რელიგია

როგორ არ უნდა აგვერიოს ხატების თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობაში

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 51 წუთის წინ

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მოახერხებენ თუ არა ქართველები იმ ერთობის შენარჩუნებას, რომელიც გამოაჩინეს პატრიარქის გარდაცვალების დღეებში? რა სჭირდება ახალ თაობას ეკლესიისგან და შეძლებს თუ არა ეკლესია და მრევლი, მთლიანად ხალხი, ნომინალური ქრისტიანიდან იქცეს ნამდვილ ქრისტიანად, დაბადოს გულში ქრისტე, რითიც დასრულდება ღვთის ხატის ღმერთს მიმსგავსების ისტორია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თუკი ახალ თაობას ვერ დაელაპარაკები ავტორიტეტით, მაშინ რა გზა რჩება მათი ქრისტემდე მიმყვანი?

– ახალ თაობას ავტორიტეტით ვერ დაელაპარაკები, დიალოგის რეჟიმი უკვე უჭირს ჩვენს მართლმადიდებლურ სტრუქტურას, იმიტომ რომ ძირითადად, დაქვემდებარებულია მორჩილებას. ანუ მღვდლის გარეშე არ შეგიძლია, არც მონანიება ჩაგეთვლება, არც ზიარება... ეს გასაგებია, იმიტომ რომ გარკვეულ დონემდე ასეა, მაგრამ ეს საშუალებებია. ამის იქით იწყება თავისუფალი ადამიანის დაბადება და სწორედ ამ მდგომარეობას მივადექით ჩვენ. პატრიარქის ეპოქის დამთავრებით იქვე იწყება ყველა ადამიანის კაცად შედგომის შესაძლებლობა, რითიც უნდა დამთავრდეს ქმნადობის ისტორია: როდესაც კაცი აღიდგენს თავის ძალაუფლებას, თვითონ ხდება მეფე, თვითონ ხდება მღვდელმთავარი, ანუ მელქისედეკის წესით ვხდებით უკვე სრული კაცი: თქვენ, როგორც ცოცხალმა ქვებმა, თავად ააშენეთ თქვენი თავი. ანუ დასრულდა იორდანემდე მიყვანის ეპოქა: ძველი ნაშთებისგან განწმენდის, ხოლო ისუ ნავეს ძე, ებრაელთა წინამძღოლი ქანაანში, ახალი ცნობიერებაა, ახალი თავია, რომელშიც თითოეული ადამიანი თავისუფალია და სწორედ თავისუფალ ადამიანთა ერთობა ქმნის ქანაანს, სადაც ჩვენ, როგორც ვაგონები, ლოკომოტივს, ავტორიტეტს კი აღარ ვართ მიბმულები, არამედ ყველანი ლოკომოტივები ვართ. ავტონომიურები ვართ და ამ თავისუფალ ადამიანთა ერთობა ქმნის თავისუფალ ერს, რომელიც ლიდერს მიბმული მასა კი არ არის, არამედ თვითმოძრავია, ყველა თავისუფალია და ამ თავისუფლებით ვერთიანდებით – ბუნებრივად მივიზიდები მე შენკენ, იმიტომ რომ ჩემი მსგავსი ხარ და ეს არის, რითიც უნდა დამთავრდეს სამყაროს ქმნადობის ისტორია. ეს არის ქრისტეს გამეფება დედამიწაზე – მის მეორედ მოსვლას რომ ველოდებით. ეს არის ადამიანის გონს მოსვლა, როდესაც ის არ არის მთელის, უბრალოდ, მექანიკური ნაწილი, არამედ თვითონ არის თავისუფალი, როგორც ქრისტეა თავისუფალი თავის თავში.

აი, ამ ეპოქის დასაწყისი ვიგრძენი მე პირადად: ერთი მხრივ, თვითკმარი ვარ შიგნით და მეორე მხრივ, ამ თვითკმარობით ვმთლიანდები სხვასთან ისე, რომ არ ვიკარგები. სწორედ ეს არის ნეტარება, ეს არის სამოთხე, ეს არის სასუფეველი. ეს ხომ დავინახეთ და ამისგან ხომ დარჩა დიდი ხსოვნა?! და იქნებ ეს წინასახეა, საიდანაც ქრისტე უნდა გამეფდეს ჩვენში?! ქვეცნობიერად ყველამ ვიგრძენით, რომ ამას უკვე მოჰყვება არა ისევ რიტუალური ქრისტიანობა, არა ისევ იერარქიულობა, არამედ ეს ყველაფერი სრულდება, იმიტომ რომ ეს საშუალებები აქამდე მიმყვანი იყო, რათა კაცი თვითონ იყოს თავისი თავის მეფე, თავისი თავის მღვდელმთავარი...

კაცი სრული ადამიანია, ადამიანი მაინც საშუალებაა, ნახევარფაბრიკატის მდგომარეობაა, კაცი კი დასრულებულია: ყველანი კაცები ვართ უკვე, ერთები ვართ და ღრმა ერთში ვართ ყველანი. ამიტომ ვერ ვიტანთ ხოლმე ერთმანეთს ქართველები: მეორე ეგოს მე არ გავახარებ, იმიტომ რომ ეგოში მე ვერ გავერთიანდები. როგორც ადრე ვთქვი, აი, ეს გვიჭირს ქართველებს. ერთდროულად ძლიერი ეგოც გვაქვს და მეორე მხრივ, ადვილად ვთმობთ ეგოს, თუკი გამოჩნდება დიდი ერთი. ახლა ეს მდგომარეობა უნდა დავიჭიროთ. პატრიარქისგან დავინახეთ, რომ განათდა, ახლა მთავარია, რომ ამ ნათელში შევიდეთ და ეს ელვა მოვიხელთოთ, დავიჭიროთ და ამაზე გადავაწყოთ ჩვენი ურთიერთობები. იქნებ იმის წინაგანცდა იგრძნო ქართველმა, თუ რით ვსრულდებით ჩვენ?! ეს არის ჩვენი მომავალი და არა ნგრევა, პარტახი და გადაშენება.

როდესაც ადამიანში ღვთაებრივს ხედავ და გიზიდავს, ეს ნორმალურია, მაგრამ მეორე მხრივ, საშიშროებაა, რომ ერთობა გამოვავლინოთ პიროვნების მიმართ და შემდეგ არ ვიცხოვროთ ასე. მართლმადიდებული მოძღვრება გამოკვეთილად ამბობს, რომ ხატების თაყვანისცემა არ უნდა აგვერიოს კერპთაყვანისმცემლობაში. წმიდანების პატივისცემა უპირველესად ნიშნავს მათი საქმეების მიბაძვას. აი, ეს არის თაყვანისცემა და თუკი პატრიარქი გვიყვარს და ერთად ვიყავით იქ, რა მარცვალი უნდა გამოვიტანოთ აქედან?! ეს ერთობა უნდა ვაქციოთ წესად და ერთმა ქართველმა მეორეში თავისი მამის შვილი უნდა დაინახოს. ჩვენ ხომ „მამაო ჩვენოს“ ვლოცულობთ?! ახლა რა გზით წავალთ?! ისევ ხსოვნაში დარჩება და ისევ დავიკვეხნით, რომ გამოვედით მილიონ-ნახევარი ადამიანი?! და მერე რა, თუ ძველებურად გავაგრძელეთ ურთიერთობა?! ჩვენ გვიყვარს იმის გამეორება, თუ რას აკეთებდნენ წმიდანები, მაგრამ ვერ ვსწავლობთ, არადა რატომ მოდის იესო?! იესო, უპირველესად, მოდის, როგორც მასწავლებელი, როგორც მოძღვარი და არა, როგორც ის ღმერთი, რომელსაც უნდა, რომ თაყვანი სცე. მას რაში სჭირდება შენი თაყვანისცემა?! პირიქით, ფეხს გბანს. ფეხის დაბანა იმას ნიშნავს, რომ, ვინც დიდი და ძლიერია, ის მსახურია და შენ უნდა გახდე მისი მსგავსი. ესე იგი, რა უნდა ვუყოთ იმ ერთობას, რომელიც ვიგრძენით?! უნდა დავინერგოთ ჩვენს გულებში და გადავლახოთ ის ბარიერები რომლებიც შექმნა წყენებმა და დაგვაქუცმაცა. ერთიანობის ველში უნდა ვისწავლოთ შესვლა, ანუ სასწაულით, რაც პატრიარქში ვნახეთ, კი არ უნდა ვიკვეხნოთ, არამედ, თუ პატრიარქის პატივისცემა გვინდა, თუ თაყვანს ვცემთ მას და მართლაც გვიყვარს, უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში და ვიცხოვროთ იმ პრინციპებით, რომლებიც მიგვითითა. ქრისტე ამბობს, ღმერთის სიყვარული იმას ნიშნავს, მოიქცეთ ისე, როგორც მან გიანდერძათო. აი, ეს არის სიყვარული.

სასწაული ისიც არის, რომ ქრისტე არ არის განყენებული პიროვნება, ის თავისი სულიწმინდით, თავისი არსით ყველას აგრძნობინებს სიყვარულს. ამდენად, პატრიარქისადმი სიყვარული არ არის მასის სიყვარული პიროვნებისადმი. დარწმუნებული ვარ, უმრავლესთან მასთან, თუნდაც, წუთიერი შეხვედრით გამოწვეული რაღაც შეგრძნება არის გადამწყვეტი მისადმი პატივისცემისა და არა უბრალოდ, როგორც, ზოგადად, საქართველოს პატრიარქისადმი სიყვარული. უმრავლესობას აკავშირებს პირადი სითბო, რომელიც მან იგრძნო, თუნდაც, ხანმოკლე შეხვედრისას. თვითონ იყო ისეთი პიროვნება, რომ ზოგადად არ გიყურებდა, შეეძლო, თითოეული ადამიანისთვის, თუნდაც ისეთი სიტყვა ეთქვა, ისე შეეხედა ან ისეთი სითბო გადაეცა, რომ მთელი ცხოვრება ამახსოვრდებოდათ... თუ თქვენთვის საინტერესო იქნება, მომავალში ვისაუბროთ ჩემს აღქმაში მოცემულ პატრიარქზე. მე ვეყრდნობი პირად განცდას და ქრისტეს სიყვარულიც პირად განცდას ეყრდნობა. ზოგადი ღმერთი ფანატიზმამდე მიმყვანია, ამიტომაცაა ქრისტიანების ღმერთი კაცი. რადგან ჩვენი ღმერთი განკაცდა, მე უკვე პიროვნულად განვიცდი მისგან სიყვარულს და ზოგადი ღმერთი, რომელიც არ ვიცი, როგორია, შიშს მგვრის და როგორ შემიყვარდება ღმერთი, თუ ის არ ვიგემე და პირადად არ განვიცადე?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი