შოუბიზნესი

ამიკო ჩოხარაძე: დედამიწაზე თავისუფლება არ გამოდის, სულ ვიღაცაზე ან რაღაცაზე ხარ დამოკიდებული

№24

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 21.06

ამიკო ჩოხარაძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ამიკო ჩოხარაძესთან 👇

სახელი: ამიკო.

გვარი: ჩოხარაძე.

პროფესია: იუმორისტი, სცენარისტი, წამყვანი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ეს მოგონება ჩემს პირველ წარმატებას უკავშირდება, მაშინ 11 წლის ვიყავი. ქალაქ ოდესაში, უკრაინაში, „სლავიანსკი ბაზარის“ ფესტივალის ფარგლებში, 864 ბავშვს შორის ავიღე გრან-პრი საუკეთესო ვოკალისთვის. ეს იყო ჩემი პირველი, დიდი წარმატება, რომლის ემოციებიც დღემდე ნათლად მახსოვს.

– მშობლების როლი...

– მათი დიდი წვლილია იმაში, რასაც დღეს ვაკეთებ – ჩემს სურვილს ხელი არ შეუშალეს, წინ არ გადამეღობნენ და მომცეს თავისუფალი არჩევანის საშუალება – მეკეთებინა ის, რაც მინდოდა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ბავშვობაში დამისვეს ასეთი კითხვა: რომ გაიზრდები, რა არის შენი ამოცანაო და ვუპასუხე: მინდა, ყველა მიცნობდეს-მეთქი (იცინის). რაღაც დონეზე შევძელი ოცნების ახდენა, მაგრამ სრულყოფილად – ვერა. მინდა, საქართველოს ფარგლებს გავცდე.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– სცენასთან ასოცირდებოდა ყოველთვის ის, რაც მინდოდა, რომ მომავალში გამეკეთებინა. 5 წლიდან მაიკლ ჯეკსონი იყო ჩემი კუმირი და დღემდე მისი ხელოვნების თაყვანისმცემელი ვარ. ეს ადამიანი გახდა ჩემი ხიდი და ტრამპლინი ქართულ სცენაზე.

– ადამიანში ვაფასებ...

– კონკრეტულად ერთ თვისებას ვერ გამოვყოფ. ძალიან ვაფასებ სამართლიან, ერთგულ და კეთილსინდისიერ ადამიანს. ადამიანს, რომელიც მართალია, არ მგონია, ცხოვრებაში გაუმკლავებელი ბარიერი შეხვდეს. ერთგული და კეთილსინდისიერი კი ყოველთვის წარმატებულ, მართალ გზაზე იდგება.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ადამიანები ღმერთის ხატად ვართ შექმნილები. შესაბამისად, ჩემი გადასახედიდან, ის ჩვენნაირია და თითოეულ ჩვენგანშია.

– მეშინია...

– ის ყველაფერი, რომ არ მქონდეს, რაც გამაჩნია.

– ვრისკავ...

– საკმაოდ ხშირად. დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ ვდგამ, მაგრამ როცა გასარისკია, ვრისკავ. ღრმად ვუფიქრდები, გამართლების რამდენი პროცენტი აქვს რისკს. ხშირ შემთხვევაში სწორი ნაბიჯები გადამიდგამს და გაუმართლებია. დღემდე არ მინანია ის, რაც გამირისკავს.

– მაკვირვებს...

– ბოროტი, მატყუარა, არაერთგული, უსინდისო ადამიანები. ყოველთვის მგონია, ყველა ისე ფიქრობს და განიცდის, როგორც მე. თუმცა, სამწუხაროდ, პირადი მაგალითებიდან, ვიღაცები ვერ ამართლებენ და მერე გული მწყდება.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ზოგადად, ქვეყანაში პოზიტივის, იუმორის, ღიმილისა და კარგი განწყობის დეფიციტია, რაც ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, ამაზე როგორც მსოფლიო, ასევე შიდა პოლიტიკაც მოქმედებს, მით უმეტეს პატარა ქვეყანა ვართ და პოლიტიკა აქტუალური თემაა, ამიტომ დაძაბულები და დასტრესილები ვართ. მართალ და მტყუან მხარეს არ განვიხილავ, უბრალოდ, ვგულისხმობ იმას, რომ ამ ყველაფრის ფონზე ერი დაძაბულია და პოზიტივის დანაკლისია.

– ბედისწერა...

– ბედისწერის მჯერა, მაგრამ ბრმად არა. ვფიქრობ, ბედისწერას ჩვენ ვქმნით და ჩვენაზეა დამოკიდებული, მომავალში რა გველოდება. მე შემიძლია, მარჯვენა ფეხით დავიწყო სიარული ან მარცხენათი, თითოეულ ნაბიჯს თავისი საბოლოო წერტილი აქვს. თავად ვქმნით ისეთ გარემოს, რომელსაც შემდეგ ბედისწერას მივაწერთ. თუ ცუდი რაღაც მოხდა, ვამბობთ: ბედისწერა იყო და არ აგვცდებოდაო; კარგის შემთხვევაში – აი, რომ არ გამეკეთებინა, ეს არ მოხდებოდაო. ორივე ჩვენიდან გამომდინარეობს – კარგიც და ცუდიც.

– სიცოცხლე არ ღირს...

– ღმერთის გარეშე. ღმერთს კი ვხედავ ყველაზე საყვარელ ადამიანებში.

– რთული პერიოდი...

– რა თქმა უნდა, მქონდა. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა არ ვმუშაობდი და ფინანსური პრობლემები მქონდა. დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში სტრესულ სიტუაციაში ვიყავი. ამ ყველაფრიდან გამოსავალი ვიპოვე, ჩემი მეუღლე და ბავშვები დამეხმარნენ, რომ თავი დამეღწია რთული პერიოდისთვის. როცა გიჭირს, შინაურსა და საყვარელ ადამიანებზე დიდი გამოსავალი არაფერშია, მით უმეტეს, როცა საქმე გრძნობებსა და ფსიქოლოგიურ მომენტებს ეხება.

– სიყვარული – ეს არის...

– დიდმა კლასიკოსებმა, ფილოსოფოსებმა და ბრძენმა ხალხმა ვერ შეძლო ამ გრძნობის ბოლომდე ამოხსნა და მე როგორ ვთქვა? (იცინის) უილიამ შექსპირმა დახოცა რომეო და ჯულიეტა, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოხატა ამ გრძნობის არსი. ერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, ეს გრძნობა არის აუხსნელი. იმ დონეზე ძლიერი და ამოუცნობია, რომ დღევანდელ რეალობაში ავამდყოფობაც კი დაარქვეს. სიყვარული არაამქვეყნიური შეგრძნებაა, რომელსაც შეუძლია, თავს ზემოთ გამოგიჩინოს ძალა, რაღაცები გაგაბედინოს, რაღაცებზე უფრო კარგად შეგახედოს, თვალი დაგახუჭვინოს, გაპატიებინოს... მარტივად რომ ვთქვა, სიყვარული კარგი რამეა.

– დრო და სიყვარული...

– სიყვარული არასდროს ნელდება, ქრება და იკარგება, თუ, რა თქმა უნდა, ნამდვილია. ამ გრძნობას აქვს თავისი ეტაპები და ეპიზოდები, რომელიც ყველასთვის ინდივიდუალურია. საერთო შეიძლება ის გამონახო, რომ ბავშვები ჩნდებიან და გრძნობას პასუხისმგებლობა ემატება. პირადად მე დღეს შეყვარებული ვარ.

– შემშურებია...

– ჩემთვის თეთრი შურიც არსებობს. გამხარებია ჩემს მეგობარს, პირობითად, კარგი სახლი რომ აუშენებია და მითქვამს, ნეტავ მეც შევძლო ან გავაკეთო მსგავსი. ისე, შური რასაც ჰქვია, რომ გინდა, მას არ ჰქონდეს და შენ – კი, მსგავსი სურვილი არ გამჩენია.

– სამაგიეროს გადახდა...

– ამ შემთხვევაში ჩემს ზოდიაქოს ვამართლებ – მორიელი ვარ. მიყვარს დამახსოვრება და წლების მერე პასუხის გაცემა. ოღონდ, არ მჩვევია მსგავსი ცუდი პერიოდი გამოვატარო მას, რაც თავად გავიარე. უბრალოდ დაველოდები მომენტს, როცა დავჭირდები და გვერდში არ დავუდგები.

– ბოდიშის მოხდა...

– არასდროს მიჭირს. ბოდიში „არ ტეხავს“, პირიქით კარგი საქციელია. თუ შეცდომას მიხვდი და მოიბოდიშე, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ადამიანი ხარ.

– ვნანობ...

– ძალიან ვნანობ, რომ დღეს ვერ ვარ ისეთი შეძლებული, სხვებს რომ გავუწოდო დახმარების ხელი. უსახლკარო ბავშვები და მოხუცები ქუჩაში მოწყალებას რომ ითხოვენ და სათანადოდ ვერ ვეხმარები, ამას განვიცდი და ვფიქრობ, რა ვერ გავაკეთე ისე, რატომ ვერ გავხდი იმ დონეზე ძლიერი, რომ მათ დავხმარებოდი.

– ვაგროვებ...

– მეგობრებს ვიმატებ ცხოვრების ბოლომდე. კარგი ადამიანების კოლექციონერი ვარ.

– არასოდეს დამავიწყდება...

– სამს გამოვყოფ: ჩემი მეუღლე, ჩემი ვაჟკაცი და ქალიშვილი.

– თავისუფლება არის...

– ვფიქრობ, როცა მიწიერ ცხოვრებას დავტოვებთ, თავისუფლება მერე გვექნება. დედამიწაზე თავისუფლება არ გამოდის, სულ ვიღაცაზე ან რაღაცაზე ხარ დამოკიდებული, მაგალითად, მსოფლიოსა და შენი ქვეყნის პოლიტიკაზე, დოლარის კურსზე და ასე შემდეგ. მიწიერ ცხოვრებას როცა დავტოვებთ და სხვა მიმართულებით გავალთ, სული მეტად თავისუფალი იქნება, მსგავსი პრობლემები არ შეაწუხებს და იმედია, იქ მაინც ვიფრენთ ლაღად.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– არ შევცვლილვარ, რაც ვიყავი, ის ვარ. ჩემს ცხოვრებაში ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც შეეძლო, ჩემს ადამიანობაზე, კაცობაზე, პიროვნებაზე ემოქმედა. თუ რამე განსაკუთრებული იყო, ამით მხოლოდ მაგალითი მივიღე და ვისწავლე, ესეც იმიტომ, რომ შემდეგში ბევრად ფრთხილი ვყოფილიყავი. ამას კი ცვალებადობას ვერ დავარქმევ, ის ვარ დღემდე, რაც თავიდან ვიყავი.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ყველაფერი კარგისთვის ხდება. თუ რამე მთავრდება, იმტვრევა ან ფუჭდება, პარალელურ რეჟიმში იწყება და იქმნება. ასე რომ, ამ ცხოვრებაში ცუდიც კი კარგისთვის ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...