ანა ჯავახიშვილი: იმდენად სწრაფად მეცვლება ხასიათი, მე თვითონაც ვერ ვხვდები მიზეზს და ვწუხდები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 07.07

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე ამოუცნობი, მგრძნობიარე და ცვალებადი ხასიათის ადამიანები იბადებიან. ვნახოთ, არის თუ არა მსახიობი ანა ჯავახიშვილი საკუთარი ნიშნის ტიპური წარმომადგენელი.
ანა ჯავახიშვილი: 18 ივლისს დავიბადე და შესაბამისად, ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ. ასტროლოგიის ნაწილობრივ მჯერა. პროგნოზების წაკითხვის სურვილი არ მიჩნდება ხოლმე, მაგრამ თუ ინფორმაცია შემთხვევით შემხვდება, ვეცნობი. თუმცა, ვცდილობ, რომ დიდი ყურადღება არ დავუთმო. მაგალითად, თუ წერენ, რომ ჩემს ნიშანს რთული პერიოდი აქვს, არ მინდა, ამაზე მეფიქრებოდეს და რაღაც ცუდის მოლოდინში ვიყო, ამიტომ არც ნეგატიურ და არც დადებით პროგნოზებს დიდად არ ვუღრმავდები.
– კირჩხიბები განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობით არიან დაჯილდოებული.
– ეს თვისება ჩემში ძალიან დიდი დოზითაა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ ნაკლებად მქონდეს. ზოგჯერ ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მაწუხებს. მაგალითად, არის მომენტი, როცა მინდა, სადღაც დავაგვიანო, რადგან ზუსტად ვიცი, რომ დანიშნულების ადგილზე დროულად არავინ მივა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მაინც ადრე მივდივარ. ზედმეტი პასუხისგებლობის გრძნობით ჩემს თავს ვაზარალებ ხოლმე. სახლშიც თუ ვიცი, რომ გასაკეთებელი მაქვს რაღაც, ვერ დავისვენებ. შეიძლება, ძალიან დაღლილიც ვიყო, მაგრამ მირჩევნია, რაც გასაკეთებელია, გავაკეთო და მერე დავისვენო. გამორიცხულია; ჯერ დავისვენო და საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღე, მერე გავაკეთო. ეს თვისება ცოტა დამღლელია და დროსთან ერთად, ვცდილობ, ვისწავლო, რომ არაფერი მოხდება, თუ ამ გრძნობისგან რაღაც დოზით გავთავისუფლდები.
– კირჩხიბი ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია.
– ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება, მაგრამ იმ ასაკისთვის მართლა ასე იყო. ფინანსურადაც ვცდილობდი, რომ საკუთარი საჭიროებები დამეკმაყოფილებინა. 17 წლიდან ვმუშაობ და ამ კუთხით მშობლებზე არ ვიყავი დამოკიდებული, რითაც ძალიან ვამაყობდი. ახლაც ვამაყობ, ვცდილობ ის, რისი გაკეთებაც შემიძლია, დამოუკიდებლად გავაკეთო.
როცა საქმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ეხება, ვცდილობ, აქაც დამოუკიდებელი ვიყო. თუ საკითხში კარგად ვერკვევი, მხოლოდ ჩემს თავს ვეყრდნობი, თუ სხვისი რჩევა მჭირდება, შესაბამისი ადამიანის ან ადამიანების აზრსაც აუცილებლად მოვისმენ და გავითვალისწინებ. როცა საქმე ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საკითხებს ეხება, რადგან უკვე მეუღლე მყავს, რა თქმა უნდა, ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ და რაღაც კონსენსუსამდე მივდივართ.
– ძალიან ყურადღებიანი და გულისხმიერი ნიშანია...
– მგონი, ყველაფერს ვეთანხმები (იცინის). კი, ყურადღებიანიც ვარ, ალბათ, გულისხმიერიც, თუმცა, უფრო მზრუნველი. ძალიან მიყვარს იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვინც ჩემთვის ძვირფასია. ზრუნვა გამოიხატება, მაგალითად, კერძების მომზადებით. რომ ამბობენ ხოლმე, საჭმლის მომზადება ჩემი სიყვარულის ენააო, ასეა ჩემს შემთხვევაშიც. მაგალითად, როცა მეგობრები მოდიან ჩემთან, მე თვითონ ვუმზადებ გემრიელ საჭმელებს და მერე სიამოვნებით ვუმასპინძლდები.
– არ უყვართ ჭკუის სწავლება და შენიშვნების მიღება. ასეა?
– ნამდვილად არ მიყვარს, ვის უყვარს?! (იცინის) შენიშვნებსაც გააჩნია. პროფესიულ შენიშვნებს თუ ვიგულისმხებთ, პირიქით, მათი მოსმენა მიხარია, რადგან მათი გათვალისწინება ზრდის საშუალებას მაძლევს. სახლში და ურთიერთობებში, ნამდვილად არ მიყვარს შენიშვნები (იცინის).
– კირჩხიბების განსაკუთრებული თვისებაა ხასიათის ცვალებადობა.
– ამასაც ვადასტურებ (იცინის). შეიძლება, ერთი დღის განმავლობაში ყველანაირ ხასიათზე ვიყო. იმდენად სწრაფად მეცვლება ხასიათი, მე თვითონ ვერ ვხვდები მიზეზს და თავადაც ვწუხდები (იცინის). ვცდილობ, თავი მოვთოკო და ყოველ ჯერზე არ ავყვე ემოციებს, თორემ მერე რთულია დღის კარგი ხასიათით გაგრძელება. ასე თუ ისე, დავარეგულირე ეს თვისება.
– შეტევაზე გადასვლა არ ახასიათებთ. აგრესიულები არ არიან, მშვიდად, ჭკვიანურად დაგეგმილი გზებით აღწევენ გამარჯვებას.
– არ ვეთანხმები (იცინის). მე იერიშზე გადავდივარ და ეს ჩემი ხასიათის ცუდი თვისებაა. ხომ არიან ადამიანები, მშვიდად შეხვდებიან ყველანაირ სიტუაციას, ბრაზს მოითმენენ და ყველას გეგმის მიხედვით გასცემენ საკადრის პასუხს. მე ასე არ შემიძლია, თუ გავბრაზდი, მომენტალურად ვფეთქდები და გულში ვერაფერს ვინახავ, ყველაფერი პირდაპირ უნდა ვუთხრა ადამიანს. პირდაპირ შეტევაზე გადავდივარ, სამწუხაროდ, ასეა (იცინის).
– კირჩხიბები იდუმალი ადამიანები არიან...
– ისეთი თვისებაა, რთულია ზუსტად ახსნა. შეიძლება, ასეა, რადგან ბოლომდე არავისთან ვიხსნები, უცხო ადამიანებთან ბევრს არ ვლაპარაკობ, მირჩევნია, ჩემთვის ვიყო.
– მიიჩნევა, რომ რთული ხასიათი აქვს...
– ასე ამბობენ ხოლმე, მაგრამ მე სულ ვამბობ: რატომ? მშვენიერი ხასიათი მაქვს-მეთქი. რატომღაც, ზოგჯერ გარშემო მყოფები არ მეთანხმებიან (იცინის). კი, ამბობენ, რომ რთული ხასიათი მაქვს (იცინის). შეიძლება, იმიტომაც, რომ ზედმეტად ემოციური და ფეთქებადი ვარ, ხასიათი ძალიან სწრაფად მეცვლება და ასე შემდეგ.
– კირჩხიბები შემგროვებლები არიან, „შავი დღისთვის“ სულ აქვთ რაღაც გადანახული.
– მახსოვს, წლების წინ, სულ მქონდა ფიქრად, მაგალითად, ქუჩაში რომ რაღაც დამემართოს და საავადმყოფოში წამიყვანონ, რაღაც თანხა უნდა მქონდეს, სანამ მშობლები გაიგებენ, თვითონაც უნდა შემეძლოს, თავი უზრუნვევყო-მეთქი. ახლაც, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ხელფასიდან რომ ხუთ ლარს არ იტოვებენ. რაღაც თანხა სულ უნდა მქონდეს, „ვაიდა, რაღაც დამემართოს“ შემთხვევისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან