რატომ არ არის სამოთხე და ჯოჯოხეთი დასაჯილდოებელი და დასასჯელი ადგილი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 56 წუთის წინ
პირველი საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანები ველით მეორედ მოსვლას, როდესაც ქრისტე მოვა, როგორც მეფეთ მეფე და უფალთ უფალი, დასრულდება წუთისოფელი და ცათა სასუფეველს დავიმკვიდრებთ, მაგრამ სად არის ეს ცათა სასუფეველი, როგორ დავემკვიდრო იქ ახლა და არა მაშინ, როდესაც გარდავიცვლები? როდემდე გასტანს ადამიანის ეს დაუსრულებელი მოლოდინი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: ჩემს თავს ბავშვობიდან ვაკვირდები და ჩემი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო: ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, სოფელში გავიზარდე, ძალიან ღარიბ ოჯახში. მეც სხვა ბავშვებივით ვუყურებდი ფილმებს ტელევიზორში და რაც შიგნით მქონდა, იმას გარეთ ვხედავდი, პარალელურ სამყაროში და ვფიქრობდი, სად ხდება ეს, რატომ არ არის აქ?! შემდეგ, რაღაც მომენტში მატერიალისტი ხდები ადამიანი – ესეც გასავლელია და თითქოს ეგუები, რომ შენი ოცნებები და სურვილები მხოლოდ ზღაპრებსა და მითებშია, წუთისოფელში კი მიუღწეველია, მაგრამ ის ბავშვი, მეოცნებე მაინც ცოცხლობს და უკვე, როდესაც ჩემში ეს ყველაფერი აენთო რწმენით ქრისტეში, დავიჯერე და ამ დაჯერებამ, ამ რწმენამ საოცარი რამეები მოახდინა ჩემს ცხოვრებაში...
მართლაც, რა გვინდა ადამიანებს? რატომ ვერ ვჩერდებით? რა გვაწუხებს?! ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, ადამიანები რაც უნდა მატერიალისტები იყვნენ, ცხადზე უცხადესია, რომ ის მეტია, ვიდრე არსებობისთვის ბრძოლა და ევოლუციის ერთ-ერთი საფეხური, რაც იწყება ერთი უჯრედიდან. ფაქტია, რაღაც ცოცხლობს ადამიანში, რისკენაც ის მიდის. იცი, რა არის რელიგიის, ფილოსოფიისა თუ მისტიკის პრობლემა? რომ ძალიან დაშორდა კონკრეტული ადამიანის ბედს, ჩემთვის მიუღწეველია მაღალი მატერიები, მაგალითად, ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა, დიდი ტაძრები, გოტიკა... ერთი მხრივ, ეს კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ამაში ადამიანი, პიროვნება იკარგება. ქრისტე თავის თავდაპირველ მდგომარეობაში ყველას გულში ჰყავდა და ის არ იყო ზოგადი ღმერთი. ზოგადი ღმერთი კი იგივეა, სიცივეში რომ იყო მშიერი, ამ დროს ტელევიზორი ჩართო და დაინახო, რომ სადღაც ბუხარი გუგუნებს, სადილობენ, მაგრამ მერე შენ რა?! მე აქ მინდა ბუხარი და არა ტელევიზორში. ან ანტიქრისტე მეტი რა არის?! ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ათასჯერ გავიმეორებ, იაკობ გოგებაშვილის პატარა მოთხრობაა, როდესაც ერთი ბავშვი მეორეს ეუბნება, ხოხბის ხორცი გემრიელიაო, მეორე ეკითხება, საიდან იციო. როგორ არ ვიცი, მამამ მითხრა, ბაბუა მიყვებოდა, ბატონი რომ ხოხობს ჭამდა, პირს აცმაცუნებდაო. და სად არის ხოხობი?! ვინ გასინჯა მისი ხორცი?! კარგი ანალოგიაა, იმიტომ რომ დღესაც ზუსტად ასეა: ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებობს ღმერთი, მაღალი მატერიები, სიყვარული, მაგრამ ვის უყვარს და ვინ უყვარს? ამბიონიდან რომ ვქადაგებ, ვიღაცამ რომ ხელი ასწიოს და მკითხოს, რომ ქადაგებ, ქრისტე სიყვარულია, ჭეშმარიტებაა, გზაა, ეს ხომ სადღაცაა, ოდესღაც იყო ვიღაცისთვის და, თუკი აქ და ახლა, ჩემში ის სიყვარული მე არ მათბობს ბუხარივით, რატომ მასმენინებ და მაყურებინებ?! ქრისტეც წარსულში გადავიდა ბუდასავით, კრიშნასავით... მასზე წარსულ დროში ვყვებით, თუ როგორ აღადგენდა მკვდრეთით, როგორ სასწაულებს ახდენდა, რომ ძლიერი პიროვნება იყო. მე მომწონს ეს, კარგია, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?! იმით ვიცხოვროთ, რომ წარსულში რაღაც მოხდა და მომავალში ოდესმე მოხდება?! დიახ, გუშინდლამდე ასე მოვდიოდით და გასაგებია, ჭირნახული რომ მოვიწიო, ჯერ უნდა დავთესო და არ უნდა მქონდეს პრეტენზია, რომ ხვალვე მომცემს მოსავალს, ამიტომ ვეგუები, რომ, მართალია, დავთესე, მაგრამ უნდა დაველოდო, ჯერ ღერო უნდა გამოიღოს და ასე შემდეგ, ოღონდ ხომ არ შეიძლება, უსასრულოდ ველოდო ჭირნახულს?! და იქნებ დაგვიდგა ჟამი, მოვიწიოთ მოსავალი?!
მაგრამ როგორ უნდა მოვიწიო მოსავალი?! დიახ, რწმენა მოსმენიდანაა, მოსმენაა ღმერთის სიტყვა და ჩვენ ამ ხმას გამოვყევით; გვიამბეს, ვირწმუნეთ, გაგვიხარდა. და რატომ გამიხარდა სიტყვა? იმიტომ რომ ამას მოჰყვება დანახვა. რატომ ვირწმუნე ქრისტე? რატომ დავყარე ყველაფერი? ჩემთვის, მართლაც ყველაფერი ნაგვად იქცა, იმდენად ძლიერი და ნათელი იყო სამყარო, რომელიც დავინახე და ამას მივყვები მთელი ცხოვრებაა, მაგრამ უსასრულოდ ასე გავყვეთ?! იქნებ უნდა შევანელოთ ნაბიჯები?! თორემ ხომ არ შეიძლება, უსასრულოდ კითხვაში ვიყოთ?! უსასრულოდ ძიებაში ვიყოთ?! შეიქმნა უამრავი ფილოსოფიური სისტემა, რელიგიური მოდელები, პოლიტიკური სისტემები. ტექნიკურმა პროგრესმა კი საერთოდაც გააუქმა ცოდნა. გინდა თუ არა, აზრი ეკარგება რაღაცის ჩხრეკას, თვითონ გეტყვის ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს. ესეც ბუნებრივია, იმიტომ რომ, რაც იწყება, ის უნდა ამოიწუროს, რომ დანახვა დაიწყოს იმის, რისთვისაც ამდენი ვიწვალეთ ქრისტიანობის გავრცელების პირველი დღიდან. ოღონდ ძალისხმევები უსასრულოდ არ შეიძლება, გრძელდებოდეს და ეს ფიზიკის კანონია: რაც აღძრულია, მიდის ენერგიის მინიმუმისკენ, დაცხრომისკენ. ცხოვრებაში ყველაფერი ამ კანონს ემორჩილება. ბიბლიაში საოცარი ადგილია; კლასიკურ თარგმანში წერია, შეჩერდით და იხილავთ, რომ მე ვარ უფალი. ორიგინალში წერია, გაუქმდით და იხილავთ, რომ მე ვარ უფალი. და იქნებ სწორედ მაშინ უნდა მოხდეს რაღაც?! მაგრამ, თუ უნდა მოხდეს, გამოდის, რომ მე არ ვარ ჩართული ამ პროცესში. ესე იგი, თუ გავბედავთ, მაშინ დავასრულებთ ამ უსასრულო დინებას. თეორიულად ეს იოლია, ყველას შეუძლია, თქვას, აქ და ახლა უნდა იყო, ამ თემაზე ლექციაც ჩაატაროს, ინდური რელიგიაც იმავეს გეუბნება, ყველა გურუ ამას გეტყვის, მეცნიერებაც აქამდე მივიდა, მაგრამ მერე?! აქ და ახლა ვინ განახორციელა? სად და ვისთან ხდება ეს აქ და ახლა?! მაშინ, ასე ვთქვათ: უნდა შევჩერდეთ და არ უნდა ვთქვათ ზოგადად, კაცობრიობა უნდა შეჩერდეს. რომც ვთქვა, ვინ გაჩერდება?! ვინ არის ეს კაცობრიობა, რომელიც უნდა გაჩერდეს?!
მე პირდაპირ ვამბობ, არ შეიძლება ისეთი ცხოვრება, როგორიც ახლაა და პირადად მე სწორედ ასე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, ჩემ გარეთაც იგივე მოლოდინია. როგორც ვთქვი, ინტერნეტმა და ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი რაღაცების წინაშე დაგვაყენა, რომ ისე, როგორც აქამდე ვიყავით, არ შეიძლება. აზროვნების სისტემებშიც კრიზისია, საერთოდ გაუგებარია, რა პრინციპზე დგას სამყარო. გაფცქვნილია ყველაფერი; თივქმის არავის აქვს ავტორიტეტი და ვხედავთ, რაც არის, იმას რა შედეგიც მოაქვს, ეგზისტენციაში გადადის ადამიანი და ვიკარგებით. ახლა რა ვქნათ?! ვაღიაროთ, რომ დამთავრდა ყველაფერი, რომ ეს უკვე ბოლოა?! ან საიქიოში გადავიტანოთ ჩვენი მოლოდინი, რომ იქ ვცხონდებით?! ქრისტე უმარტივესი მაგალითებით ამბობს უდიდეს ჭეშმარიტებას. გაგახსენებთ, რომ ბოლო ჟამს კალოს უკავშირებს. და კალო რა არის? პირდაპირ ყანიდან აღებულ ხორბალს ვერაფერში გამოიყენებთ, ჩენჩოიანია, ქერქი აქვს და გასალეწია, რომ გარსი მოაშორო. ანუ ხორბალი არის ის, რაც მოდიოდა, მაგრამ აქ მოსვლამდე გარსებს იკეთებს. ბოლო ჟამი გარჩევის ჟამია. მწველი ნათელი დაწვავს ჩენჩოს... მე არ მჯერა და არც წმიდა მამებს სჯერათ, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი დასასჯელი და დასაჯილდოებელი ადგილია, რომ კომისია დაჯდება და გადაწყვეტს, სასჯელი დაგვადოს თუ წაგვახალისოს. ჩვენ თავად ვქმნით ამ მდგომარეობებს და ჩვენივე ძალისხმევით უნდა დამთავრდეს კითხვიდან პასუხში გადასვლის მოლოდინი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


