ამიკო ჩოხარაძე: ფერფლისგან აღდგომა და წარმატებისთვის ისევ მიღწევა მომიხერხებია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 04.11
ვინ არის ზოდიაქოთი ამიკო ჩოხარაძე, სჯერა თუ არა მას ასტროლოგიის და რა თვისებებია მის ხასიათში დომინანტური – ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ამიკო ჩოხარაძე: 1987 წლის 6 ნოემბერს დავიბადე. ზოდიაქოთი მორიელი ვარ. მოვიტყუები, რომ ვთქვა ასტროლოგიის ასი პროცენტით მჯერა-მეთქი, მაგრამ დამიჭერია საერთო საკუთარ თავთან მორიელის თვისებების მოსმენისას.
– მორიელი გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფით...
– ვეთანხმები. ნამდვილად მაქვს ეს თვისება და კმაყოფილიც ვარ იმის გამო, რომ ძლიერი ნებისყოფა მაქვს (იცინის).
– მორიელზე პრინციპული ადამიანი რთულად მოსაძებნია. ასევე, შეუძლია, ცხოვრებისეულ დარტყმებს წუწუნისა და სხვისთვის თავის შეცოდების გარეშე გაუმკლავდეს.
– კი, კრინციპულიც ვარ. რაც შეეხება დარტყმებს, მადლობა ღმერთს, ისეთი მძიმე არაფერი ყოფილა, მაგრამ სირთულეები ყველას ცხოვრებაში არის და მე რაც შემხვდა, ვფიქრობ, რომ კარგად გავუმკლავდი. ისე გავუძელი დარტყმებს, რომ ჩემი პრინციპებისთვის არ მიღალატია. წუწუნი და სხვისთვის თავის შეცოდება ძალიან არ მიყვარს. ჩემი გადმოსახედიდან, ეს სხვისთვის შენი სისუსტის ჩვენებას ნიშნავს. მე არ მინდა, ვინმემ ჩემი სისუსტე დაინახოს. ამიტომ ასე არ ვიქცევი.
– ადამიანების ცნობა კარგად შეგიძლია?
– ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად შემიძლია. ეს თვისება ცხოვრებაში მეხმარება. ვცნობ ადამიანებს, ვისი იმედიც შემიძლია, მქონდეს, დავეყრდნო და მის ერთგულებაში ეჭვი არ მეპარებოდეს. ცხოვრებაში ბევრნაირი ადამიანი გვხვდება და კარგია, როცა მათი ცნობა შეგიძლია. ვფიქრობ, რომ კარგისა და ცუდის გარჩევა მშვენივრად გამომდის.
– მორიელი საიმედო მეგობარი და საშიში მტერია...
– ნებისმიერ ურთიერთობაში და მით უმეტეს, მეგობრობაში, ძალიან ღრმად ვეფლობი. მათგანაც იმავეს ვიღებ საპასუხოდ. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი ასეთია. არ ვიცი, თუ მორიელის ზოდიაქო განაპირობებს ამას, თუ ეგრეა, მართალი ყოფილა (იცინის).
რაც შეეხება საშიშ მტერს, შეიძლება, მორიელმა ძალიან დიდი ხნის შემდეგ გიპასუხოს ცუდ საქციელზე. მას შეუძლია ათი წელი მოითმინოს და ზუსტად მაშინ, როცა საერთოდ არ ელოდები, დარტყმა მოგაყენოს. შეიძლება, ორჯერ მეტად განადგურებულად იგრძნო თავი, ვიდრე თავის დროზე მორიელს აგრძნობინე შენი ცუდი ქცევით, რის გამოც შურისძიება მოუნდა. ასე რომ, თუ არ გინდა, შესაბამისი პასუხი გაგცეს, შენც არ უნდა მოექცე ცუდად.
– მორიელს შეუძლია, საყვარელი ადამიანებისთვის სიცოცხლე გასწიროს. მტერს კი სასტიკად გაუსწორდება. გახასიათებს ასეთი რადიკალიზმი?
– თავგანწირვა ნამდვილად შემიძლია. პირობითად, ყველაზე პრიმიტიული მაგალითი რომ ავიღოთო: შეიძლება, მე არ შევჭამო და მეგობარს მივცე ლუკმა, თუ მას ეს სჭირდება. რადგან ეს ემთხვევა, ალბათ, სისასტიკეზეც მართალი იქნება (იცინის). აქამდე იმ დონემდე არავის გავუბრაზებივარ, რომ სასტიკი გავმხდარიყავი. თუმცა, ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ზოდიაქოს არ აქვს მნიშვნელობა. რომელ ზოდიაქოსაც არ უნდა წარმოადგენდე, თუ რამეზე გამწარდი, შეიძლება, სასტიკი გახდე.
– მორიელი ძალიან ძლიერია, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად...
– ფიზიკურობის რა მოგახსენო (იცინის). მაგალითად, ჩემს მეგობრებს მიაჩნიათ, რომ ფიზიკურადაც ძლიერი ვარ. საკმაოდ მოქნილი ვარ და ისეთი აქტივობების შესრულება შემიძლია, რაც ჩემი ვიზუალის გამო ბევრს ვერ წარმოუდგენია. მოგეხსენებათ, არ ვარ ათლეტური აღნაგობისა და მხარბეჭიანი (იცინის). მეც ვფიქრობ, რომ ფიზიკურადაც ძლიერი ვარ და სულიერადაც. თუნდაც იმიტომ, რომ მოთმინების უნარი მაქვს, შემიძლია, წარმატებისკენ დაჟინებით, მუხლჩაუხრელმა ვიარო. ძალიან მიყვარს შრომა, არ მიყვარს ტყუილად ყოფნა, ეს მღლის. ზუსტად ამ თვისებების გამო ვფიქრობ, რომ სულიერად ძლიერი ვარ და ეს მეხმარება, ნებისმიერი საქმე, რომელსაც მიზნად დავისახავ, სისრულეში მოვიყვანო.
– ზოდიაქოდან გამომდინარე, წესით, დახმარების თხოვნა არ უნდა გიყვარდეს.
– შეიძლება, ამაში ვერ დაგეთანხმო. როცა მჭირდება, დახმარების თხოვნა არ მიჭირს. საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მივმართავ მეგობრებს და მეხმარებიან კიდეც. ზოგადად, მირჩევნია, ჩემით გავაკეთო, რაც მჭირდება. თუ ერთმანეთს შევადარებთ, თვითონ გირჩევნია გაკეთება თუ სხვისი დახმარების შედეგადო, რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ მირჩევნია, თვითონ გავაკეთო, თუმცა, როცა ვინმესთვის მჭირდება რამის თხოვნა, არ მერიდება. მოსარიდებელს არავის არაფერს ვთხოვ.
– მორიელებს რესტარტის საოცარი უნარი აქვთ.
– ფენიქსივით ვართ. კი, ყველაფრის თავიდან დაწყების ნიჭი გვაქვს. მაგალითად, ცხოვრებაში მქონია კარიერული დაღმასვლაც, აღმასვლაც და ამ პერიოდებში ზუსტად ეს თვისება დამხმარებია. უპრობლემო არავისი ცხოვრება არაა, მათ შორის არც ჩემი, დავვარდნილვარ, მაგრამ ფერფლისგან ადგომა მომიხერხებია და წარმატებისთვის ისევ მიმიღწევია. ასეთ დროს შეიძლება, ჩემი თავის ახლებური ვერსიაც შევქმნა.
– მამაკაცი მორიელი ძალაუფლებისმოყვარეა. სხვის აზრს არ ითვალისწინებს და მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თავად მიაჩნია საჭიროდ. ასეა?
– არა მგონია. ესეც ზოდიაქოს კი არა, უშუალოდ პიროვნებას გააჩნია, როგორი ადამიანია. ასეთი ტერორით მოცული პიროვნება არ ვარ (იცინის). ძალაუფლება ყველა ადამიანს მოსწონს და მეც, მაგრამ მისი სწორად გამოყენებაც ვიცი, მე ასე მგონია. სხვისი აზრის გათვალისწინებაც შემიძლია.
– ძალიან აზარტული და რისკისადმი მიდრეკილია.
– ვეთანხმები. აზარტული ვარ, ოღონდ თამაშების მხრივ – არა. შეიძლება შეჯიბრებაში გამომავლინო ეს თვისება. რაც შეეხება რისკს, ბევრჯერ არა, მაგრამ როცა საჭირო იყო, გამირისკავს.
– მორიელ მამაკაცს ძალიან უყვარს ქალისთვის სიურპრიზების გაკეთება. თუ ფინანსებია საჭირო, არც ამას დაიშურებს...
– რა თქმა უნდა, ასეა. თუ ფინანსებს ეხება საქმე, არ დავიშურებ იმისთვის, რომ მანდილოსანს სიურპრიზი გავუკეთო. თუ მინდა, ყვავილები ვაჩუქო, მთებში ნამდვილად არ გავიქცევი დასაკრეფად, ვიცი, რომ სადღაც ახლოს შევიძენ ლამაზ თაიგულს. თუ რამე გასაკეთებელია და არა შესაძენი, მაქსიმალურად შევეცდები, რომ ამითაც გავაოცო. ვფიქრობ, რომ მხოლოდ მორიელების არა, მამაკაცების თვისება უნდა იყოს, რომ ქალი სასიამოვნოდ გავაოცოთ სიურპრიზებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





