რელიგია

უფლის გზაზე

№34

ავტორი: „თბილისელები“ 15 წუთის წინ

ლოცვის შესახებ
დაკოპირებულია

დღესასწაული უმჯობესია სადილის გარეშე, ვიდრე ჟამისწირვის გარეშე

მართასთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, როცა უფალი იესო ქრისტე ესტუმრა მის სახლს. იმდენად დიდი იყო მისი სიხარული და სასურველი სტუმრის კარგად გამასპინძლების სურვილი, იმდენს ფუსფუსებდა და ფორიაქობდა, რომ არც თვითონ უსმენდა იესო ქრისტეს მოძღვრებას და სურდა, თავისი დაც განერიდებინა ღვთის სიტყვისგან, რათა მარიამი სადილის მომზადებაში მიხმარებოდა. ასე ატარებს დღესასწაულს ზოგიერთი ჩვენგანიც. ნაცვლად იმისა, რომ დღესასწაულისას ეკლესიაში წავიდეს, ილოცოს და ღვთის სიტყვა მოისმინოს, ბევრი სახლში რჩება, მოუსვენრობს, ფუსფუსებს, ბრაზობს და ამაოებაში ჩაფლული მონდომებით ცდილობს, რაც შეიძლება, უკეთესი სადილი მოამზადოს საუფლო დღესასწაულზე. ასეთი ადამიანები არათუ თვითონ არ მიდიან ეკლესიაში, არამედ ოჯახის წევრებსაც არ უშვებენ ტაძარში, რომ ეს უკანასკნელნი შეეშველონ მათ.

საუფლო დღესასწაულის სადილი, რა თქმა უნდა, ბევრად უმჯობესი უნდა იყოს ჩვეულებრივი დღის სადილთან შედარებით, მაგრამ ეს ისე უნდა მოახერხოს ადამიანმა, რომ სადილის მომზადებამ ხელი არ შეუშალოს უფლის ეკლესიაში მისვლას.

ამბობენ: „არ შემიძლია, ვეღარ ვასწრებ, სადილია მოსამზადებელი“. ვეღარ ასწრებ? თუ ნამდვილად ასეა, უმჯობესია, დღესასწაული სადღესასწაულო სადილის გარეშე დარჩეს, ვიდრე ჟამისწირვის გარეშე. დღესასწაული ამ დღეს სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ღვთის სახლში ილოცო უფლისადმი და ჭეშმარიტების სიტყვისა ისმინო. ბევრი კი ამის საპირისპიროს ფიქრობს და იქცევა. მათ ურჩევნიათ, გააცდინონ წირვა, ვიდრე სადილის გარეშე დარჩნენ. თუ შენ დღესასწაულის პატივსაცემად მოამზადებ კარგ სადილს და ამის გამო არ წახვალ ეკლესიაში და სხვასაც არ გაუშვებ, ამით დაღუპავ დღესასწაულს, რომელიც სადილისთვის (თუნდაც კარგი სადილისთვის) გაცვალე. ის კი არადა, ცოდვაც კია, უჯდე სადღესასწაულო სუფრას წირვის გამცდენელი. არ დარჩეთ, მეგობრებო, დღესასწაულზე სახლებში სადილის მომზადების გამო. წინდაწინ ისე გონივრულად მოიქეცით, რომ ამგვარმა წვრილმანმა საქმემ არ განგაშოროთ ღვთის სახლში ყოფნას. უმჯობესია, დარჩეთ უსადილოდ, ვიდრე არ მოისმინოთ ჟამისწირვა. ყოველ შემთხვევაში, თუ თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ რაიმე მიზეზით ეკლესიაში მისვლა, ოჯახის წევრებს მაინც ნუ დააყოვნებთ. გააგზავნეთ ისინი ტაძარში, რომ მათ თქვენთვისაც ილოცონ და ამგვარი სახით უფლის სახლიდან თქვენს სახლში ძღვნად მოგართვან ჭეშმარიტი საუფლო დღესასწაული. ამინ!

სულიერი სიბრმავის შესახებ

ალბათ, გინახავთ ყრუ ადამიანი, რომელსაც, რაც არ უნდა უთხრა ან აუკრძალო რაიმე – არაფერი ესმის და თავისას აკეთებს. ეს იმიტომ ხდება, რომ სიტყვისა არ ესმის და ბრძანებასა და აკრძალვას ვერ აცნობიერებს. გულისხმა ჰყავ, რომ სატანაც ამგვარადვე უხშობს ადამიანს სულიერ სასმენელს, რათა ის ღვთის სიტყვას ვეღარ ისმენდეს. ამგვარ ადამიანს ყური აქვს, მაგრამ არ ძალუძს ისმინოს. ესმის ხორციელი ყურით, მაგრამ სულიერი სასმენელით ყრუა. სიტყვები ფიზიკურ ყურებზე მოქმედებს, მაგრამ სულიერს არ ეხება და ადამიანიც ისეა, როგორც ყრუ, რადგანაც მასზე ვერ მოქმედებს ღვთის სიტყვა. რასაც ჭეშმარიტება ეუბნება – ვერ აცნობიერებს, რასაც უკრძალავს – არ ესმის. ამგვარი ადამიანისთვის სიტყვა, დარიგება, დარწმუნება, რჩევა ისეა, როგორც ყრუსთვის მუსიკა. ამიტომაც ამბობს იესო ქრისტე წმიდა სახარებაში: „... ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!“ ყური ყველასა აქვს, მაგრამ ყველა როდი ისმენს. ამის შედეგია ის, რომ ღვთის ტაძარში შეკრებილთ ყველას როდი ესმის უფლის ხმა და ყველასთვის როდი მოაქვს სარგებელი.

სატირალია ხორციელი სიყრუე, მაგრამ უფრო მეტადაა სატირალი სიყრუე სულიერი, იმიტომ, რომ სული, რომელიც არ ისმენს და არ უსმენს ღვთის სიტყვას, ყველანაირი ცდუნების ტყვეობაშია და საუკუნო დაღუპვისთვისაა განწირული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი