ზიარების შესახებ
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.10

მორწმუნეთაგან მრავალნი ისეთ უგუნურებასა და მცონარობამდე მივიდნენ, რომ არიან რა აღვსილნი აურაცხელი ცოდვებით და სრულებითაც არ ზრუნავენ საკუთარ თავზე – უდიერად და როგორც მოუხდებათ, მიეახლებიან დღესასწაულებში წმიდა ზიარებას.
ის კი არ უწყიან, რომ ზიარების მადლი განისაზღვრება არა დღესასწაულითა და ზეიმით, არამედ სუფთა სინდისითა და უმწიკვლო ცხოვრებით. როგორც ცოდვებში ჩაფლულსა და უნანებლისთვის სულაც არაა საკმარისი მხოლოდ დღესასწაულებზე ზიარება, ასევე ისიც, ვინც საკუთარ თავში ვერ ხედავს ვერაფერ ცუდს, საჭიროა ყოველდღიურად ეზიაროს. რადგან, თუ ჩვენ წელიწადში ერთხელ მივეახლეთ ზიარებას, სულაც არ გვათავისუფლებს დანაშაულისგან, მით უფრო, თუკი უღირსად ვეზიარებით. პირიქით, სწორედ ეს გვაყენებს მეტი განკითხვის ქვეშ, რომ ვეზიარებით რა წელიწადში ერთხელ, მაშინაც კი არ მივეახლებით ზიარებას წმიდად. ამიტომ ყველას გთხოვთ, საღვთო საიდუმლოებებს არ მიეახლოთ მხოლოდ დღესასწაულის გამო, არამედ, როდესაც თქვენ გსურთ ამ წმიდა ძღვენის ზიარება, მანამდე რამდენიმე დღით ადრე ეცადეთ, თავი სინანულით, ლოცვეით, მოწყალებითა და სულიერი საქმიანობით განიწმინდოთ და უკან ნუღარ დაბრუნდებით, როგორც ძაღლი საკუთარ ნარწყევში. მართლაცდა, განა საშინელება არაა, ხორციელ საგნებზე ესოდენი ზრუნვა გამოიჩინონ, რომ დღესასწაულის მოახლოებისას, რამდენიმე დღით ადრე, სკივრები გახსნან და ყველაზე საუკეთესო კაბა ამოიღონ, მოამზადონ იგი, შეიძინონ ფეხსაცმელები, საკვები უხვად მოიმარაგონ, ჩაიფიქრონ ათასგვარი სასყიდელი და ყველანაირად მოირთონ და მოიკაზმონ. სულზე კი, რომელიც სავსებით უგულებელყვეს და დატოვეს არაწმიდად, შერყვნილად, შიმშილით გათანგულად და სრულიად მოუწყობელად, სულაც არ ზრუნავენ. სხეული ღვთის ტაძარში მორთული შემოიყვანონ, სული კი შიშველი და უსახური დატოვონ? ამასთან, შენს სხეულს შენივ მსგავსი მონა ხედავს, ხოლო სულს – უფალი და მისი უგულებელყოფისთვის უდიდეს სასჯელს მოგიზღავს. ნუთუ თქვენ არ იცით, რომ ეს ასეთი სული სავსეა სულიერი ცეცხლით და როგორც წყაროსთვალები გამოადინებენ საკუთარი თავიდან ბუნებრივ წყალს, ასევე მასაც აქვს თავის თავში რომელიღაც გამოუთქმელი ალი? ამიტომაც ზიარებას ნუ მიეახლები გულსა და გონებაში დამკვიდრებული ჩალით, შეშითა და თივით, რათა შენ არ გააძლიერო აალება და მაზიარებელთა სული არ დაწვა, არამედ მიეახლე ძვირფასი თვლებით, ოქროთი და ვერცხლით, რათა საკუთარი სული ასე უფრო გაასუფთაო და აქედან შენც დიდი შენაძენით გახვიდე. თუკი შენს სულში რაიმე ცუდია, განაგდე, გააძევე იგი. ვინმეს მტერი ჰყავს და დიდი წყენა მიადგა მისგან? დე, ასეთმა შეწყვიტოს მტრობა, დე, დააშოშმინოს ანთებული და გაღიზიანებული სული, რათა შიგნით არანაირი შფოთი და მღელვარება არ იყოს. ზიარების გზით შენში შემოვალს მეფე, ხოლო როდესაც დიდი სიჩუმეა და დიდი სიმყუდროვე – გულშიც უდიდესი მშვიდობაა.
იოანე ოქროპირი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან