რელიგია

უფლის გზაზე

№29

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 29.07, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მადლი

მადლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში იგივეა, რაც ფიზიკურ ცხოვრებაში – სუნთქვა. ადამიანი სუნთქვის გარეშე სხეულით მკვდარია, ქრისტიანიც მადლის გარეშე ქრისტიანი არაა, სულით მკვდარია.

***

ის ქრისტიანები, რომლებსაც სურთ, კეთილმოქმედნი იყვნენ, მაგრამ არ ცდილობენ სულიწმიდის მადლის მოხვეჭას, უდიდეს ცდომილებაში იმყოფებიან. ისინი ქვაზე თესენ, წყალზე ხნავენ, სურთ ფრთების გარეშე ფრენა, ჰაერის გარეშე კი – სუნთქვა.

***

ვისაც თავის თავში ღვთის მადლის შენარჩუნება სურს, დაე, იყოს მადლიერი ამ მადლისათვის, როცა ეძლევა, ხოლო მომთმენი – როცა ერთმევა იგი. დაე, ილოცოს, რათა დაუბრუნდეს ღვთის მადლი, დაე, საკუთარ თავს დააკვირდეს და დამდაბლდეს, რათა არ დაკარგოს იგი!

***

მადლის დაკარგვა ყველა დანაკარგზე საშინელია: არაფერია იმაზე დიდი უბედურება, ვიდრე იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც დაკარგა მადლი. ცოტას თუ დაუბრუნებია იგი უდიდესი ღვაწლით. განუწყვეტლივ უნდა ვიფხიზლოთ, რათა დავიცვათ იგი. ის გვეძლევა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის გულმოწყალებით, მაგრამ მის დასაცავად პირადი ძალისხმევაა საჭირო.

***

მადლის ნუგეში ზოგჯერ იმათაც მოაკლდება, ვინც სათნოებით აღსავსე, თუნდაც, მოსაგრე ცხოვრებას ეწევა, მაგრამ ეს არ არის მადლის დაკარგვა და ამიტომ ამან არ უნდა შეგვაწუხოს. მადლი არასდროს ტოვებს მორწმუნეს. არამედ იფარება და ადგილს მისდამი რწმენისა და მოთმინების უმაღლეს ღვაწლს უთმობს.

***

უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და ხედავს თავისი ერთგული მონების უბედურებებს, მაგრამ ზოგჯერ განეშორება კიდეც მათ, რათა უფრო მეტი სიუხვით დააჯილდოოს გამოცდაგავლილი ღვთისმოსაობა. მშობლებიც ხშირად, ასევე, გონების განვითარებისა და გამოცდილების მისაღებად, შვილებს უცხო ქვეყანაში აგზავნიან.

***

წმიდა ანტონი დიდი, რომელსაც ბოროტი სულები სცდიდნენ და აწვალებდნენ, ტანჯვა-წამებისას იესო ქრისტეს ვერ ხედავდა. შემდეგ, როდესაც იხილა იგი, წყენით შესძახა: „სად იყავი, უფალო ჩემო, სად იყავი?!“ – „მე აქ ვიყავი და შენს მამაცობასა და მოთმინებას ვუცქერდი!“ – იყო მაცხოვრის პასუხი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი