უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 08.09

ერთ ადამიანს სამი მეგობარი ჰყავდა. პირველი ორი მას ძალიან უყვარდა და მათთვის ყველაფერი საუკეთესო ემეტებოდა. მესამეს კი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. მოხდა ისე, რომ ამ კაცს სოლიდური ვალი დაედო. ვინაიდან ფული არ ჰქონდა, დახმარების სათხოვნელად თავის მეგობრებთან წავიდა.
მივიდა ერთთან და სესხად ფული სთხოვა, მაგრამ მეგობარმა, ვისი იმედიც ჰქონდა, უბედურ კაცს დახმარებაზე უარი უთხრა:
– მე აღარა ვარ შენი მეგობარი. მე ახლა შენზე მნიშვნელოვანი მოყვასები მყავს და თუ ესენიც აღარ მეყოლება, მათზე უკეთესებიც მოიძებნებიან. თუმცა, აი, აიღე ორი მონეტა და მეტს ჩემგან ნუღარ ელი.
სასოწარკვეთილი მოვალე ახლა მეორე მეგობართან მივიდა.
– გაიხსენე, მეგობარო, როგორ გაფასებდი და როგორ ვუფრთხილდებოდი ჩვენს მეგობრობას, ახლა გასაჭირში ჩავვარდი და დამეხმარე.
– დღეს ძალიან დაკავებული ვარ, – უპასუხა მეორე მეგობარმა, – შენთვის არ მცალია. მაგრამ შემიძლია, მევალემდე მიგაცილო, სულ ესაა, რაც შენთვის შემიძლია გავაკეთო.
ასე ხელცარიელი დაბრუნდა მოვალე თავისი საყვარელი მეგობრებისგან. მაშინ მან გადაწყვიტა, მესამე მეგობართან წასულიყო. მივიდა და მორიდებით, ძლივს გასაგონად ჩაილუღლუღა:
– პირის გაღებას ძლივს ვბედავ, რომ ჩემი თხოვნა გამოვთქვა, რადგან ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას გითმობდი, მაგრამ, აი, დიდი უბედურება მეწვია და შენ გარდა აღარავინ დამრჩა, ვისაც შემიძლია, დახმარებისთვის მივმართო.
– რატომ დამწუხრდი ასე ადრიანად? – უპასუხა მესამე მეგობარმა, – მე შენ ახლობელ ადამიანად მიმაჩნიხარ, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ურთიერთობდი ჩემთან. ნუ ნერვიულობ, გეთაყვა, მე დაგეხმარები.
რას ნიშნავს ეს იგავი, რას გვასწავლის?
პირველი მეგობარი – ეს ჩვენი ანგარებიანი მომხვეჭელობა და სიმდიდრეა, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრება აგროვებს და ის მხოლოდ ორ მონეტას უბრუნებს დასამარხად – პერანგსა და სუდარას.
მეორე მეგობარი – ეს ოჯახის წევრები და მეგობრები არიან, რომლებიც იმდენად გვიყვარს, რომ მათ გამო ღმერთიც კი გვავიწყდება, მაგრამ სიკვდილის შემდეგ, მათგან ცოტა სარგებელია: საფლავამდე მიგაცილებენ, შემდეგ კი, თავიანთი საზრუნავით გართულები, დაგივიწყებენ.
მესამე მეგობარი – ჩვენი კეთილი საქმეებია, რომლებიც სულის სხეულთან გაყრის შემდეგ ღმერთთან თავდებად გვიდგებიან. აი, სწორედ ისინი არიან ჩვენი ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ქრისტიანს ნეტარებისა და საუკუნო ცხოვრების მოპოვებაში ეხმარებიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...