აჩიკო ნიჟარაძე: დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ ვდგამ, წლები რომ დავაბრუნო, არაფერს შევცვლიდი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 00:47 21.03

აჩიკო ნიჟარაძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის აჩიკო ნიჟარაძე?
აჩიკო ნიჟარაძე: საკუთარ თავზე ასე საუბარი ძალიან რთულია. აჩიკო ნიჟარაძე არის ადამიანი, ვისთვისაც ყველაზე მთავარია ერთგულება, ოჯახი, მეგობრები და საკუთარი ქვეყანა.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– მინდა, იყოს მშვიდობა მთელს მსოფლიოში, ყველას უყვარდეს ერთმანეთი. ბევრს ვმოგზაურობდეთ, ბევრი თავგადასავალი გვქონდეს, ხშირდ ვმართავდეთ კონცერტებს და ასე შემდეგ.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?
– ყოველთვის ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი იქ, სადაც მომიწევდა ისეთი საქმის კეთება, რომელიც არ მიყვარდა. ვცდილობდი და ვცდილობ, ის საქმე ვაკეთო, რაც მიყვარს და მსიამოვნებს.
– ემოციური ადამიანი ხართ?
– ემოციური ნამდვილად ვარ. სხვისი გასაჭირი ჩემზე ძალიან მოქმედებს. მინდა, გარშემო ყველა ბედნიერი იყოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვარ მეც კარგად. სხვისი ცხოვრებითაც ვცხოვრობ. მეგობარი იქნება თუ თუნდაც სრულიად უცხო ადამიანი, ყველას ტკივილს საკუთარივით განვიცდი და მინდა, ყველა კარგად იყოს.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ვიტირე, როცა შვილი გამიჩნდა. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. გული მქონდა აჩუყებული და ბედნიერების ცრემლებით ვტიროდი.
– ბევრი მამაკაცი მალავს ცრემლს...
– მე არ მგონია, რომ აქ რამე დასამალია. მამაკაცი ადამიანია და ბუნებრივია, რომ ემოცია აქვს. მე მგონია, რომ ემოცია კაცმაც უნდა გამოხატოს და ქალმაც. მე პირადად ცრემლს არასდროს ვმალავ.
– ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ, რაში დახარჯავდით?
– ო, ძალიან ბევრ მაგარ საქმეს გავაკეთებდი. პირველ რიგში, გარშემო ვინც გაჭირვებული მყავს, ყველას დავეხმარები. შორს არ წავიდოდი და ჩემი სფეროს წარმომადგენლებსაც ძალიან დავეხმარებოდი. ბევრ რამეს შევცვლიდი. ძალიან ბევრ ბავშვს მივცემდი საშუალებას, მაგარი კონცერტები ჩაეტარებინათ. თუ ბევრ მილიონზე გვაქვს საუბარი სტუდიებსა და მუსიკალურ სკოლებს გავხსნიდი.
– მსოფლიო მასშტაბის პოპულარობაზე გიოცნებიათ?
– არ მაქვს არარეალური ოცნებები და მსოფლიო ვარსკვლავობაც ასეთი მგონია. საქართველოს მასშტაბით კარგია (იცინის). გააჩნია, სად დაიბადე, რა გარემოში გაიზარდე, აქედან მოდის ოცნებებიც და მსოფლიოს დაპყრობის სურვილი არასდროს მქონია.
– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს არასწორ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?
– ასეთი არაფერი. წლები რომ დავაბრუნო, არაფერს შევცვლიდი. ალბათ, იმიტომ, რომ დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ ვდგამ. სანამ რამეს გავაკეთებ, დიდხანს ვფიქრობ. მით უმეტეს, როცა საქმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ეხება. როცა ოჯახი გაქვს, მეტ პასუხისმგებლობასაც იღებ. როცა პატარა ხარ, მაშინ სხვანაირად ფიქრობ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ცუდი არაფერი გამეკეთებინა.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– არა, არასოდეს. ასეთი მომენტები არასდროს მქონია. სხვისი არასდროს არაფერი მდომებია. მხოლოდ და მხოლოდ სიმინდი – სოფელში ზაფხულში, ბავშვებთან ერთად (იცინის).
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან და თუ ხვდებით, როცა თქვენს მოტყუებას ცდილობენ?
– ზოგადად, ტყუილის თქმა არ მიყვარს და არც სხვას არ ვატყუებინებ თავს. კი, ვხვდები, თუ ტყუილს მეუბნებიან. ჯერ არ მქონია შემთხვევა, მეფიქროს, როგორ გამაცურეს-მეთქი. ძალიან დაკვირვებული ვარ. მე თვითონ ვერ ვამბობ ტყუილს, არ გამომდის, მაშინვე მეტყობა, რომ რაღაცას გატყუებ (იცინის). ძალიან უწყინარი ტყუილი, რაც არავისთვის არაფერს ცვლის, როგორ არ მითქვამს. ყველანი ადამიანები ვართ და არა მგონია, ეს ვინმესთვის უცხო იყოს, მაგრამ საერთოდ, ტყუილის თქმა არ მახასიათებს.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– მადლობა ღმერთს, არ მოუცია ამისი მიზეზი. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ოჯახისა და ქვეყნის გამო, თუ საჭიროება მოითხოვს, შემიძლია, ძალიან სასტიკი გავხდე. რომ წარმოვიდგინო, ვინმე ჩემი ოჯახის წევრს შეეხოს ან ჩემს ქვეყანას უსამართლოდ, მაშინ ნამდვილად გავხდები ასეთი. ღმერთმა არ დამაჭირვოს, სულ არ მინდა, რომ ვინმეს მიმართ სასტიკი ვიყო. თუმცა, არსებობს ერთი პროცენტი შანსი, რომელიც მიძინებულია და არ ვაღვიძებ (იცინის).
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით კარგი, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა და ცუდი, რამაც გული გატკინათ?
– კარგი პროფესიული კუთხით ბევრი მსმენია, თუმცა, ამ მხრივ, ჩემს თავზე საუბარი მიჭირს. ცუდად იმას აღვიქვამ, როცა რაღაც სისულელეებს იგონებენ. შეიძლება, ადამიანი საერთოდ არ გიცნობდეს, მაგრამ ვინმესთან საუბრის დროს რაღაც შეთხზას შენ შესახებ. ეს არის და ეს, თორემ ჩემზე რამე განსაკუთრებით ცუდი ან ბოროტული არ მსმენია. თუმცა, ტყუილების მოგონებაც ჩემთვის მიუღებელია. მომისმენია ისეთი რამეები, რასთანაც საერთოდ არ მაქვს კავშირი. ვიღაცას რაღაც მოუგონია, სოციალურ ქსელში დაუწერია და ადამიანს, რომელიც მიცნობს, ჩემთვის ერთხელაც კი არ უკითხავს, ეს მართალიაო? ისე დაუჯერებია მისი და ისე დათანხმებია ჭორის მომგონს, ჰო, აბა, როგორ ცუდი საქციელიაო. ხდება ხოლმე ასეთი რამ და ძალიან გულდასაწყვეტია. როცა შეგიძლია, გადაამოწმო და სიმართლე გაიგო და ამის ნაცვლად უბრალოდ, ეთანხმები, ეს არის ცუდი და საწყენი.
– პროფესიული საქმიანობის გარდა, ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვართ?
– ყველაზე მეტად მიყვარს მოგზაურობა და სპორტი. როცა ამის საშუალება მაქვს, ძალიან კარგია. განტვირთვისთვის ძალიან მომწონს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე წასვლა.
– რისი კეთება არ გიყვართ ყოველდღიური საქმეებიდან?
– რისი კეთებაც არ მიყვარს, იმას არ ვაკეთებ (იცინის). მაგალითად, არ მიყვარს ნადირობა და თუ შემომთავაზებენ, უარს ვამბობ. საერთოდ არ მომწონს ცხოველების ხოცვა. არც თევზაობა მიყვარს. რაც შეეხება საქმეებს, მაქვს ხოლმე შაბათობა ოჯახში, თვეში ერთხელ. ანუ, თუ რამე დაზიანდება, ვაკეთებ. იცოცხლე, ბავშვები საქმეს არ გამოლევენ.
– რამის ფობია გაქვთ?
– დახურული სივრცის შიში მქონდა, მაგალითად, ლიფტში გაჭედვის. მერე ისე მოხდა, რომ ბავშვებთან ერთად გავიჭედე საკმაოდ დიდი ხნით. ხომ წარმოგიდგენიათ, ბავშვები ცალკე დასამშვიდებლები რომ არიან და ცალკე – მე (იცინის). გადავლახე, ახლა შემიძლია, ჩავჯდე და კარგა ხანი ლიფტში გავატარო (იცინის). ფსიქოლოგიური მომენტია, აბსოლუტურად გადალახვადი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან