რელიგია

არის თუ არა ყოველი სიმდიდრე ღმერთისგან

№20

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

ნუ შეგვშურდება მდიდრების და ნუ ავიგდებთ აბუჩად გლახაკებს, რამეთუ სიმდიდრე და სიღარიბე, შესაძლოა, ღმერთისგანაც იყოს და შეიძლება, არც იყოს მისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი აგროვებს დიდძალ ქონებას ტაცებით, ჯადოქრობითა და სხვა მსგავსი ხერხებით. ასეთებს, მართალია, სიმდიდრე აქვთ, მაგრამ სიცოცხლის ღირსნიც კი არ არიან. აბა, მითხარი, შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმდიდრე ღმერთისგან არის? არა. მაშ, საიდან? ცოდვისგან. მეძავი საკუთარ სხეულს ბღალავს და ამ გზით მდიდრდება, ქურდიც სხვისი ძარცვით აგროვებს უღირსად ნაშოვნ ქონებას. ამგვარად, არის კი ღმერთისგან ყოველი სიმდიდრე? მაგრამ მოისმინე ისიც, რომ შეიძლება, არც სიგლახაკე იყოს ღმერთისგან. როდესაც ვინმე აღვირახსნილი ჭაბუკი სიმდიდრეს მეძავებში, მკითხავებთან სიარულში ან სხვა ამგვარ საქმეებში ფლანგავს, შედეგად კი სიღატაკეში ვარდება, განა აქედან არ ჩანს, რომ ეს ღმერთისგან კი არა, მისივე თავაშვებულობისგან დაემართა? ასევე, თუ ვინმე უსაქმურობის გამო დაგლახაკდა, ან საკუთარი განუსჯელობის მსხვერპლი გახდა, ანდა საშიში და უკანონო საქმეები წამოიწყო და ამან გააკოტრა – განა სრულიად აშკარა არ არის, რომ ასეთი კაცი ღმერთს არ ჩაუგდია ამ დღეში? მეტყვი, კი მაგრამ, თუკი მდიდრები არად გვარგიან, მაშინ რატომ არსებობენო? რა გიპასუხო? უსარგებლონი ის მდიდრები არიან, რომლებიც უსჯელო გზებით მდიდრდებიან, ხოლო ვისაც სიმდიდრეს ღმერთი აძლევს, იმათ დიდი სარგებლობა მოაქვთ – ეს მათი საქმეებიდანაც ჩანს. აბრაამი სიმდიდრეს ყველა მგზავრისა და გლახაკის სასარგებლოდ ფლობდა. როდესაც მას სამი კაცი ეწვია (მას ეგონა, რომ კაცები იყვნენ), აბრაამმა ხბო დაუკლა მათ და სამი საწყაული პურის ფქვილი მოუზილა. გაიხსენე, როგორ იდგა თავისი სახლის ჭიშკართან შუადღით და უხვად უნაწილებდა ყველას თავის ქონებას და გარდა ქონებისა, თავის სამსახურსაც სთავაზობდა, თანაც თვითონ ამ დროს ღრმად მოხუცებული იყო. აბრაამი ყველა მოგზაურისა და გაჭირვებულის ნავსაყუდელი იყო და არაფერი მიაჩნდა თავისად, თვით საკუთარი შვილიც კი. ასეთივე იყო ნეტარი იობიც.

გინდა, ახლა ისინიც იხილო, ვისი სიმდიდრეც ღმერთისგან არ არის და გაიგო, როგორ იყენებენ ამ ქონებას? შეხედე მდიდარს, რომელიც ლაზარესთან ერთად არის მოხსენიებული, ნამუსრევსაც რომ არ იმეტებდა გლახაკთათვის, შეხედე აქაბს, რომელმაც ვენახი მიითვისა, შეხედე ყველა ამდაგვარ ადამიანს. ისინი, ვინც სჯულიერად იხვეჭენ სიმდიდრეს და ღმერთისგან ეძლევათ იგი, ამ სიმდიდრეს ღმერთის მცნებების თანახმად იყენებენ; ისინი კი, ვინც ღმერთს ქონების მოხვეჭისას შეურაცხყოფენ, იმავეს სჩადიან გამოყენებისას – ან მეძავებსა და უსაქმურ თანამეინახეებში ფლანგავენ სიმდიდრეს, ან მიწაში ფლავენ და ცხრაკლიტულში კეტავენ, ისე, რომ გლახაკს არაფერს არგუნებენ. მკითხავ, მაშ, რატომ უშვებს ღმერთი, რომ ასეთი ადამიანები გამდიდრდნენო? იმიტომ, რომ ღმერთი სულგრძელია და ყოველ ადამიანში სურს სინანულის გაღვიძება, იმიტომ რომ მან ჯოჯოხეთი განამზადა და განაწესა დღე, როდესაც განსჯის ქვეყანას. ღმერთი რომ მყისვე სჯიდეს უსამართლოდ გამდიდრებულებს, ზაქეს არ მიეცემოდა საიმისო დრო, რომ შეენანებინა და ოთხჯერ მეტი გაეცა, ვიდრე მიიტაცა, თან თავისი ქონების ნახევარიც დაემატებინა; საკმარისი დრო რომ არ ჰქონოდა, ვერც მათე შეიცვლებოდა და ვერ გახდებოდა მოციქული და ბევრი სხვა მსგავსი. ამიტომაც ღმერთი დიდხანს ითმენს და ყველას სინანულისკენ მოუწოდებს. ხოლო მათ შესახებ, ვინც არ მოისურვებს შენანებას და ძველებურად განაგრძობს ცხოვრებას, პავლე მოციქულმა თქვა: „ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელთა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა“ (რომ. 2,5). ამ რისხვას რომ გადავურჩეთ, ზეციური სიმდიდრე შევიკრიბოთ და ვეძიოთ პატივისცემის ღირსი სიგლახაკე. მაშინ მივიღებთ საუკუნო სიკეთეებს, რომელთა ღირსნიც, დაე, გავხდეთ ჩვენ ყველანი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი