შოუბიზნესი

ამიკო ჩოხარაძე: როცა ერს სჭირდება, მე მზად ვარ, ხელში მათრახი ავიღო და დესპოტი ვიყო

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 03.01

ამიკო ჩოხარაძე
დაკოპირებულია

ამიკო ჩოხარაძის "უცნობი მხარე" 👇

– ვინ არის ამიკო ჩოხარაძე?

ამიკო ჩოხარაძე: ვინ და ამირან ჩოხარაძე (იცინის).

– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?

– შეიძლება, ბანალურია, მაგრამ ალბათ, ყველა ნორმალური ადამიანი ოცნებობს, რომ თვითონაც კარგად იყოს, ირგვლივაც ყველა კარგად ჰყავდეს და უდარდელად ცხოვრობდეს. თუმცა, ეს ხომ მხოლოდ ოცნებაა?!

– გიკეთებია საქმე, რომელიც გძულდა?

– არასდროს. თუ საქმე არ მიყვარს, არც ვაკეთებ. ვერც შევძლებ და რომ მოვინდომო, ფიზიკურად არ გამომივა. თეორიულადაც კი არ გამომდის. რაც არ მომწონს, არ მომწონს და მორჩა. ვერავინ დამაძალებს ასეთი საქმის გაკეთებას. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად შემოსავლიანი იქნება ის. მაგალითად, ცხოვრებაში მქონდა შანსი, ძალიან წარმატებული კომპანიის წარმატებული კაპიტანი ვყოფილიყავი, მართლა არაჩვეულებრივი ანაზღაურებით, ხმელეთზე რომ არ მოიპოვება მსგავსი ანაზღაურება, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი. მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და ამიტომ ვაკეთებ, თორემ მეზღვაურისთვის საჭირო დიპლომიც მაქვს, სერტიფიკატებიც და საჭირო განათლებაც. ხვალ რომ მოვინდომო გემზე წასვლა, შემიძლია წავიდე, მაგრამ ამას არ გავაკეთებ.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე ცუდ საქციელად?

– ზედმეტი ნდობა ადამიანების მიმართ. ამას დავუზიანებივარ, უსარგებლიათ ჩემი ნდობით და შემდეგ ამას არასასიამოვნო ნაბიჯები მოჰყოლია.

– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენია?

– რამე განსაკუთრებული არ ყოფილა. ვცდილობ, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდე და ალბათ, გამომდის. მცირე უხერხულობები ყოფილა, მაგალითად გაჭედილი ცხვირით და გაციებული სცენაზე ვმდგარვარ და ძალიან ბევრი მიცეკვია, რაც მართლა უხერხულია, იმიტომ, რომ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. დანარჩენზე რომ ვფიქრობ, ყველა „ხერხული“ მომენტი იყო (იცინის).

– ოდესმე რამე მოგიპარავს?

– ბავშვობაში მაღაზიაში საღეჭი რეზინი მოვიპარე. გამყიდველმა შემნიშნა და ხელზე დამარტყა. ძალიან შევრცხვი, გამოვიქეცი და იმის შემდეგ აღარაფერი მომიპარავს საქართველოში (იცინის). მერე წავედი სხვა ქვეყანაში (იცინის). დედას ვფიცავ, მართლა არაფერი მომიპარავს ცხოვრებაში, არც კლეპტომანი ვარ (იცინის). ეს ერთი მომენტი იყო ბავშვობაში და მეორედ ზრდასრულ ასაკში, უკრაინაში „მანსანკანის“ უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი, ქუჩაში ვსეირნობდით, მერე საყიდლებზე შევედით მაღაზიაში და ვიმაიმუნეთ. ვიცინოდით, ვერთობოდით და ამ ამბავში პატარა სუვენირი მოვიპარეთ. ეს კი მოვიპარეთ, მაგრამ სამაგიეროდ, ასი იმდენი დავხარჯეთ იმ მაღაზიაში. გამყიდველმა შეიძლება, შეგვნიშნა კიდეც, შეიძლება, გადაწყვეტილიც ჰქონდა, ბოლოს თვითონ ეჩუქებინა ეს სუვენირი, მაგრამ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ (იცინის). ეს არ ყოფილა მოპარვა მოპარვისთვის, გასართობად გავაკეთეთ.

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

– ორგანულად არ მიყვარს. ტყუილი ძალიან ცუდი რამ არის. ცხოვრებაში არსებობს უვნებელი ტყუილიც, რომლის თქმაც გიწევს, ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ტყუილი, რომელსაც შეუძლია, დამაზიანოს, საშინელებაა. საშინელებაა ისეთი სიმართლის დამალვაც, რომელსაც ჩემთვის ზიანის მოყენება შეუძლია. მსგავსი ტყუილები არ მჩვევია და არც მე ვიღებ სხვისგან. კარგად ვხვდები, როცა მატყუებენ, მაგრამ შემიძლია, დიდხანს ვადროვო. ბოლომდე გამოვწურავ, იქნებ, გადაწყვიტოს სიმართლის თქმა, იქნებ, იქნებ... არ გამოსდით ჩემი მოტყუება, სანამ ვინმე ტყუილს დაამთავრებს, მე ჯავშანტექნიკა მაქვს მომარაგებული (იცინის).

– პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენია?

– ერთხელ მე და ჩემი მეუღლე, სანამ დავქორწინდებოდით, პაემანზე ვაყავით ერთ-ერთ დაწესებულებაში და მივირთმევდით. ვისხედით ორი ბეღურა და ვჟღურტულებდით (იცინის). გვერდით მაგიდაზეც შეყვარებული წყვილი იჯდა. ბიჭი ვიზუალურად ძალიან დიდი იყო, გოგო – მოცუცქნული. ხინკალი მოუტანეს, ამ გოგომ აიღო და თავი დახარა მისკენ, ამ დროს ჭერიდან გამწოვი ჩამოვარდა და თავში დაეცა. ხინკლებში ჩააყოფინა ბოლომდე თავი. საბედნიეროდ, გადარჩა, ყველაფერმა მსხვერპლისა და სისხლის გარეშე ჩაიარა. თავი რომ წამოსწია, ბიჭს ცოტა არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა. მხოლოდ ორი ხმოვანი თქვა – „აუ“ და მაშინ კი გაგვიჭირდა მე და ჩემს მეუღლეს სიცილის შეკავება. ეს იყო ურხეული შემთხვევა, მაგრამ ჩვენი არა, სხვისი (იცინის). ბიჭი აღმოჩნდა სულელი, ამ ყველაფრის შემდეგ ფული გადაიხადა, ისე წავიდა, მაგრამ ეპატიებათ, დაიბნენ, გამწოვი მოხვდა ადამიანს თავში და კიდევ კარგად იყვნენ (იცინის).

– ბოლოს რა გამოცადე ცხოვრებაში პირველად?

– 36 წელი – 6 ნოემბერს გავხდი და არ ვყოფილვარ აქამდე (იცინის). კი ჰგავს წინა წელს, მაგრამ მცირე განსხვავებაც არის. ყოველ წელიწადს იმ შემართებით ვხვდები, რომ მე თვითონ უნდა შემოვიტანო რაღაც სიახლე, ადამიანებს რაღაც ცვლილება უნდა შევთავაზო. პრინციპში, ყოველ წელიწადს კი არა, ყოველდღე ამას უნდა ცდილობდე ადამიანი. მეც ვცდილობ, ახალი ადამიანები შევიძინო, ფინანსური მდგომარეობა გავიუმჯობესო და ასე შემდეგ.

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– სასტიკი საკუთარი თავის მიმართ ვარ, თუ რამე საქმეს ვაკეთებ. რეპეტიციის დროს საკუთარ თავს არ ვინდობ. თუ ჩემთან ერთად კონკრეტულ საქმეს სხვაც აკეთებს, მაშინ მის მიმართაც სასტიკი ვარ. სანამ კუნთები არ ეტკინება და ფეხზე დგომის უნარს არ დაკარგავს, მანამდე არ ვეშვები, ვცდილობ, მაყურებელთან მაქსიმუმი მივიტანოთ და ჩემი სისასტიკის მიზეზიც ეს არის. მაყურებელს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ასე რომ, როცა ერს სჭირდება, მე მზად ვარ, ხელში მათრახი ავიღო და დესპოტი ვიყო (იცინის).

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და ასევე, მარცხად?

– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ გამარჯვებად ის მიმაჩნია, რომ ორი შვილის მამა ვარ. ყველაზე დიდი მარცხი? არ ვიცი. მარცხი არც ერთხელ არ განმიცდია ცხოვრებაში. შეიძლება, ბრძოლა წავაგო, მაგრამ ომი გრძელდება, მე ვეთანხმები ამ აზრს.

– რა მოისმინე ბოლოს საკუთარ თავზე კარგი და ცუდიც, რამაც ცოტა გული გატკინა?

– სასიამოვნო ჭორები ბევრი მომისმენია. მაგალითად, ის, რომ ძალიან ბევრი ფული მაქვს და გავლენიანი ადამიანები ბინებსა და აგარაკებს მჩუქნიან. ასევე, ტელევიზიებში წილებს ვფლობ. მათ ენას შაქარი! ცუდ ჭორებშიც ისევ ბიზნესზეა საუბარი (იცინის). მაგრამ ცოტა მიუღებელ ბიზნესზე. როგორც ამბობენ, სტრიპტიზკლუბების მფლობელი ვარ, პროსტიტუციას ვმართავ, ტურისტების ფულებს ვაზივარ ზემოდან და მსგავსები (იცინის). ასეთ რამეებზე, რა თქმა უნდა, მეცინება. არასასიამოვნოა, ძალიან ცუდი ჭორებია, მაგრამ ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბრო?! ერთადერთი ჭორი, რომელიც ძალიან არ მომწონს და მინდა, იმის დამჭერის თუ მომგონის მიმართ სულ სხვანაირად სასტიკი ვიყო, ისაა, რომ წერენ, ესა თუ ის ცნობილი სახე და მათ შორის მეც, თურმე, მტკვირს მარცხენა სანაპიროზე ავტოავარიაში გარდაიცვალა. ეს ძალიან ბოროტი „ხუმრობაა“. ცნობილ ადამიანებსაც გვყავს ოჯახები, ახლობლები და მათთვის მსგავსი ინფორმაცია შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.

– რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად სახლის საქმეებიდან?

– საჭმელების კეთება მიყვარს, ექსპერიმენტებიც მიტაცებს. არის მომენტი, როცა შეიძლება, მომიაროს და მთელი სახლი დავალაგო. იშვიათად ხდება ასე, ამინდიც უნდა მიწყობდეს ხელს და განწყობაც, მაგრამ გამიკეთებია, თან არაერთხელ. ასე რომ, სახლში ხან საჭმელს ვაკეთებ და ხან ვალაგებ (იცინის). არაჩვეულებირივ მზარეული ვარ და ნეტავ ხშირად ვამზადებდე (იცინის).

– რომ გაიგო, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს. ეტყოდი სიმართლეს?

– მივიდოდი მასთან, ვინც ღალატობს და მას დაველაპარაკებოდი ან ვეჩხუბებოდი. ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად შევეცდებოდი მას დაელაგებინა ურთიერთობა ჩემს მეგობართან. ორი ადამიანის ურთიერთობაში მესამე, მტყუანი იქნება ის თუ მართალი, არასწორად მიმაჩნია. ორი ადამიანის პირადი ცხოვრება, მათია და მორჩა. ადამიანი, რომელიც მივა და მეგობარს ეტყვის ამის შესახებ, ურთიერთობის დანგრევის ერთ-ერთი ხელშემწყობია. სხვის უბედურებას ხელს უწყობ და თან, ამით, მეგობართან სიმართლის თქმის სახელით, ქულებს იწერ? არ მგონია მართალი. ამიტომ ჯობს, მის საყვარელ ადამიანს დაელაპარაკო და მიახვედრო, რომ მუხრუჭებს მოუჭიროს, ვიდრე ცოლ-ქმრის ჩხუბში სულელი აღმოჩნდე.

– რით ამაყობ ყველაზე მეტად?

– 36 წლის განმავლობაში ჩემ გვერდით შეგროვებული ადამიანებით. მშობლებით ვამაყობდი და ვიამაყებ მთელი ცხოვრება, მაგრამ დღეს ვამაყობ მათითაც, ვინც შევიძინე ამ გზაზე: მეუღლე, შვილები, ძმაკაცი, ნათლია-მირონი და ასე შემდეგ. ყველაზე მაგარი ადამიანები არიან და მადლობა ღმერთს ამისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი