რელიგია

უფლის გზაზე

№19

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

ბრძენი ამბობს:

„ესე უწყოდე, რამეთუ შოვრის მახეთა ხვალ და გრძილთა ზედა არდაბაგისა (ჯებირის ქვა) ქალაქისათა განხვალ“ (ზირ. 9,18). მას არ უთქვამს, შეხედეო, არამედ უწყოდეო, თქვა. რატომ თქვა, უწყოდეო? იმიტომ, რომ მახე შეფარულია. მახეც ხომ იმად ჰქვია, რომ სიკვდილი აშკარად არ მოდის, დაღუპვაც არ არის თვალსაჩინო – ამიტომაც ამბობს ბრძენი, შეიცანიო. დიდი წინდახედულება და განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს, რამეთუ, როგორც ბავშვები ნიღბავენ ორმოს მიწით, ისევე ნიღბავს ეშმაკი ცოდვას ყოფითი სიამეებით. მაგრამ შენ შეიცანი, გულმოდგინედ გამოიკვლიე და როდესაც რაიმე საქმეში სარგებელს ხედავ, გაფრთხილდი, ამ სარგებელში ცოდვა და სიკვდილი ხომ არ არის შეფარული, და თუკი დაინახავ, რომ ასეა, უკანმოუხედავად გაიქეცი. როდესაც სიამოვნება და განცხრომა გელანდება, მაშინაც კარგად დაფიქრდი, მათ სიღრმეში რაიმე უსჯულოება ხომ არ იმალება, და თუ დარწმუნდები შენი ეჭვის სისწორეში, გაერიდე. ვინმე რამეს გვირჩევს, გვეპირფერება, სამსახურს გვიწევს, პატივსა და დიდებას გვპირდება თუ სხვას, მაშინაც ყოველმხრივ და გულმოდგინედ გამოვიკვლიოთ, რაიმე საფრთხე ხომ არ გველის ამ რჩევიდან, პატივიდან თუ სამსახურიდან – ნუ ვიქნებით მალემრწმენნი და განუსჯელნი. ერთი-ორი მახე რომ იყოს ჩვენ გარშემო დაგებული, კიდევ ადვილად შეიძლება, გადაურჩეს კაცი, მაგრამ ნახე, რას ამბობს ბრძენი: „ესე უწყოდე, რამეთუ შორის მახეთა ვალ“. ის კი არ უთქვამს, მახეთა ახლოს დადიხარო, არამედ „მახეთა შორისო“. ორივე მხარეს უფსკრულებია, ორივე მხრიდან ათასი მახე გვაკრავს. მოედანზე გახვედი, მტერი დაინახე – მრისხანებამ შეგიპყრო, მეგობარი შეგხვდა, რომელსაც ხალხი აფასებს – შეგშურდა, გლახაკს გადაეყარე და – არაფრად ჩააგდე, არ განიკითხე, მდიდარი დაინახე და – ისევ შეგშურდა. ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებენ – შფოთავ, შეურაცხმყოფლის დანახვაზე სიბრაზე გერევა, ლამაზ ქალს მოჰკრავ თვალს და გულისთქმა იღვიძებს, ხომ ხედავ, საყვარელო, რამდენი მახეა, ამიტომაც თქვა მაცხოვარმა: „ესე უწყოდე, რამეთუ შორის მახეთა ვალ“: სახლშიც, სუფრასთანაც, საკრებულოებშიც – ყველგან მახეებს ვაწყდებით. ხშირია, რომ კაცი დაუფიქრებლად იტყვის მეგობრების წრეში რაიმე ისეთს, რისი თქმაც არ ეგებოდა, და ისეთ უბედურებას გამოიწვევს, რომ მთელ ოჯახს დააქცევს.

იტყვი, რა საჭიროა ამდენი მახეო? იმისთვის, რომ მიწას კი არ ვეჯაჭვებოდეთ, ზეციურს ვეძიებდეთ, ზეციურში რაღას გულისხმობ? იმ ადგილს, სადაც მზე და მთვარეა? არა. იმას, სადაც ანგელოზები, მთავარანგელოზები, ქერუბიმ-სერებინნი არიან? არა. მაშ რაღას? იმას, „სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯვენით ღმრთისა მჯდომარე“ (კოლ. 3,1).

ამგვარად, შევიცნოთ მახეები და შორიდან მოვუაროთ მათ, შევიცნოთ ფრიალო კლდეები და ნურც მათ გავეკარებით. სრულიად უსაფრთხო მდგომარეობაში მაშინ ვიქნებით, თუ არა მარტო ცოდვას, არამედ იმასაც გავექცევით, რაც ერთი შეხედვით, უვნებელი ჩანს, მაგრამ ცოდვის მიზეზად გვიხდება. პავლე ამბობს: „სიტყვაი სიცოფისაი, განა ლაღობისაი... პირით თქუენით ნუ გამოვალნ“ (ეფეს. 5,4; 4,29), რადგანაც ეს ლაღობა თავისთავად თითქოს უმნიშვნელო რამ არის, მაგრამ უდიდესი ბოროტება შეიძლება, შეგვამთხვიოს. კიდევ: თავისთავად მხიარულება აშკარა და თვალსაჩინო ცოდვა არ არის, მაგრამ ნახე, რამდენი უბედურება მოაქვს: ლოთობა, მრისხანება, ანგარება, ტაცება. ფუფუნებისმოყვარე, მფლანგველი და გემოთმოყვარე კაცი ხშირად იძულებულია, კიდევაც იქურდოს, სხვისი კუთვნილი მიითვისოს და ძალადობასაც მიმართოს. მაშ, გავექცეთ არა მარტო ცოდვას, არამედ იმასაც, რაც უვნებლად გამოიყურება, მაგრამ ცოდვისკენ გვიზიდავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი