რელიგია

რატომ არის დაგროვილი ცოდნა ღმერთამდე მიმყვანი და იმავდროულად, რატომ უნდა გადაყარო, რომ ღმერთი იხილო

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ქრისტე ამბობს, მე ვარ ჭეშმარიტება და ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა გახდეს ჭეშმარიტება, რომ მამასთან მივიდეს. რატომ არის ყველაფერი ნაგავი, რასაც ადამიანი ამ წუთისოფელში აგროვებს?! მეორე მხრივ, რა აზრი აქვს ადამიანის ძალისხმევას, თუ მისი თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება უფლის ნების გარეშე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: დიახ, მაშინ რატომ ამბობს ქრისტე: მე ვარ ჭეშმარიტება? ან ამატებს, ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემ მიერ?! მე როგორ მივიდე ქრისტესთან?! ეს არის შენი შინაგანი, ნამდვილი ბუნება, რომელიც ქრისტეში გარეთ გეცხადება და შენ, თუ გინდა, რომ მას შეხედო და ის დაიტიო, აქამდე შეძენილი ნაგვად უნდა ჩათვალო. რა თქმა უნდა, შეიძლება, თქვა, ესე იგი, აზრი არ აქვს ცოდნის შეძენას?! როგორ არ აქვს აზრი, სწორედ იმიტომ აქვს, რომ მერე გაუქმდეს. მიღებული ცოდნა აქამდე მიმყვანია, მაგრამ იქ ამ ცოდნით ვერ გადახვალ ამის იქით. ავთანდილი სამ წელს ეძებდა ტარიელს, მთა და ზღვა გადააბრუნა და ბოლოს გაეცინა, მიხვდა, თუ ღმერთმა არ ინება, ვერაფერს ვიღონებო და მწვადის შეწვა დაიწყო. მთელ თავის ინტელექტუალურ ცოდნას, გამოცდილებას, რაც დააგროვა სამი წლის განმავლობაში, ანულებს და შედეგი რა არის: მწვადს წვავს, ანუ ბანალურ მდგომარეობას უბრუნდება და ზუსტად მაშინ და იქ პოულობს ტარიელს. ესე იგი, ჩვენი ამ ძიებებით, იმედებითა და სურვილებით კი ვერ გადავალთ ცათა სასუფეველში, არამედ ეს, ყველაფერი, არის მიმყვანი იმ ნულოვან წერტილამდე, სადაც გავირინდები. ქართულში გვაქვს შესანიშნავი სიტყვა: გავშეშდი, გამაშეშა. და შეშა რა არის? ნახევრად მატერია, ნახევრად ცეცხლი, იმიტომ რომ, თუ ხმელია, ცეცხლის პოტენციალი, ნაპერწკალი რომ მოდის, აალდება და, თუ ნედლია, არ მოეკიდება. მაშასადამე, შენ სამყარო უკვე ისე ამოწურე, ისე გამოშრი, რომ, თუ გინდა, რომ ის მოგეკიდოს, შეშად უნდა დახვდე, წკიპზე უნდა მიხვიდე. გავირინდე, გავყუჩდი, გავშეშდი – აი, ეს მდგომარეობაა გადამყვანი. მაგრამ ამას ვერ გაითამაშებ. ეს არის ბოლო სიმწიფე, იქ მოხდება ჩვენი გამთლიანება და სწორედ ეს არის მეტამორფოზა.

ჭია უცებ ვერ ადის პეპლამდე, ჯერ ჭუპრდება. გაგახსენებთ, რას აკეთებს ჭია: გვყავდა სახლში, პატარა წერტილებია, ასანთის ყუთში ეტეოდა: პატარა ადგილას ვყრიდით და სანამ ჭია გამოვა, მანამდე 24 საათის განმავლობაში ჭამენ, სულ შარიშურია, დღე და ღამე უნდა უცვალო თუთის ფოთლები და სულ იზრდება. თავის ზომას რომ მიაღწევს ზრდა ჩერდება და თავის პარკში იკეტება, რომელსაც ქსოვს, გადაიქცევა ქვასავით უგრძნობ ჭუპრად და შემდეგ ჭუპრიდან გამოდის პეპელა. ეგვიპტელებსაც იგივე ხედვა აქვთ და ქრისტემაც ეს გზა გაიარა, რაც, ასევე, ჩვენც უნდა გავიაროთ: გაჭუპრება, ანუ მეტამორფოზით გადასვლა; იმიტომ რომ, როგორც ჭია, იქით ვერ გადახვალ. ჯვარი არის მდგომარეობა, სადაც სიცოცხლე და სიკვდილი ზუსტად ერთ წერტილშია თავმოყრილი და ვინ იმარჯვებს ჯვარზე?! ერთი მხრივ, რეალობაა სიკვდილი და კიდეც წერია, რომ ქრისტეს შეეშინდაო სიკვდილის, მაგრამ არ შეძრწუნდაო; ამიტომ გაბედვა არის ის, რომ ისე გწამს სიყვარულის, რომ თუმცა ძალა არ გაქვს, სიკვდილში, რომელიც რეალობაა, შედიხარ, რათა შეერწყა მას, იმდენად გწყურია და იმდენად გჯერა, იმდენად გწამს. ამდენად, ერთადერთი რამ გრჩება – რწმენა! და სწორედ ეს რწმენა იმარჯვებს. ამიტომაც ვთქვი, რომ, რაც დღეს სამყაროს გადაარჩენს, ეს არის თუნდაც, ის, რომ ბედავ, ინატრო; თუნდაც, რომ სუსტი პროტესტი გაქვს შენ შიგნით, რომ, რაც დღეს ხდება, არ შეიძლება, იყოს რეალობა. შემდეგ შეგროვდება ეს პატარ-პატარა პროტესტები, ენერგიად გადაიქცევა და ამოხეთქავს. ქრისტე რჩება ჯვარზე და არანაირი ძალა არ აქვს, თვითონაც ეშინია, ჯვარზეა დაკიდებული; განიცდის, ნუთუ ამაო იყო ეს ყველაფერიო და ეკითხება მამას: ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე?!

აქედან გამომდინარე, ნახე, რა უნდა გავაკეთოთ?! ნუ უყურებ იმას, რაც ხდება; გჯეროდეს შენი ოცნებების; შენი ბავშვური სილამაზეების, რომლებიც მოგვყვება, რომ სამყარო სიყვარულით უნდა იყოს გაბრწყინებული, რომ ღმერთმა ეს სამყარო დასაქცევად და გასანადგურებლად კი არ შექმნა, არამედ სიყვარულის ოაზისად, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს. მე რომ ეს რწმენა მომაქვს, ის ჯერ კიდევ სუსტია, მაგრამ მე მაინც მჯერა მისი, ვიდრე იმ რეალობის, რომელსაც ვუყურებ. თუმცა ქრისტეს შეეძლო, ეს რეალობა გამოეყენებინა. იერუსალიმში შეჰყავდათ, როგორც მეფე; ყველაფერი შეეძლო, მაგრამ არას ამბობს. რატომ?! იმიტომ რომ ასე არ ხდება, ვერ გადავაკეთებთ ადამიანებს რამდენჯერაც უნდა ცვალო წყობები, რელიგიები, მორალი, პოლიტიკური სისტემები... იმიტომ, რომ ადამიანი გაბოროტებულია. ოღონდ მას ახსოვს სული და იესო სწორედ ამას აკეთებს: წირავს ამ ადამიანურ შესაძლებლობებს, სიკვდილს აძლევს ყველაფერს და სჯერა, რომ სიკვდილის იქით დიდი სიცოცხლეა.

აი, ეს უკვე არ ექვემდებარება მეცნიერულ ანალიზს; ეს ის არის, რაც შენ მოგაქვს. შენი რწმენა, შენი დაჯერებაა, რომელიც არ მოწმდება; ლაბორატორიაში ვერ შეიყვან ადამიანს, რომ ეს შეუმოწმო. თუმცა ამის მცდელობები იყო, გაკვეთეს ადამიანი იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანში არ არის სული. არადა ამის მიღმა არის ის რაღაც, რომელზეც სამყარო დგას, რომელზეც ჩემი სამყარო დგას და, მოდი, ამას უერთგულე. იარე ჯვარცმულ ქრისტესთან ერთად, ნუ ეძებ წარმატებებს, ნუ ეძებ სიმდიდრეს, ნუ ეძებ, მაინცდამაინც, პატივს. დიახ, გექნება ეს ყველაფერი, მაგრამ მერე?! ამიტომ წადი ამ ჯვარცმის გზით და ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა.

იესო თავის ბოლო სიტყვებს ამბობს: შენს ხელთ გადავცემ ჩემს სულსო და ფარდა იხევა, სწორედ ის ფარდა არის ჩემი ტვინი, რომელმაც აქეთ დამტოვა, ხოლო სამოთხე არის ფარდის მიღმა ხედვა, ახალი თვალები. სამოთხე ახლაც მოუკლებლად აქ არის, ოღონდ ჩვენ მას იმ დოზით განვიცდით, რა დოზითაც ტვინის ტყვეობაში ვიმყოფებით. თუ ეს ტყვეობა შემსუბუქდება, ანუ, თუ მე ამოვჭამ ჩემს ტვინს და ჩემს ცხოვრებას არ მივცემ ნებას, გავხდე მიწიერი მე, მივხვდები, რომ უფრო მეტი მინდა, ვიდრე ეს მატერიაა, მაშინვე ჩამოიშლება, რაც რეალობა მგონია და გარს მარტყია და როდესაც თვალს ავახელ, უკვე სხვანაირად ვხედავ სამყაროს – ვხედავ, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთი პატარა აბკითაა გამოყოფილი და ეს აბკი ჩემი მდგომარეობებია. ჩვენ უწყვეტად ვიმყოფებით ამ მდგომარეობებში და ერთხელაც დავზავდებით, გაჯერდება ეს ყველაფერი და კაცი სრულად შედგება. ეს აქ და ახლა ხდება. როგორც კი ჩვენ ამას გადავიტანთ საიქიოში, არასდროს მოხდება, იმიტომ რომ შენ საიქიოში ის გადაგყვება, რითიც ახლა ხარ სავსე. იესო ვინ არის?! როგორც კი იესოს ვიღებთ, როგორც ისტორიულ პიროვნებას, თუნდაც, როგორც თაყვანისცემის ობიექტს და მის ხატებს ვეთაყვანებით, უკვე რაღაცას ვაკლებთ მას. იმიტომ, რომ მაცხოვარს ეს არ უნდა. იესოობა არის პრინციპი, უწყვეტი მდგომარეობა, იესოს სული შენშიც არის და ვინ არის, როგორ იპოვი?! ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელიც სუსტია, რომელსაც შენი ფიზიკა, სამყარო ერევა, მაგრამ ჯიუტია, არსებულია, ცოცხალია და სწორედ მას უნდა უერთგულო. იმისთვის ღირს სიცოცხლე, რომ ის არ ჩაგიქრეს. თუკი მას რამე დაემართება, სამყარო დამთავრდება. შეიძლება, ყველაფერი გქონდეს, მაგრამ მკვდარი ხარ და მე სწორედ ამის მეშინია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი