შოუბიზნესი

ანი ტყებუჩავა: მახსოვს, როგორ მარცხვენდნენ იმ ასაკში, როცა უკვე ვიპრანჭებოდი

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 18.01, 2021 წელი

ანი ტყებუჩავა
დაკოპირებულია

გასული წელი ,,თბილისელებთან“ მსახიობმა ანი ტყებუჩავამ შეაფასა და 2020-ის პლუსებიც გაგვიმხილა, რაც პირადად მას სტრესული სიტუაციის განტვირთვასა და თავისუფალი დროის პრაქტიკულად გამოყენებაში დაეხმარა. 

ანი ტყებუჩავა: 2020 წელი პირადად ჩემთვის ნორმალური იყო. უმუშევრობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ჩვენი ერისთვის სამსახურის დაკარგვა უცხო არ არის. მსოფლიო პრობლემა პანდემიის სახელით ძალიან სტრესულია და რაც უნდა ეცადო, მხნედ იყო, მაინც დაძაბული ხარ. თუმცა, როცა ეს ფონი მოიხსნება, იმედია, ის თვისებები, რაც ამ პერიოდმა გამოგვიმუშავა, უკეთესობისკენ შეგვცვლის.
წლევანდელი ახალი წელი იზოლაციაში გავატარე, რადგან ინფიცირებულთან კონტაქტი მქონდა. თუმცა, საბედნიეროდ, ჩემს მეუღლეს უკვე ყველაფერი ჰქონდა ნაყიდი, მათ შორის – საჩუქრებიც და გარეთ გასვლა აღარ დაგვჭირდა.
- 2020-ში დადებითი რა იყო ანისთვის?
– ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვეცადე, ეს დრო ნაყოფიერად გამომეყენებინა. ოჯახთან ყოფნის ფუფუნება ხშირად არ გვაქვს, მაგრამ დიდი დოზით სახლში ყოფნა ენერგიის დაგროვებას იწვევს და თუ ვერ დახარჯავ, ძალიან ცუდია. ამიტომ გადავწყვიტე, ონლაინ-კურსები გამევლო და პიარი და მარკეტინგი ვისწავლე. პრეტენზია არ მაქვს, რომ მარკეტოლოგი გავხდი, მაგრამ რაღაც დოზით მაინც გავერკვიე. ფსიქოლოგიის კუთხითაც ვუსმენ ლექციებს. საკუთარ სურვილებთან დავრჩი და კარგად განვსაზღვრე, რა მინდოდა. ამ ჩაკეტილობის დროს საკუთარ თავს დავუბრუნდი.
– საახალწლო სუფრა...
– მე ტკბილი სუფრის მომხრე ვარ, რომელიც საზეიმო განწყობას შეეფერება და არა საცივები და გოჭები. წელს გადავწყვიტე, მე თვითონ გამეკეთებინა ნამცხვარი ჩემს პატარა გოგონებთან ერთად და დიდი ნებისყოფა დამჭირდა (იცინის). რადგან მარხვაზე ვართ, საახალწლო სუფრაზე ერთი თევზის კერძი გვქონდა და ტკბილეული. საერთოდ არ ვარ ისეთი სუფრის მომხრე, სადაც თეფშები ერთმანეთზე ალაგია. მესმის ქართული ხასიათი, ახალი წლის სუფრით ვერ მიხვდები ვის როგორი შემოსავალი აქვს, ყველა მაქსიმალურს ცდილობს, მაგრამ მგონი, ნელ-ნელა რაღაცები იცვლება. ჩვენთან ახალ წელსაც და სხვა დღესასწაულებზეც ფენა-ფენა კერძების ნაცვლად სუფრაზე ერთი ძირითადი კერძი და დესერტი გვაქვს.
– გამოგდით კერძების მომზადება?
– გადასარევად. მსახიობობასთან ერთად, ძალიან ჩვეულებრივი დიასახლისი ვარ და სახლში ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც ყველა. მიყვარს ხოლმე კერძების მომზადება და მეგობრები რომ მოდიან, მეუღლეც ჩართულია ამ პროცესში. მაგრამ ყოველი შეხვედრის დასასრულს ვიმუქრები ხოლმე, შემდეგზე ყველამ თავისი კერძი მოიტანოს, მე აღარ გავაკეთებ-მეთქი (იცინის). ჯერჯერობით მხოლოდ ჩემს მშობლებს მოაქვთ, რადგან მამა არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს. რეალურად, მსგავსი შეკრებებისას თუ ყველა თითო კერძს გააკეთებს, უფრო მარტივიც იქნება და დიასახლისებიც უფრო ენერგიულები ვიქნებით.
– ახალ წელთან ზედმეტი კილოგრამებიც ასოცირდება, როგორ ინარჩუნებთ წონას დიეტის შემდეგ?
– ჩემს ბავშვობაში მეგონა, რომ რაღაც კერძების მომზადება მხოლოდ ახალ წელს შეიძლებოდა (იცინის). მერე უკვე მივხვდი, თუ გოზინაყი გენატრება, შეგიძლია, ნებისმიერ დროს გააკეთო და მიირთვა, ახალ წელს რომ ზედმეტი არ მოგივიდეს. რაც შეეხება დიეტას, წონის დასაკლებად ამ გზას ფეხმძიმობის შემდეგ მივმართე, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს და დღესაც რომ მხვდებიან, მეუბნებიან: უი, როგორ გამხდარხარო. სტოკჰოლმის დიეტით კარგად დავიკელი და არც შენარჩუნება გამჭირვებია, თუ არ ჩავთვლით პარიზში მოგზაურობის პერიოდს. თუმცა იქაც სულ ერთი-ორი კილოგრამი მოვიმატე. გადავწყვიტე, ყველანაირი ტკბილეული გამესინჯა. იმ საოცრებებზე უარს როგორ ვიტყოდი?! (იცინის) მაგრამ ბალანსის დაცვა შემიძლია. ზოგჯერ 18-საათიან შუალედს ვაკეთებ, თუ ცუდი ცვლილების მოლოდინი მაქვს, ვცდილობ, რაღაცები გავაკონტროლო, მაგრამ ჩასაფრებული ნამდვილად არ ვარ და ვერ ვიტყვი, რომ ცომის ან ტკბილეულის აკრძალვით ვისტრესავ თავს. საერთოდ, არ მიყვარს სწრაფი შედეგები. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ყველაფერში რთულ და გრძელ გზას ვირჩევ ხანგრძლივი და სტაბილური შედეგის მისაღებად. თუ სწრაფად ხდები, აუცილებლად სწრაფადვე მოიმატებ და უფრო ცუდად. მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდებულ დიეტებს მივმართავ და თუ ჯანმრთელობის მხრივ რამე პრობლემა მაქვს, ჯერ იმას ვაგვარებ. არასდროსაა სასურველი არასწორი გზით სიარული, მაგრამ 37 წლის ასაკში მაიმუნობების დრო აღარაა. ორგანიზმი შეცდომებს აღარ გაპატიებს. ამიტომ მას სტრესი არ უნდა მიაყენო. შესაბამისად, ახალ წელს საკუთარ თავს ტკბილეულის მიღებას არ ვუზღუდავ და არც სხვა დროს. ისე მიყვარს, ამ მხრივ, ჩემთვის სულ ახალი წელია (იცინის). მთავარია, თან ჯანსაღი პროდუქტით დააბალანსო, იქნება ეს ბოსტნეული თუ სეზონური ხილი. ვიღაც იფიქრებს, ასე ადვილი არაა რაციონის აწყობაო, მაგრამ თუ ამას ჩვევაში გადაზრდი, რთული არაა. თან, ბავშვების ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ შვილს თავიდანვე სწორად კვებას მიაჩვევ, რომ მერე არ დადგეს პრობლემის წინაშე და ამ პროცესში, მისთვის მაგალითის მიმცემი ვინ უნდა იყოს, თუ არა მშობელი?! შეიძლება, „ფასთფუდიც“ მიიღონ და ნახევარფაბრიკატებიც, მაგრამ ზომიერად. თან, მე გოგონები მყავს. ოთხი წლის იყო ჩემი პირველი შვილი – ნენე სარკეში რომ ჩაიხედა და ტანსაცმელზე თქვა: აუ, ეს მასუქებსო. მართლა შოკში ჩავვარდი, იმიტომ, რომ არც პუტკუნა ბავშვია და მით უმეტეს, მე მისთვის მსგავსი არაფერი მითქვამს. თვითონ ვიყავი პუტკუნა ბავშვი და ჩემ გარშემო მყოფ ძალიან ბევრ უტაქტო უფროსს აღუნიშნავს ეს. დღემდე მახსოვს, როგორ მარცხვენდნენ ამ შენიშვნით, მით უმეტეს, იმ ასაკში, როდესაც უკვე ვიპრანჭებოდი. ამიტომ უფროსებს ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ბავშვებთან სიტყვებს ისვრიან. 37 წლის ვარ და დღემდე მახსოვს, რა ცუდად მოქმედებდა ეს სიტყვები: ვაიმე, ვაიმე, როგორ გასუქებულა! მე, როგორც ბავშვმა, ვერ მივახვედრე ამ ხალხს, რომ ეს არ იყო სწორი. ბევრს უკითხავს ჩემთვის – მოვიმატე, ძალიან გავსუქდი? ან ძალიან გავხდი? მაგრამ არასდროს მომსვლია თავში აზრად, ვინმესთვის მეთქვა „უი როგორ გასუქდი“ ან „უი, რატო გახდი ასე?!“ ამის ხაზგასმა ძალიან დაბალი დონის მაჩვენებელი მგონია. საერთოდ, ძალიან კარგი იქნება, ადამიანებმა ენაზე კბილის დაჭერის კურსებიც გავიაროთ (იცინის).
– მე როგორც ვიცი, აქამდე არ გიყვარდათ ფოტოების გადაღება, მაკიაჟი. ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში ვხედავ, რომ ამ მხრივაც გააქტიურდით. რისი დამსახურებაა?
– როდესაც ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები ხდება – ოჯახი შევქმენი, ბავშვები გავაჩინე, პარალელურად კი, ინტენსიური გადაღებები მქონდა, ეს ბევრ რამეზე აისახება, მუდმივად დაკავებული ხარ და დრო არაფრისთვის გრჩება. ეს სტრესია წონაში მატების ერთ-ერთი მიზეზიც. ის ყველაფერს ანგრევს. ღამის ორ საათაზე რომ სახლში მოდიხარ და დილის რვაზე უკვე გარეთ უნდა იყო, ბუნებრივად გიწევს რაღაცებზე უარის თქმა. ყველაფრის ერთად კეთება არ გამოდის. მე ჩემთვის ორი უმნიშვნელოვანესი მომენტი მქონდა არჩეული – ოჯახი, რომელიც ჩემთვის მთავარია და პრინციპში, მათთვისაა ეს ყველაფერი. თუმცა, არ ვიტყვი, რომ მე მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვმუშაობ, არა, მე საკუთარი თავისთვის ვმუშაობ, მაგრამ ასეთი შემდგარი ვჭირდები ჩემს ოჯახს. მეორეა ჩემი პროფესია – ძალიან მიყვარს რასაც ვაკეთებ. არ ვარ „კაპრიზიანი“ და ძალიან თავდაჯერებული, პირიქით, ძალიან მუშა მსახიობი ვარ, რაც მომწონს. მოკლედ, ამ მიზეზების გამო სულ მოუცლელი ვიყავი. თუმცა ყოველთვის მინდოდა ფოტოების გადაღება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს მსახიობს პორტოფლიოსთვისაც სჭირდება. მაკიაჟს რაც შეეხება, ფოტოებს თავისებური გრიმი სჭირდება. თუმცა, ჩემი არჩევანი არაა ძლიერი მაკიაჟი, მხოლოდ მსუბუქს ვიყენებ. ტუში, პუდრა და BB კრემიც საკმარისია. ვერ ვიტყვი, სარკეში რომ ვიყურები, ყოველთვის მომწონს ჩემი თავი-მეთქი, მაგრამ ცოტა გამხდარი და ცოტა გარუჯული თუ ვარ, სულ აღარ მინდა მაკიაჟის გაკეთება. ასე რომ, პანდემიამ ამ სურვილებისთვისაც გამომანახინა დრო. როცა ბევრი თავისუფალი დრო გაქვს, აუცილებლად უნდა დააკავო გონება რამით. საქმე ხომ ძალიან კარგი თერაპიაა. როცა დაკავებული ვარ, ნაკლებად ვფიქრობ სტრესზე და რთულ მომენტებზე.

P.S. გამოყენებულია ნათია ასანიძის ფოტოები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი