რელიგია

რას ემყარება ქართველების მესიანიზმი და რა მისია აქვს ქართველ ერს

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ებრაელებს აქვთ რჩეული ერის პრეტენზია და ამის შესახებ ძველი აღთქმაც გვამცნობს, ყოველ შემთხვევაში, ღმერთი ებრაელებს ჩემს ხალხს უწოდებს, მეორე მხრივ, ქართველებსაც გვაქვს ღვთისმშობლის წილხვედრობისა და გამორჩეულობის პრეტენზია. შეიძლება თუ არა, რომ ორ ერს ჰქონდეს მესიანური მისია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რას ეფუძნება ქართველების განცდა, რომ ჩვენს ერს აქვს მესიანური ფუნქცია და საინტერესოა ებრაელების შემთხვევაშიც ამ მისიის საკუთარ თავზე მიწერის მიზეზი.

– საქართველოს აქვს იდეა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია, ანუ ქრისტეს დედულეთია. სწორედ დედა გვაძლევს ჩანასახის მდგომარეობაში ქრისტეს. რა არის დედა?! რაც ადედებს, ანუ ხორცს ასხამს. სწორედ ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრობა. უფრო ღრმად თუ შევყვებით ამ აზრს: ყველა ადამიანი ღვთისმშობელია, იმ თვალსაზრისით, რომ დედა მიმღებია, მატერიაა. იდეას, მარცვალს, რწმენას სჭირდება მიწა, მატერია, ანუ დედა, რომ შეადედო იდეა, ხორცი შეასხა და ზოგად რელიგიად კი არ დარჩეს, არამედ კაცი შედგეს. კაცი – ვინც ვიყავით ჩვენ და რისთვისაც შეგვქმნეს. აქედან რომ შევხედავთ, მესიანიზმის მდგომარეობას დავინახავთ. ჩვენ, უბრალოდ, დაღდასმულები ვართ ამით და, როგორც ებრაელებს გადაეზრდებოდათ ხოლმე ამპარტავნობაში, ჩვენც იგივე გვემართება. ასეცაა, რადგან, თუ სიმდაბლე არ გყოფნის, ძალიან საშიშია და უკვე ნეგატიურ მესიანიზმში გადადის, სხვებს რომ ზემოდან დაჰყურებ. ეს სჭირთ ებრაელებსაც და გვჭირს ქართველებსაც, როდესაც სულ სხვანაირად არის გაგებული რჩეულობა, რომ თითქოს ჩვენ ვიბატონებთ და სხვები მოგვემსახურებიან. სინამდვილეში კი დედობა ნიშნავს, რომ შემადედებელი ხარ, ხორცს ასხამ. ანუ რწმენა იდეად კი არ რჩება და რიტუალად, არამედ მიმყვანია. იქნებ ეს ქართველთა ერთობა, რასაც ხშირად ვამბობთ ხოლმე, იმ ერთი სხეულის, ხორცშესხმული ღმერთის სიყვარულის ტახტზე დადგმის მდგომარეობაა, რომელიც აქ, იბერიაში სრულდება?!

ჩვენ ამით დაღდასმულები ვართ. უბრალოდ, ებრაელების მსგავსად, ზედმეტ ამპარტავნობაში გადაგვდის რჩეულობა, თუ გაცნობიერებული არ გვაქვს, რადგან, თუ გაცნობიერებული გაქვს, პირიქით, ყველაზე მდაბალი ხარ: იესოსავით ფეხს ბან ყველას. ნამდვილი მესია ამას აკეთებს. ნამდვილ მესიას პატივი არ უნდა, პირიქით – ისაა ყველას მსახური და ქართველებს აქ ცოტა გვიჭირს. შესაბამისად, როდესაც არასწორად გვესმის, ზუსტად მაშინ ვისჯებით. მაგრამ, რაც მთავარია, ქართველი ამითაა დაღდასმული. რას ველოდებით ჩვენ?! ქრისტეს მეორედ მოსვლას ციდან?! არა – იმას, რაც ჩვენს გულებშია რწმენით შემონახული. ამაზე ილია ჭავჭავაძეც წერს, ქართველებმა გული გადავიხსენით, ქრისტეს რჯული კლდესავით ჩავიდგით და ცრემლებით მოვრწყეთო. აი, რა მისია ჰქონდა საქართველოს, როგორც ებრაელებს. ჩვენ მაინც მისიის ერი ვართ და შეიძლება, იმიტომაც ვართ დაუნდობლები: თუ ნაკლები ხარ, არ დაგინდობს მეორე ქართველი. ამდენად, ეს ჯაჯგურიც, პარტიულად დაქსაქსულობა ბუნებრივია, არც შენ ხარ მესიის შესაფერისი და ამიტომ არაფერს გაპატიებ. ჩვენ ერთად ერთობაშიც ძლიერები ვართ და ეგოშიც, იმიტომ რომ, სადაც ეგოა ძლიერი, სწორედ იქ უნდა შედგეს ერთობა. ამიტომ იყო ყველაზე მეამბოხე ებრაელი ერი...

ჩვენც, როდესაც ჩვენს მისიას ვივიწყებთ, მტერი მოდის, აქედანაც ჩანს, რა მისია გვაქვს. ებრაელებთანაც ეს ხდება, როგორც გადადიოდნენ რჯულს, იმ წუთასვე მტერი მოდიოდა მათზე. მტერი აფრთხილებდა და ახსენებდა. რატომ მოვიდა მტერი?! იმიტომ რომ სადღაც გადასცდი შენს გზას. ტაძარიც იმიტომ დაენგრათ, მისიისთვის რომ არ გაეშვათ ხელი. ქართველებიც, როგორც კი რაღაცას გადავცდებით ხოლმე, მტერს დავიტეხავთ თავზე და სწორედ ეს არის გამამთლიანებელი. ქრისტეს მისია რა არის?! შედგეს მეფედ, ანუ კაცად. კაცისთვის შეიქმნა ეს დედამიწა: „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა“. საქართველოში ზუსტად ეს ცნობიერებაა: ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი. საქართველომ, ამ მცირე ქვეყანამ, აი, ეს დაიცვა და ამას შევაკალით თავი. ამიტომაა „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“. არადა გარეგნულად თითქოს არაფერი ჩანს. რას დავემსგავსეთ, შეხედეთ სოციალურ ქსელებს, მიტინგებს, სულ ერთმანეთის ლანძღვაა, მაგრამ, დიახაც, იმიტომ კეთდება ასე, რომ არ გპატიობს ქართველი შენს ეგოიზმს. თუ გამამთლიანებელი მოდელი არ გაქვს, მეორე მარტო ეგოიზმში არ გაგახარებს. ამიტომაცაა ძლიერი ჯაჯგური, ოღონდ იმავდროულად ვხედავთ, რომ, როდესაც ეგო უკან იწევდა, რაღაცის გარშემო ავტომატურად ვერთიანდებით და ამ ერთიან სხეულს ვგრძნობთ თითოეული და სწორედ ეს ვიგრძენით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალების დღეებში.

ჩვენ ვიყავით ერთობის სულში, ეს ვიგემეთ და განვიცადეთ და რა დაგვიტოვა პატრიარქმა?! ის, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში, რისკენ მივდივართ, რას ვუახლოვდებით ჩვენ, ქართველები. აი, ამის იმედი გამოჩნდა. ესე იგი, რა არის ერთობის არსი?! ეგოს უარყოფა, რომ ჩვენ იმ მთელში შევიდეთ და აღვადგინოთ ჩვენი მხსნელი, პარტიის ან პიროვნების გარეშე კი არ უნდა ვეცადოთ გაერთიანებას – ვერ შეძლებ ამას ადამიანი, იმიტომ რომ ჭეშმარიტება ყოველთვის მიღმააა – არამედ შენი თავი აგურად უნდა დაუდო იმ დიდ სასახლეს, დიდ ტაძარს, რომელსაც ძე კაცისა ჰქვია. მას უნდა მისცე შენი გული ერთ აგურად და მაშინ ყველანი ერთნი ვიქნებით. ხოლო, როდესაც შენ ეგოიზმით ცდილობ, მარტო შენ გარშემო გააერთიანო ადამიანები, დაუნდობლად გექცევა მეორე ქართველი. იმ დაუნდობლობის ფესვიც ზუსტად ის არის, რომ ეგოს არ ახარებს. ვერ გამეფდება ეგოიზმი, ვინაიდან ეს არანორმალურია. ადამიანის ბუნების შეურაცხყოფაა, როდესაც შენ მასზე გარედან ბატონობ რაღაც კანონებით. ეს სირცხვილია, ჩემი ბუნება ამით შეურაცხყოფილია. არასწორმა მოქმედებებმა გამოიწვია ამდენი ციხეები, პარტიები, გაცალკევებები და ჭიდილი... ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა და ამას უნდა მივხვდეთ. ერთი ხელის გაწვდენაზეა ის ცოცხალი ერთობა, რომელშიც ყველანი გავიხარებთ და ყველა მეფედ დარჩება; ყველა სრულად გამოვლინდება თავისი პიროვნულობით.

თითოეულ ქართველს რომ არ ეგრძნო ის ტვირთი, რასაც პატრიარქი დაატარებდა, ამდენი ხალხი არ გამოვიდოდა. ყველა ხედავდა ამას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს აკრიტიკებდნენ, ბრძოლის ტალღა იყო აგორებული მის წინააღმდეგ, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ის დაუფასეს, რაც ყველა ქართველმა იგრძნო. რამ გამოიყვანა ამდენი ხალხი?! ქართველობამ, არა, როგორც იდეამ, არამედ, როგორც ნამდვილმა სიცოცხლემ, ქრისტემ, მესიამ; დიახ, ნამდვილმა სიცოცხლემ, რომელშიც ერთად შევდივართ. ძალიან ჰგავს ეს ფენომენი მოსეს ფენომენს: თუ ეგვიპტეს შევადარებთ საბჭოთა კავშირს, ათეიზმს, უდაბნოს მონური ცნობიერებიდან გათავისუფლების პროცესს, პატრიარქიც მოსესავით ვერ ლახავს იორდანეს, გამოღმა რჩება. რატომ ვერ გადავიდა მოსე იორდანეზე?! ეს ისტორიაც ძალიან ჰგავს პატრიარქის ისტორიას და ამის შესახებ შემდეგ ნომერში განვაგრძოთ თხრობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი