უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 19:00
„... როცა დასრულდა მისი (ზაქარიასი – იოანე ნათლისმცემლის მამის) მსახურების დღენი, შინ წავიდა. იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი. ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა: „ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რომ მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში“. და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ“ (ლკ. 1,23-25,58).
როგორი საოცარი სურათია! მართალი ელისაბედი, დედა უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის – იოანესი, რომელიც მთელი ცოლქმრული ცხოვრების განმავლობაში ნატრობდა და ევედრებოდა უფალს შვილის ყოლას, ღვთის მოწყალებით, იღებს ნანატრს... ის გამოუთქმელი სიხარულით ხარობს და თავის ბედნიერებას ხუთი თვე მალავს სხვისგან. როცა კი ცნობილი ხდება ეს ამბავი, ხარობენ მეზორბლებიცა და ნათესავებიც. ეს მხოლოდ მართალ ელისაბედთან არ მომხდარა, ასევე ხარობდა ანა წინასწარმეტყველი – სამოელ წინასწარმეტყველის დედა, ასევე ხარობდნენ მართალნი იოაკიმ და ანა – ღვთისმშობლის მშობლები. ამგვარად ხარობდნენ ძველი აღთქმისეული ქალები. უშვილოდ ყოფნა უდიდეს სირცხვილად მიიჩნეოდა, მრავალშვილიანობა კი – ღვთის კურთხევად. უშვილოები ზოგჯერ სხვადასხვა ხრიკებსაც მიმართავდნენ, ოღონდ დედობას ღირსებოდნენ. გავიხსენოთ, თუნდაც, თამარი, რუთი, რომელნიც თვით მაცხოვრის გენეალოგიაში შევიდნენ. მართალია, ეს უკავშირდებოდა აღთქმული მესიის იდეას, თითოეული დედაკაცი ცდილობდა, წილი ჰქონოდა აღთქმულთან, მაგრამ, ასევე, შობადობა მიიჩნეოდა ღვთის წყალობად და კურთხევად. უფლის მცნების თანახმად, თუ ქმარი მოკვდებოდა და არ დატოვებდა შთამომავლობას, მის ძმას უნდა აღედგინა მისთვის თესლი. დედის მუცელში ბავშვის მოკვლა უდიდეს დანაშაულად მიიჩნეოდა. უფალი წმიდა წერილით ამბობს: „თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავდნენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ. რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ. თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ“ (გამოსვლ. 21,22-23).
ასე რომ, მუცლის მოშლა, თუნდაც უნებლიე, მძიმე დანაშაულად მიიჩნეოდა და ამის მოქმედი ისჯებოდა სიკვდილით.
ახალ აღთქმაში დედობასთან ერთად იწყნარებენ ქალწულებასაც. მათ შორის შუალედური მდგომარეობა დაუშვებელია. ეკლესიის ისტორიიდან ჩვენ ვიცით საკვირველი ქალები – დედები და საოცარი ქალწულები. ახალ აღთქმაში, ისევე როგორც – ძველში, მუცლის მოშლა მიიჩნევა უდიდეს ცოდვად, უმძიმეს დანაშაულად. წმიდა მამათა და საეკლესიო კრებების დადგენილებებით, მსგავსი დანაშაული მკვლელობის ტოლფასია და განისაზღვრება 29-წლიანი ეპიტემიით. მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების 91-ე მუხლი იუწყება, რომ მუცლის მომშლელს განუკუთვნებდნენ კაცის მკვლელის ეპიტიმიას. ამასვე ამბობს წმიდა ბასილი დიდი მე-20 მუხლში „განზრახვით ნაყოფის მკვლელია კაცისმკვლელის განაჩენს იმსახურებს“. ასე მკაცრად განსაზღვრული ღვთის სიტყვითა და წმიდა მამათა დადგენილებებით დედებისა და ჩვილების ურთიერთმიმართება.
სამწუხაროდ, ამაზე მრავალი ადამიანი როდის ფიქრობს, რომლებიც ყოველგვარი შიშის გარეშე განაგრძობენ მკვლელობას, მუცელში უსპობენ რა ჩანასახს სიცოცხლეს. ქორწინდებიან არა იმისთვის, რომ ბავშვები გააჩინონ, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის. ქალები თანხმდებიან აბორტზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობიარობა ტკივილებთანაა დაკავშირებული, არამედ, თქმაც კი სასირცხვილოა, თავიანთი ფიგურების მოსაფრთხილებლად, იმიტომ, რომ არ გაისარჯონ შვილების აღზრდით და არ მოაკლდნენ გართობასა და სიამოვნებას.
უფალო! დე, აღმოიფხვრებოდეს ჩვენში შენთვის მიუღებელი ეს მძიმე ცოდვა – ნაყოფის მოწყვეტა, ჩვილთა კვლა – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყველა წმიდანის ლოცვით. ამინ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



