მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 26 წუთის წინ
კითხვა: ადრე ლოცვების კითხვა დიდ სიხარულს მანიჭებდა, მაშინ ახალი ფეხშედგმული ვიყავი ეკლესიაში, ახლა კი, რატომღაც, გულგრილი გავხდი. იქნებ განმიმარტოთ ჩემი მდგომარეობა?
პასუხი: ყოველი ადამიანი ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისში უანგაროდ და უშრომლად იღებს ღვთისგან მადლს, რასაც საღვთისმეტყველო ენაზე „ხმობილი მადლი“ ეწოდება. ამ მადლის მოქმედება პირველ ეტაპზე ადამიანს უადვილებს ქრისტიანულ ცხოვრებას – ლოცვას, მარხვას, ეკლესიაში მსახურებებზე დასწრებას. შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, როცა ადამიანმა ეს მადლი თავად უნდა მოიხვეჭოს და მოიხვეჭს კიდეც მას უფლის მცნებათა დაცვით, საკუთარი თავის იძულებით, დაუღალავი ღვაწლითა და შრომით.
კითხვა: ხანდახან სხვები გვთხოვენ, რომ მათთვის ვილოცოთ, ჩვენ კი ჩვენი თავისთვის ვერ გვილოცია. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: როგორც წმიდა ფილარეტ მოსკოველი შეგვაგონებს: „ნუ განდგებით სხვათათვის ლოცვისგან იმის შიშით, რომ თქვენ საკუთარი თავისთვისაც ვერა გამოგითხოვიათ. უფრთხოდეთ იმას, რომ საკუთარი თავისთვის ვერ გამოითხოვოთ, თუ სხვებისთვის არ ილოცებთ“. ყველა ქრისტიანი ვალდებულია, მოიხსენიოს ლოცვაში ადამიანი, რომელიც ლოცვით შემწეობას ითხოვს.
კითხვა: რატომ ითვლება ცოდვად ქმედებაც და ზრახვაც?
პასუხი: უფალი კრძალავს არა მხოლოდ ბოროტ საქმეებს, არამედ სურვილებსა და ზრახვებს. თუ სურვილები და ზრახვები ცოდვიანია, ისინი აუწმინდურებენ სულს. გარდა ამისა, ბოროტი სურვილებისა და ზრახვებისგან იშვება ბოროტი ქმედებანი, რომ არ ყოფილიყო ბოროტი სურვილები და ზრახვები, არ იქნებოდა არც ბოროტი საქმეები. მოქმედება არის სურვილების გამოვლინება. ამიტომ არის აუცილებელი საკუთარ თავში ცოდვებისკენ მიდრეკილი ზრახვებისა და სურვილების დათრგუნვა და მათი სიკეთეზე დაფუძნება.
კითხვა: აქვს თუ არა მარხვას ხილული ზეგავლენა იმაზე, ვინც მარხულობს?
პასუხი: მარხვა ადამიანს განაწყობს ლოცვისადმი, სულს ანიჭებს სიმხნევეს და მიწიერზე აღამაღლებს. ადამიანს თვალნათლივ ანახვებს, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა რჩეული კერძების მირმევაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ უბრალო საკვებითაც მიიღწევა. მარხვა ავლენს ადამიანში ჩაბუდებულ მანკიერებებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


