რელიგია

უფლის გზაზე

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 16.09

რელიგია
დაკოპირებულია

თავმდაბლობა

თუ გეჩვენება, რომ რაღაც სათნოება მოიხვეჭე, გინდა ღვთისაგან არ მიიღე სიკეთის კანონი, გონების ნათელი, რომელშიც დაინახე ეს კანონი, გულის გრძნობა, რომლითაც შეიყვარე იგი; სინდისის მოწმობა, რომელმაც ნება არ მოგცა, უარი თქვა მასზე ან დაგევიწყებინა იგი; ნებისყოფა, რომლითაც შეძელი მისი აღსრულება; საშუალებები, რომლითაც აღასრულე იგი? ჩამოაშორე და მოაცილე შენ მიერ მითვისებული სულიერ სიმდიდრეს ის, რაც ღვთისგან მიიღე და შეხედე, დაგრჩება თუ არა რაიმე, გარდა შენი მემკვიდრეობითი სიღატაკისა?!

***

თუ რაიმე კარგი გაქვს, იგი შენი როდია, არამედ ღვთისაა! საკუთარი არაფერი გაგაჩნია – ცოდვების გარდა; ამიტომ საფუძველი არ დაგრჩენია, თავი მოგქონდეს იმით, რაც გაქვს. უგუნური და ურწმუნოა ის მსახური, რომელიც თავისი პატრონის სიმდიდრით დაიწყებდა ტრაბახს!

***

ჩვენი საკუთარი ძალებით არცერთი კეთილი საქმის ქმნა არ ძალგვიძს, ამიტომ, თუკი ღვთის შეწევნით ვნებებს დათრგუნავ და საკუთარ თავს უკეთესად მიიჩნევ, დაემსგავსები ხაზინადარს, რომელსაც სახელმწიფო ფულის მიღებით თავი მდიდარი ჰგონია!

***

ბევრი აღასრულე თუ ცოტა, – შენი წოდებით – ღვთის სადიდებლად, თავს ნუ აღიმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: „არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა!“

***

განა შეიძლება, მდიდარი ეწოდოს ადამიანს, რომელსაც თავის განკარგულებაში სახელმწიფო მილიონები აქვს, საკუთარ ჯიბეში კი გროშიც არ გააჩნია? ასევე ადამიანი, რომელმაც სრულად და ჭეშმარიტად შეიცნო საკუთარი ცოდვიანობა, ანგელოზებრივი სიწმინდის შემთხვევაშიც, საკუთარ თავს ყველაზე უკანასკნელ ცოდვილად მიიჩნევს!

***

რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებენ? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვებს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც. განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ არსებობა, შეგინარჩუნათ ძალები და გამოგიცხადათ თავისი მადლი; განა უფალი არ მიმართავს თქვენს ნებას სიკეთისაკენ? და განა თქვენ მიერ აღსრულებული სიკეთე მხოლოდ მისგან არ მომდინარეობს? მოციქულის სიტყვით – ადამიანს თავისთავად სიკეთის გაფიქრებაც კი არ ძალუძს!“

***

ერთი ბერი მეორესთან მივიდა: საუბრისას ერთმა მათგანმა მეორეს უთხრა: „მე მოვკვდი სოფლისათვის“. მეორემ უპასუხა: „ნუ გექნება საკუთარი თავის იმედი მანამ, ვიდრე ამ სხეულიდან არ გახვალ; რადგან თუმცა ამბობ, რომ მოკვდი, სამაგიეროდ, სატანა არ მომკვდარა!“

***

ვერც მოსაგრეობა გვაცხოვნებს, ვერც ღამის თევა, ვერც სხვა რაიმე ღვაწლი, თუ ამასთან ერთად ჭეშმარიტი ღვაწლი არ გვექნება. იყო ერთი განდეგილი, რომელიც ეშმაკებს განდევნიდა. ერთხელ მათ ჰკითხა: „რით განიდევნებით თქვენ, მარხვით?“ მათ უპასუხეს: – „ჩვენ არ ვჭამთ და არ ვსვამთ!“ – ღამის თევით? პასუხი ასეთი იყო: „ჩვენ არ გვძინავს. – უდაბნოში განდგომით“ – პასუხი: „ჩვენც უდაბნოში ვცხოვრობთ“ – „მაშ, რითი უნდა განიდევნოთ?“ ეშმაკებმა უპასუხეს: „ჩვენ თავმდაბლობის მეტი ვერაფერი გვამარცხებს!“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი