რელიგია

რატომ უნდა დარჩე სიმარტოვეში, რომ შენში ღმერთი შემოვიდეს

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 48 წუთის წინ

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ღმერთი სიყვარულია, რომლის შინაარსიც ადამიანებს რთულად გვესმის, ღმერთი არ ჩანს და არც რწმენაა ხელშესახები. თვალი სხვას ხედავს და გული სხვას გრძნობს. სამოთხის ხსოვნა ადამიანს ისევ სამოთხისკენ მიეზიდება, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცე, რომ ამას ხელი არ შევუშალო, როდესაც იესოს ხმა ჩემში სუსტია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როგორ გადავარჩინო იესოს სული ჩემში?

– იქნებ, ამ მოკანკალე, რაღაც პატარა უსახელოს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს, რომელიც მახარებს, უნდა ვეერთგულოთ?! ამდენად, იქნებ არც უნდა ველაპარაკოთ სიყვარულზე, იქნებ ამით ვაკნინებთ მას?! ხომ არის ვიღაც შეუცნობელი, ვისაც ვუახლოვდები და ეს მიხარია?! შეიძლება, დღეს მე ამ რეალობაში ამას ვერ ვხედავ, მაგრამ ვერც გლეხი ხედავს პურს, როდესაც ხორბალს თესავს, არც თავთავი ჩანს იქ, მაგრამ ის მაინც უვლის. რატომ? იმიტომ რომ იცის, თავთავს მოიწევს, მოსავალს მოიწევს. ჩვენშიც არის მარცვალი: ღმერთმა ადამიანში თავისი თავი, როგორც მარცვალი, ისე ჩადო – ამიტომაც შექმნა თავის ხატად და სწორედ იმის მოსავალს ველოდებით. შეიძლება, დღეს არ არის მოწეული, მაგრამ მე იმ პატარაში დიდს ვხედავ. ეს პროცესია, თუ მიაყურადებ და ხელს არ შეუშლი, თავად გამოიღებს ნაყოფს. სამოთხეშიც კი ღმერთმა რომ ადამი დაასახლა, თვითდინებაზე კი არ მიუშვა, არამედ ორი მცნება მისცა: დაიცავი და დაამუშავეო. ანუ ეს რესურსები დევს და თუ მიაყურადებ, თვითონ გიკარნახებს, როგორ გამოზარდო; ნაყოფის მოთხოვნილებას თუ ეწირები, ნაყოფს მიიღებ, ისევე, როგორც დედ-მამა დაფოფინებს ხოლმე ბავშვს, რომ გაზარდოს. შენ მოგყავს მოსავალი: იესოს შენ სჭირდები, შენ გეხვეწება, რომ გადაარჩინო შენში, შენს მატერიაში. ისიც უმწეოა, იმიტომ რომ შენგან, შენი წუთისოფლისგანაა ჯვარცმული, შენ კი ძლიერი ხარ, როგორც ფარისეველი, როგორც პილატე და შეიძლება, დასცინი კიდეც. პილატე ხომ ეუბნება ქრისტეს, შენ ხარ მეფე?! სიყვარული კი გქვია, მაგრამ ეს ევოლუციის მიერაა გამომუშავებული, რომ უკეთ ვიცხოვროთ. ვიღაც მეცნიერისა თუ მოაზროვნის ციტატებს მოიყვან და აღარაფერი რჩება. ვერ იღებ ქრისტეს, როგორც ვერ იღებს მას პილატე. მოწაფეებიც კი ვერ იღებენ და იესო მარტო რჩება. აი, იმ სიმარტოვეში უნდა დარჩე, იმიტომ რომ სწორედ იმ სიმარტოვეში შემოდის ღმერთი. იესოს შეიძლება, ვერ უერთგულო; შეიძლება, პეტრესავით ვერც გაუგო, მაგრამ ჩვენ მისი შვილები ვართ. ის არ იწონება, ლაბორატორიაში ვერ გამოიკვლევ, მეცნიერულ მტკიცებას არ ექვემდებარება ან კი როგორ შეიძლება, ჭეშმარიტება დაექვემდებაროს მტკიცებას, როდესაც ის თავად ამოწმებს თავის თავს?! მას არ სჭირდება გარედან მოწმობა. თუ ეს შენში შეამჩნიე, აი, ეს არის შენი ღმერთი: ჯერჯერობით სუსტი, დაუცველი, მაგრამ რომელსაც მოჰყვება აღდგომა და ამაღლება, რომელიც იმეფებს დედამიწაზე, ტახტს დაიდგამს, ნათლისვეტად დაეშვება.

ამას მე ვხედავ და შენც დაინახავ, უნდა გვჯეროდეს, გვწამდეს და რწმენა და იმედი უკვე სიყვარულად შედგება. ჩვენამდე ვინც მოდიოდა, ყველა სიყვარული პატარა ფიფქი იყო და ყველაზე მეტად, რაც ახლა სჭირდება და უჭირს ამ ფიფქებს, არის ის, რომ უნდა დავუფინოთ თითო ფიფქად ჩვენი გული, რომ თოვლად გადაიქცეს, გასქელდეს და ჩვენ ამაზე ვივლით, როგორც ერთმანეთის გულების ბატუტზე. შეიძლება, ახლა ობობას ქსელივით სუსტია, მაგრამ, თუ ძაფებს გამოვშლით, ანუ ჩვენი გული უნდა გამოიშალოს ამ სიყვარულებით, ეს ერთგვარი შიდა ინტერნეტი იქნება, უხეშად რომ ვთქვა, გულის ინტერნეტი. ახლა ტვინის ინტერნეტია, მაგრამ გული თუ არ მაქვს, ეს რად მინდა?! უგულოდ ვკვდები. ხომ არსებობს ჯოჯოხეთი?! და ჯოჯოხეთია ეს არის ცხოვრება უსიყვარულოდ, როდესაც ხარ და არ გიყვარს. ამ გაგებით, ჩვენ უკვე ვართ ჯოჯოხეთში, მაგრამ ეს პატარა ნაპერწკალი, რომელიც არ ქრება, ანთია ამ ჯოჯოხეთში. მოდი, სული ვუბეროთ, ეს ძაფებს გააბამს ჩვენს გულებს შორის და ნელ-ნელა უკვე ერთმანეთს ვიგრძნობთ; უკვე ერთმანეთის გაგრძელება ვიქნებით, რაც ახლა ვერ ვართ. ახლა ჩემს სხეულს ვგრძნობ, მაგრამ დიდ სხეულს – ვერა, რომელშიც შემდეგ ქვაც კი შემოვა. აი, მაშინ ვიქნები მეფე.

ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მოშე იბნ ეზრა, შუა საუკუნეების ებრაელი მისტიკოსი, იმიტომ, რომ მისი ლექსები პოეზიაზე მეტია, იმიტომ, რომ ებრაელებს მოაქვთ ღმერთისა და სამოთხის ხსოვნა, ისევე, როგორც ჩვენს წინაპრებს: შოთა რუსთაველს, ილია ჭავჭავაძეს, სხვებს.... მათთვის ლექსი გამოხატვის ფორმაა, იმიტომ რომ მათ არსი იცოდნენ და იმ არსს გადმოსცემდნენ. ჯემალის თარგმანი გენიალურია, მე არ ვიცი, როგორია ებრაულად, მაგრამ, ნახე, როგორ გადმოაქართულა:

„მალე მიწყდება ბინდის თარეში,

მზე გადმოდგება ოქროს მშვილდებით

და სიყვარულის ოკეანეში

ჩავიზვირთებით, ჩავიზვირთებით...“

მე მგონია, რომ ჩვენ და ებრაელები ერთი ერი ვართ, ურია ქალდეიდან, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ქალდეველები ვართ?! დიდი წყაროები ადასტურებს ამას. რაღაც მისია გავიყავით და ჩვენ ერთად მოვიწევთ იმ ჭირნახულს, რასაც მაშიახი და მესია ჰქვია. სხვათა შორის, მე მღვდელი ვარ და შეიძლება, ორთოდოქსებმა მისაყვედურონ, მაგრამ შეგვიძლია, ცოტა შევამსუბუქოთ თემები, მით უფრო, რომ მართლმადიდებლობა უშვებს აზრთა მრავალგვარობას. ანეკდოტივით გამონათქვამია, მოდის მესია, რომელსაც ებრაელი და ქრისტიანი, ორივე, ელოდება; მაგრამ ერთი ელოდება მის მეორედ მოსვლას, მეორე – პირველად მოსვლას, მაგრამ მოდის ერთი. ქრისტიანმა იცნო ქრისტე, ებრაელმა მაშიახი. ებრაელი მიდის ქრისტესთან და ეუბნება, ძალიან გთხოვ, თქვი, რომ პირველად მოხვედი; შემდეგ ქრისტიანი მიდის და ეუბნება, ძალიან გთხოვ, თქვი, რომ მეორედ მოხვედიო და და მესია ამბობს: კომენტარის გარეშე.

აი, ასე გაიცინებს სამყარო, როდესაც მიხვდება, რა გვაცოდვილებს, უბრალოდ, მანამდე გზა გვაქვს გასავლელი... შვილი რომ მიგყავდეს შორ გზაზე ან მეთაური იყო, ხომ აგულიანებ, კი არის ახლა სიბნელე, მაგრამ სულ ცოტაც და ნათელი გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა არ ჩანს, ბოლოში ჩვენ გავიცინებთ: ცრემლით მთესველი სიმღერით მოიმკის; როგორც ფსალმუნში წერია, „მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თვისი“. როგორ შეიძლება, ჩვენი წამებულების, მოაზროვნეების ღვაწლი ამაო ძალისხმევა იყოს?! არსად მიდის და არაფრით მთავრდებოდეს?! ეს ხომ აბსურდია?! ვინ არის ბაზალეთის ტბის ძირას მძინარე ყრმა?! ვინ არის მიჯაჭვული ამირანი?! მით უფრო, სხვა ხალხებსაც აქვთ მსგავსი მითოსი, თუმცა ჩვენთან უფრო გამოკვეთილია. ან წმიდა ნინო რატომ იწოდება ინდოელ ტყვედ?! რა შუაშია ინდოელი?! ბოდბეს რატომ ჰქვია ბუდა?! ქრისტე რომ მოვა, რელიგიების მიღმა ცნობიერება შედგება, როგორც კაცი და სწორედ ეს ლანდშაფტია გადაშლილი „ვეფხისტყაოსანში“, რაც ვერ ეტევა განსაზღვრებაში და, რა?! განა ქრისტეს ჩატევ განსაზღვრებაში?! მართლმადიდებლის მისია ის არის, რომ ეს კაცი დაბადონ და ეს იქნება სამყაროს წინაშე ჩვენი ვალის მოხდა და ჩვენი წინაპრების ძალისხმევის აღსრულება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი