რელიგია

მომხვეჭელობის შესახებ

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

მომხვეჭელობის ვნება გულისხმობს ვნებას ფულისადმი, სიმდიდრისადმი, მოპოვებულს სიძუნწითა თუ სხვა მანკიერი საშუალებით. ამ ვნებამ შესაძლოა, იმსხვერპლოს ყოველი ადამიანი: მდიდარიც და ღარიბიც, მქონებელიც და უპოვარიც. წმიდა ტიხონ ზადონელი ამბობს, რომ „არა მხოლოდ ის არის ვერცხლისმოყვარე, რომელიც ყოველგვარი საშუალებით იხვეჭს სიმდიდრეს და ინახავს მას გაუცემლად, არამედ ისიც, რომელიც ვერ იხვეჭს და არც არის მდიდარი, მაგრამ სიხარბით აღსავსეს სწყურია ქონება. ვერცხლისმოყვარე ის არის, რომელიც გულით მიეჯაჭვა ფულს და დაემონა მას. ღატაკი, თუნდაც უპოვარი, ანთებული სიმდიდრის წყურვილით, ვერცხლისმოყვარეა“. ღვთის სიტყვა არ გვიკრძალავს, ძმებო, ქვეყნიური სიკეთეების მოპოვებაზე ზრუნვას და არ სჯის მდიდარს სიმდიდრის გამო. „იობი მდიდარი იყო, – ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, – მაგრამ თავის სიმდიდრეს არ მსახურებდა. ის ქონების ბატონი იყო და არა – მონა. ის უნაწილებდა თავის სიმდიდრეს მათ, ვინც კი რაიმეს სთხოვდა. ამიტომაც, როცა სიმდიდრე დაკარგა, მის გამო არ შეწუხებულა“. ამასვე ამბობს წმიდა ტიხონ ზადონელიც: „როგორც ახლა არიან, ასევე იყვნენ წინათ მდიდრები და სახელოვანი ადამიანები, მაგრამ თავიანთი ცხოვრებით სათნო ეყვნენ ღმერთს და ვერცხლისმოყვარენი როდი ყოფილან. ვერცხლისმოყვარე არ ცდილობს, ღმერთს სათნო ეყოს იმიტომ, რომ ღმერთს კი არა, თავის ვნებებს სცემს თაყვანს“. „სიმდიდრე ცუდი როდია, – ამბობს წმიდა იოანე ოქროოპირი, – ცუდია სიმდიდრისადმი ვნება, მისადმი სიყვარული“.

ამგვარად, ძმებო, არა ქვეყნიური სიკეთეები, არა სიმდიდრეა დანაშაული, არამედ ვნება ადამიანისა მისადმი, იმიტომ, რომ ის ღუპავს ადამიანს, ამძიმებს სულს, აბნელებს გონებას, თოკავს ნებას, ბადებს სიძუნწეს და გლახაკთადმი უმოწყალობას და ბოლოს, ეს ვნება ადამიანს ავიწყებს ღმერთს. „ამქვეყნიური საქმეები ისე ამძიმებენ ადამიანს, – განაგრძობს წმიდა ტიხონ ზადონელი, – რომ ის ვერც კი ახერხებს ღმერთსა და სულის ხნაზე ფიქრს“. შეხედე ვერცხლისმოყვარე მდიდარს, სადა აქვს მას გული: სადაცაა მისი საუნჯე, იქაა მისი გულიც – როგორც ბრძანებდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუ ეკლესიაში დგას, გონება მისი სხვაგანაა, იქ არის, სადაც თავისი ზანდუკი ეგულება, სადაც სიმდიდრე აქვს გადანახული. დღისით და ღამით მასზე ფიქრობს, ძილშიც კი ის ახსოვს. ვერცხლისმოყვარეობა გაუმაძღარი ვნებაა. რაც უფრო მეტს იხვეჭს მისით შეპყრობილი ადამიანი, მით მეტის მოხვეჭის სურვილი აქვს. დაკარგული აქვს სიმშვიდისა და უსაფრთხოების გრძნობა, ყველგან დაატარებს თავის შინაგან სამყაროში არსებულ მტანჯველს, რომელიც ყოველთვის სტანჯავს მას. ხედავთ, ძმებო, როგორ ღუპავს ადამიანს ვერცხლისმოყვარეობა? ამიტომაც გვაფრთხილებს ასე მკაცრად მის შესახებ ღვთის სიტყვა. თვით უფალმა იესო ქრისტემ განსაჯა ეს ვნება: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული. ვაი, თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა“ (ლკ. 12,15; 6/24).

ძმებო, ნუ მივეჯაჭვებით ამქვეყნიურ სიკეთეებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი მამული მიწაზე კი არა, ზეცაშია. რომ არც არაფერი მოგვიტანია ამსოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთ აქედან. გვახსოვდეს, რომ უმთავრესი ჩვენი საზრუნავი სულის ხსნაა. ყოველივე ცხოვრებისეულს, მიწიერს, ჩვეულებისამებრ, პირველ რიგზე ვაყენებთ და იშვიათად თუ გვახსოვს საკუთარ სულზე ზრუნვა. ძმებო, ვეძიოთ, უპირველესად, ცათა სასუფეველი და მისი სიმართლე, ამინ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი