რატომ არის ქრისტე პასუხი, რომელსაც ვერ გადაიწერ, თავად უნდა ამოხსნა ადამიანად მოსვლის ამოცანა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
არცთუ იშვიათად ადამიანი ღმერთის რწმენასა და ეკლესიურად ცხოვრებასაც კი უკავშირებს შიშს, როცა არ გაუმართლებს, ცხოვრება ვერ აეწყობა ან განსაცდელები ეწვევა, ფიქრობს, რომ ის ღმერთისთვის სათნო არ არის. მეორე მხრივ, ეს ღვთის თვალში სათნოდ წარმოჩენაც ჩვენსავე წარმოდგენებს ემყარება, თითქოს ვიცოდეთ, ჩვენი რა ქცევა და აზრი მოეწონება ან არ მოეწონება ღმერთს. გამოდის, რწმენის ძირი შიშიცაა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– როგორ მწამდეს, თუ არ მეშინია დასჯის, ანუ შედეგის, რაც შეიძლება, მოჰყვეს ჩემს ურწმუნოებას?
– ეს საკითხი ბევრს აწუხებს და სწორედ აქედან გამომდინარეობს გამოთქმა, რომ ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, არამედ ადამიანმა შექმნაო ღმერთი თავის ხატად და მსგავსად. თითქოს ასეცაა, იმიტომ რომ ღმერთის შესახებ არსებული წარმოდგენების უმეტესობა არის ადამიანური, კულტურის ეპოქით დაღდასმული, რაც გარეთაა გატანილი. მაგალითად, სასტიკი ღმერთის სახე, რაც უკავშირდება გარემოს, შეიძლება, მამა ჰყავდა სასტიკი ან მთავრობაა სასტიკი... ანუ ეს წარმოდგენები ძალიანაა აზელილი ერთმანეთში და აქედან გასვლა არ არის ადვილი. ამიტომაც გვასწავლის „ბიბლია“, რომ თავი უნდა შევიკავოთ ღმერთზე წარმოდგენებისგან, არ უნდა მისცე ფანტაზიებს თავი. მაგრამ ადამიანი ვარ და მაშინ რა უნდა ვიცოდე ღმერთზე?! ბავშვს, როგორც წესი, რათა დაიცვან, ზრდიან სასჯელებით, იმიტომ რომ ბავშვი სულის სამყაროდან მოდის, სადაც გახსნილობაა, მიმღებლობაა, თვითნებობაა და სულს დრო სჭირდება, რომ მატერიაში ჩამოეშვას და გონს მოვიდეს, თუ სად არის, რა უნდა აკეთოს აქ. ის ჯერ ისევ სიზმრებსა და ხილვებშია. ამდენად, ამ სამყაროში რომ შემოდის, პირველ ეტაპზე აკრძალვებითა და შიშებით ზრდიან. მაგალითად, ჩვენი სახლის წინ მიტოვებული სახლის ნანგრევები იყო, ეკალბარდებით, სადაც ქვეწარმავლები ბუდობდნენ. რით უნდა დავეცავით მშობლებს, თუ არა შიშით?! გვეუბნებოდნენ, იქ მაკი ცხოვრობსო. ჩვენს წარმოდგენაში ეს მაკი იყო საშინელი არსება. ბავშვი ხომ სიტყვას იჯერებს?! და ჩემს წარმოდგენაშიც ეს მაკი ძალიან კონკრეტული შემაშინებელი არსება იყო და სრულიად მჯეროდა მისი არსებობა. ამიტომ შორიდან ვუვლიდით იმ სახლს, ვინ გაბედავდა, მიახლოებოდა. შესაბამისად, მიზანი მიღწეული იყო. მაგრამ, თუ ძალიან გახშირდა აკრძალვებით შექმნილი შიშები, შეიძლება, ვერც დავაღწიოთ მათ თავი და მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდეთ. ამიტომაც ჩვენი მთავარი პრობლემაა ამ ბალანსის დაცვა: ერთი მხრივ, გაექცე ამ შიშებს, იმიტომ რომ შენი ბუნება მაინც ღვთის ხატებაა, სინათლის შვილები ვართ და დამცირება, მორჩილება, ნაკლებობა, წაგება, შეზღუდვა ძალიან ძნელია ჩვენთვის და დისციპლინა სჭირდება, რომ ეს გზა გაიარო. ებრაულ სწავლებაში ეს ბრწყინვალედაა წარმოდგენილი: ხესედი და გვურა. ხესედი არის ადამიანის პირველი ბუნება და აბრაამია ამის სიმბოლო: გაცემა, უპირობო სიყვარული, თავგანწირვა, იმისდა მიუხედავად, ეს ვინმეს სჭირდება თუ არა. მეორეა გვურა – თავშეკავება, სიმკაცრე, თავის მოზღუდვა, რითიც ნელდება ხესედი. მაგალითად, მე რომ მასწავლებელი ვარ, ვცდილობ, ბავშვს ყველაფერი მივაყარო, მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი მეუბნება, დაიტევს კი ბავშვი, ამდენი რომ მიეცი, თუნდაც, ცოდნა, თუნდაც – ფული?! პირიქით, შეიძლება, ამან გააფუჭოს და ვერც გამოიყენოს ისინი. ასე რომ, სწორედ სიყვარულიდან გამომდინარე, ვანელებ დოზას და მაშინ მესამე რა გამოდის: ტიფერეტს – ჰარმონია, სილამაზე, სიყვარული. ანუ მე ვმოქმედებ არა მარტო ჩემგან, თუ რა მინდა მე, რა მსიამოვნებს, არამედ უკვე იმაზე ვფიქრობ, მას რას მოუტანს ჩემი ეს გაცემა და ამიტომ ვზღუდავ. შესაბამისად, გაცემითა და შეზღუდვით ვიღებ ჰარმონიას. აი, ამის მიღწევაა მთავარი.
იმის თქმა მინდა, რომ ამ წუთისოფელში მუდმივად ამ ორმაგობაში ვართ. ადამიანი, ერთი მხრივ, მიწაა, მატერიისგანაა აღებული, თიხაა, წარმავალია, დაუცველია, მიტოვებულია, ქაოსია; ხოლო, მეორე მხრივ, მოუკლებლად ღვთის ნათელია. ადამიანმა ეს იცის და მთელი სამყაროს ისტორია სწორედ ამ ორმაგობის ჭიდილია. ხან ერთი წამოიწევს, ანუ ძალიან ზეცაშია ადამიანი და უჭირს მიწაზე ჩამოშვება, იმიტომ რომ ის ხსოვნა ძლიერია. მაგალითად, პოეტები, ზოგადად, ხელოვანი ხალხი რატომ ვერ იწყობს ცხოვრებას?! ბალანსის დაჭერა უჭირთ, იმდენად ჭარბად აქვთ ეს ნათელი. მეორე მხრივ, ხან ხორცი სძლევს და აქაც უჭირს ადამიანს. არ იცის ადამიანმა, როგორ მიაღწიოს ამ ორის ბალანსს. მხოლოდ ქრისტემ მიაღწია ბალანსს: ამიტომაც არის სრული კაცი და სრული ღმერთი – 50-50-ზეა ორივე საწყისი მასში. ჩვენ ამ ღმერთკაცობრივი სულით მოვინათლეთ, რწმენით მივიღეთ ის. ხშირად ვიმეორებ: რწმენა არ არის ინტელექტუალური დადასტურება. თუმცა დღეს მიღებულია, რომ აი, ვიღაცები აღიარებენ, რომ ღმერთი არის და რა ქნას ახლა ღმერთმა?! მადლობა გადაუხადოს, თუ ნობელის პრემიის ლაურეატებმა, ექიმებმა, პროფესორებმა, ფიზიკოსებმა პატივი დასდეს და აღიარეს?! ამას საერთო არ აქვს რწმენასთან. რწმენა ერთადერთი სფეროა, სადაც ადამიანი ყალიბდება. ეს მხოლოდ ჩემი ტერიტორიაა, აქ ვერავინ შემოდის. ვერც ვერავინ და ვერც ერთი მეცნიერი ვერ გაიგებს, ვის რატომ სწამს ან რატომ არ სწამს. ზოგი დღესაც ამბობს, რომ რწმენა იყო და არის ჩამორჩენილობის შედეგი. როდესაც ადამიანს ათვისებული არ ჰქონდა სამყარო. მეთვრამეტე საუკუნის ბავშვური მოსაზრებები დღესაც კი მუშაობს, სოციალურ პლატფორმებზე გამოდიან ადამიანები და ამბობენ, რომ არანაირი ღმერთი არ არის.
კარგი, ბატონო, მაგრამ კითხვა დავსვათ: მეცნიერულ აღმოჩენას რომ გააკეთებ, იმის შემდეგ დავა ხომ აბსურდია?! როგორ შეედავები კვანტური ფიზიკის აღმოჩენებს?! სულელი გამოხვალ, თუ დავას დაიწყებ. მაგრამ, ნახე, ღმერთი რას აკეთებს? ღმერთის არსებობის დამკიცება რომ შეიძლებოდეს, ყველა გაჩერდებოდა და იძულებული იქნებოდა, ის მიეღო. მაგრამ მაშინ მე, ადამიანი, ვინ გამოვდივარ?! როგორ შემიყვარდება ასეთი ღმერთი?! ბუნების კანონი შეგიყვარდება?! მშვენიერი კანონია, რომ გაზაფხულზე მზე უფრო აცხუნებს და მაშინ რატომ არ გიყვარს ეს კანონი?! იმიტომ რომ კანონი მექანიკაა, იქ პიროვნება ჩართული არ არის. აი, რწმენა კი არის სფერო, სადაც შემოდის პიროვნება. ღმერთმა ადამიანს არჩევანი დაუტოვა, თუ ადამიანს ეს არჩევანი არ ექნებოდა, ის იქნებოდა დატბორილი ღმერთის ჭარბი თანდასწრებით, მას ვერ გაექცეოდა და ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი. მე რომ მკითხო, ამაზე დიდი ჯოჯოხეთი არც იარსებებდა ადამიანისთვის.
ადამიანი თავად ქმნის თავის თავს, რწმენით. ღმერთმა სული მატერიით გადაფარა. ამას სულიერ გენს უწოდებენ – რეშიმუს. ღმერთი მქმნის შესაძლებლობით, რომ, მე თუ ამას განვავითარებ, დავუახლოვდები ღმერთს. მე ღმერთის ნაწილაკი ვარ, რომელიც მისგან გამოვიზიდე. მთლიანად მოვიცავ მას, ოღონდ დაკრისტალებულად და მე უნდა გავიხსენო ჩემი თავი აქ. მე ვხდები ის, ოღონდ გახსენებით. აი, რა არის რწმენა ჩემში – ის, რაც მე არ მასვენებს, რაც გადამალახვინებს ყველა საზღვარს... ჩვენ ვართ მდგომარეობები იმ ერთის, რომელიც ამ გაურკვევილობაში მოდის, რომ თავისი თავი გაიგოს და ამ მრავალგვარობიდან ადის ერთგვაროვნებაში. ქრისტეა პასუხი, მაგრამ პასუხს ვერ გადავიწერ. მე თავად უნდა ამოვხსნა, ამოხსნა კი უკვე ჯვარია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


