ალექსანდრე ზაზარაშვილი: მთელი ოჯახისთვის დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება, დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ, მართლა ალექსანდრეაო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 12.02
ოთხი წლის შემდეგ მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. დედასთან მისი შეხვედრის ემოციური კადრები, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა ნახა. ალექსანდრე საკუთარი ემოციების შესახებ თავად მოგვიყვება.
ალექსანდრე ზაზარაშვილი: ოთხი წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი. ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მართლა მოვდიოდი. აღარ მჯეროდა ამის. ძალიან დიდი ხანია, ჩამოსვლა მინდა, მაგრამ ვერა და ვერ გამოვიდა.
თვითმფრინავში ჯდომისას რომ ვფიქრობდი, მალე ჩემი ოჯახის წევრებს ვნახავდი, ღამე კი ჩემს ლოგინში დავიძინებდი, გული ისე მიჩქარდებოდა, სუნთქვა მიჭირდა. ამიტომ ამაზე ფიქრსაც კი ვარიდებდი თავს. თურქეთის გავლით ჩამოვედი და გადაჯდომის შემდეგ, როდესაც უკვე თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალ თვითმფრინავში ვიჯექი და თბილისამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, ფანჯარაში მთები დავინახე. ისეთი ლამაზი იყო ფილმის კადრი გეგონებოდა. მაშინ ვიგრძენი, რომ უკვე საქართველოში ვიყავი. მხოლოდ მაშინ დავიჯერე, რომ ეს მართლა ხდებოდა.
ესკალატორზე რომ ჩამოვდიოდი, კარი გაიღო და ჩემი დის და მისი მეგობრის სახე დავინახე. მათაც დამინახეს და საოცარი ემოციები ჰქონდათ. ამის შემდეგ კარი დაიკეტა და ბარგის აღებას 15 წუთი დასჭირდა. იმხელა მოლოდინი იყო, მეგონა, 15 საათი გავიდა. ერთი სული მქონდა, გამოვსულიყავი და ყველას ჩავხუტებოდი.
დედა ძალიან ემოციური ადამიანია. მისთვისაც და მთელი ჩემი ოჯახისთვის დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება. აქედან სულ სხვანაირი ალექსანდრე გაუშვეს და უცებ ძალიან გაზრდილი და შეცვლილი ჩამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთხი წელი სულ ვსაუბრობდით და ერთმანეთს ვხედავდით, ამდენი წლის შემდეგ რეალურად პირველად მნახეს ასეთი შეცვლილი და დედაჩემიც და მთელი ჩემი ოჯახი ტიროდა. დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ, მართლა ალექსანდრეაო. ძალიან ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა.
– როგორია ახლა აქ ყოფნა?
– მანქანაში რომ ჩავსხედით და თბილისში გავიარეთ, მეგონა, სიზმარში ვიყავით და ველოდი, როდის გამეღვიძებოდა. კიდევ არ მჯეროდა, რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. გარშემო ქუჩებს რომ ვათვალიერებდი, თან მახსოვდა, თან არა. თითქოს ნაცნობი იყო, იმავდროულად, ძალიან უცხო და მისტიკური. სოფელში რომ შემოვედი უამრავი რამ გამახსენდა.
მეგონა, უცხოდ ვიქნებოდი. ოთხი წელი არ ვყოფილვარ სახლში. ეს დიდი დროა, თან ისეთ ასაკში წავედი, რომ ეს ოთხი წელი 40-ს ნიშნავდა. 13 წლის წავედი და 17-ის ჩამოვედი. იქ გავიზარდე, იქ ჩამომიყალიბდა აზროვნება და ეს ოთხი წელი რეალურად ბევრად მეტია. თუმცა, გაუცხოება არ მიგრძნია. უფრო სწორად, თან ყველაფერი მეუცხოებოდა და თან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გუშინ წავედი. თითქოს გაორებული ვარ.
– რას ამბობენ ოჯახში, ვიზუალის გარდა, ისედაც შეცვლილი ხარ?
– რაც ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც ისაა, რომ როგორც მეუბნებიან, ჩემი ხასიათი არ დამიკარგავს. მეუბნებიან, ისევ ისეთი მხიარული და თბილი ხარო. ამ მხრივ, დიდი განსხვავება არ არის. თუმცა, იმასაც ამბობენ, ძალიან შეცვლილი ხარ, მაგრამ რაც მთავარი და კარგია, ის არ დაგიკარგავსო, (იცინის).
იმდენად მინდოდა, ეს დღე დამდგარიყო, ერთი პერიოდი საქართველოში ჩამოსვლის მომენტს სიზმარში ვნახულობდი ხოლმე. თურმე, რეალურად ასჯერ მაგარი შეგრძნება ყოფილა.
– რამდენი ხნით და რა გეგმებით ჩამოხვედი?
– არანაირი გეგმა არ მაქვს, მხოლოდ ის მინდა, რომ დრო ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო. ერთი თვით ჩამოვედი და მინდა, დაკარგული დრო ავინაზღაურო. ახლა უკვე შემიძლია მისვლა-მოსვლა საქართველოსა და ამერიკას შორის. მოგზაურობის უფლება შეზღუდული აღარ მაქვს. ამიტომ მომავალში შემიძლია, ჩამოვიდე და კონცერტები დავგეგმო. ამ შემთხვევაში ჩემს ამერიკაში გამართულ ტურს ჩამოვიტან.
– სოციალურ ქსელში, ალბათ, ბევრმა გაიზიარა თქვენი სიხარული...
– ამერიკაში ყოფნისას მეც რომ ვუყურებდი მონატრებული ადამიანების შეხვედრის ამსახველ ვიდეოებს, ერთი სული მქონდა ეს მეც მალე განმეცადა. მეც მინდოდა, მალე დამდგარიყო დღე, როცა სოციალურ ქსელში ასეთი თბილი ჩახუტებების ვიდეოების დადებას შევძლებდი. მინდოდა, ადამიანებისთვის ამით მეთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია. დიახ, ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ, ხალხს კიდევ ვახსოვარ და ვუყვარვარ. სითბოს გამოხატავენ ჩემ მიმართ და ეს დიდი ბედნიერებაა.
– დედა როგორ გრძნობს თავს?
– ისე, უბრალოდ რომ ვდგავარ, მიყურებს, მიყურებს და ამბობს, ვაიმე, კიდევ არ მჯერა, რომ აქ ხარო და მეხუტება. ძალიან ბედნიერია ისიც და მთელი ჩემი ოჯახიც. რომ ჩამოვედი ჩემს დას ვეჩხუბებოდი, პრინციპში მთელს ოჯახს, ასე, უბრალოდ რომ მაშტერდებოდნენ და იცინოდნენ (იცინის).
– ამერიკაში რა სიახლეები გაქვს?
– ამერიკაში ძალიან მაგარმა პროდიუსერმა მიპოვა. ის ძალიან დიდი ვარსკვლავების პროდიუსერია, მაგალითად, სტინგის, კანიე უესტის და ასე შემდეგ. ამ ადამიანთან ერთად ვმუშაობ ჩემს ახალ ალბომზე. რომ დავბრუნდები, ისევ განვაგრძნობთ მუშაობას. რაც შეეხება ამერიკაში ჩემს ამერიკულ ტურს, ქართველი, უკრაინელი და ამერიკელი მაყურებლისთვის კონცერტები რამდენიმე შტატში ჩავატარე და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ისეთი შეფასებები იყო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ერთმა ამერიკელმა ქალმა, რომელსაც ძალიან დიდი ვარსკვლავების კონცერტებზე აქვს ნამუშევარი, მითხრა, მეგონა, რომ ძალიან დიდი პოპვარსკვლავის მილიონობით ბიუჯეტიან კონცერტზე ვიყავიო. ძალიან გამიხარდა. თან, ჩემს კონცერტებზე აბსოლუტურად ყველა დეტალი ჩემი შექმნილია.
როცა ყველაფერი შენი გაკეთებულია და გეუბნებიან, ისეთი მაგარია, გეგონება, მილიონები იყოს დახარჯულიო, ძალიან მაგარია. ამიტომ მინდა, ეს კონცერტი საქართველოშიც გაიმართოს.
– მხოლოდ სიმღერას კი არა, საორგანიზაციო საქმეებსაც მთლიანად საკუთარ თავზე იღებ?
– მე მყავს ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან ორგანიზების საკითხებში, მაგრამ პატარაობიდანვე ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. მაგალითად, „ვოისში“ მონაწილეობისას, გავიდოდი და ვუყურებდი, როგორ იღებდნენ ოპერატორები. ყოველთვის ყველა დეტალი მაინტერესებდა. შემიძლია, ეს საქმე პროფესიონალებს მივანდო, ეს ხომ ჩემს კომპეტენციაში არ შედის, გამოვალ, ვიმღერებ, კარგ შოუს დავდებ, მაგრამ ეს რომ შევძლო, აბსოლუტურად ყველაფერში უნდა ვიყო გარკვეული და ჩართული. ჩემი გუნდის წევრები ხუმრობენ ხოლმე, კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე თუ მოხვალთ, აჯაჯულ-დაჯაჯულ ალექსანდრეს ნახავთო (იცინის). შეიძლება, ყველაზე საშინელი, მაგრამ კომფორტული ტანსაცმელი მეცვას, ყურსასმენებს ვიკეთებ, კომპიუტერთანაც ვჯდები და ასე შემდეგ, არ არის საქმე, რომელსაც თვალს არ ვადევნებ. მერე, როცა სცენაზე გასვლის დრო მოდის, უცებ გადავიცვამ და გარდასახვა ხდება (იცინის).
– ამას დიდი რესურსი სჭირდება, გადაწვა არ გიგრძნია?
– გადაწვის ორი-სამი მომენტი მაინც მაქვს ხოლმე. ვცადე, სხვებს მივნდობოდი, მაგრამ ასე უფრო გადავიწვი. ძალიან მაქსიმალისტი ვარ. თუნდაც, ახლა, უდიდესი ვარსკვლავების პროდიუსერთან ვმუშაობ, მაგრამ არ შემიძლია, ყველაფერში ვენდო. ვსწავლობ ყველა დეტალს, რომ ესეც თვითონ შევძლო. პატარაობიდანვე მინდა, ყველაფერი ვიცოდე და ამ სურვილის წყალობით, შორს წავედი. ყველას პატივს ვცემ, ყველას საქმეს ვაფასებ, მაგრამ, როცა ზუსტად იცი, რა როგორ ხდება, მერე ისიც იცი, რას ეძებ, რა გჭირდება და როგორ უნდა მიაღწიო სასურველ შედეგს. დამღლელია, მაგრამ ვცდილობ, ჩემს თავს კონცერტის წინ დასვენების დრო მივცე. ნახევარი საათი ვჯდები, ტვინს ვრთავ, ვმედიტირებ და მერე ახალი ალექსანდრე იბადება. თუმცა ვაღიარებ, ძალიან დიდი ენერგია მაქვს. კონცერტი რომ მთავრდება, შემიძლია, მაშინვე ახალი კონცერტი ჩავატარო (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან