოდეთ, მერამდენე ზაფხულია, როცა არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა... პრობლემები ყოველთვის იყო და მოუძებნიათ გამოსავალი. იმედი მაქვს, ამჯერადაც ასე იქნება. თუმცა, არა მგონია, ეს პრობლემა მალე გადაიჭრას.

– რა მოიტანა ამ სერიალმა?

– ოცნებები ამიხდინა. ყველა მსახიობს, ასეა თუ ისე, უნდა, რომ იყოს ცნობილი, უნდა, რომ უყვარდეთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეშინოდა ამ „ცნობადი სახეობის“, ძალიანაც მეუხერხულებოდა. არ ვამბობ, რომ განსაკუთრებული ამბიციები მაქვს, უბრალოდ, მსახიობობა საჯარო პროფესიაა.

– ცნობადობის შიში რით იყო გამოწვეული?

– თავიდან არავინ იფიქრებდა, რომ სერიალი ამ მასშტაბის იქნებოდა და ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ასე მოხდა. ცნობადი სახეების მიმართ, ცოტა ისეთი წარმოდგენები მქონდა, მაგრამ მე დღესაც ისე დავდივარ, როგორც აქამდე (იცინის). არ გამომდის ეს ელეგანტური თავაწეული სიარული. სულ თავდახრილი მივიჩქარი სადღაც (იცინის). მეშინოდა, არ „დავგოიმებულიყავი“ და მართლა ყველა შექება არ დამეჯერებინა, რასაც მოვისმენდი. სამწუხაროდ, მინახავს ამის მაგალითები და არ მომწონს. „თავში ავარდნაზეც“ არ არის, მაგრამ ზოგჯერ საზოგადოება რაღაცას მოგაწებებს, ზოგჯერ – კარგს, ზოგჯერ – ცუდს და მერე მართლა გგონია, რომ შენ საუკეთესო ხარ. სერიალი რომ ამდენ ხანს გადის ტელევიზიაში, ამას თავისთავად მოაქვს პოპულარობა, თორემ ძალიან ბევრი უზომოდ ნიჭიერი ადამიანი გვყავს, რომელსაც შეიძლება, ქუჩაში საერთოდ ვერ ვცნობთ, მაგრამ ის ამ დროს მსოფლიო მასშტაბისაა. კი, ვფიქრობდი და ვშიშობდი, ამან არ „გამაფუჭოს“ არ მომადუნოს, როგორც მსახიობი-მეთქი. დღეს რომ ყველა ვარსკვლავია, ამაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. საქართველოში მართლა თითზე ჩამოსათვლელი ვარსკვლავები გვყავს და მათ მართლა ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. მე უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვცდილობ, ხარისხიანი იყოს, რადგან ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, რით გიცნობს ადამიანი.ცნობადობის თუ პოპულარობის მიღმა, მე ერთ ჩვეულებრივ დიასახლისად ვრჩები (იცინის).

– მაყურებლის დამოკიდებულება, ემიგრანტების განსაკუთრებული სიყვარული და საჩუქრებიც გავიხსენოთ.

– მართლა ბევრი ისტორიაა. საჩუქრების გამო ზოგჯერ ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს. ძალიან უხერხულად ვარ, როცა მაგალითად, მანქანის გასაკეთებლად მივდივარ და ფულს არ მართმევენ. სულ ვამბობ, ეს თქვენი სამსახურია, შემოსავლის წყარო და ის, რომ ჩემი დაპატიჟების სურვილი გაქვთ, უკვე ძალიან სასიამოვნოა, ეს ჩემი პროფესიის დაფასებაა და ჩვენ ყველანი ვმუშაობთ გარკვეული ანაზღაურებისთვის, ამიტომ ძალიან ვნერვიულობ, როცა თანხის მიღებაზე უარს მეუბნებიან. ემიგრანტებისგანაც ხშირია საჩუქრები. მახსოვს, ერთი ადამიანი ძალიან დიდხანს წერდა ლევანს და მგონი, ყველას საყვარელი სუნამოს შესახებ გაიგო და სიურპრიზი გაგვიკეთა. დიუსელდორფში ვიყავით ერთხელ მე და ჩემი მეუღლე. გაჩერებაზე ვიდექით ცოტა დაძაბულები და განერვიულებულები, რადგან აპარატმა ბარათები ჩაგვიყლაპა. უცებ მოდის ქალბატონი ძალიან გახარებული და ნახევრად ინგლისურად, ნახევრად ქართულად გამოგველაპარაკა. ვხუმრობდი, ევროპის მასშტაბით ვართ ცნობილი თუ რა ხდება-მეთქი (იცინის). ემიგრანტები სულ გვწერენ, რომ ამ სერიალიდან იგებენ, რა ხდება საქართველოში, მათგან მართლა უამრავი წერილი მოგვდის. ძალიან მიხარებს, მაყურებლის ასეთი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან, სერიალი ისევ გაგრძელდება. რადგან სურვილია, რადგან მაყურებელს უნდა და ითხოვს, შემოთავაზებაც გაჩნდა, ანგარიში გახსენით და თანხას ჩვენ ჩავრიცხავთო, რაზედაც პროდიუსერებმა უარი თქვეს და მესმის რატომაც. თუმცა, როცა სურვილია, მოტივაციაც და იმედიც მეტია, ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ გამოსავალი გამოჩნდება და გაგრძელდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა