რას ნიშნავს კერპი და რატომ უკრძალავს ღმერთი ადამს კერპების შექმნას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 14 წუთის წინ
ადამიანი – ღვთის ხატი და პოტენციალით – ღმერთი, ვერც აცნობიერებს, რომ სამყაროს მეფეა. ჩვენი ცხოვრება ჩაკეტილია ყოფის ორომტრიალში, სადაც არ რჩება არც სიხარულის და არც სიყვარულის ადგილი. ტექნიკურად ადამიანმა სამყარო თითქმის ბოლომდე აითვისა, ანუ შეასრულა ღმერთის სიტყვა, როდესაც ადამმა სამოთხე დაკარგა, თუმცა მთელი ის ცოდნა, რაც დააგროვა, ადამიანისა და სამყაროს წინააღმდეგ მიმართა. შეძლებს ადამიანი, გახდეს ღმერთი თუ უბრალოდ, გადაიყოლებს სამყაროს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: ბასილი დიდი პირდაპირ ამბობს: ადამიანს ნაბრძანები აქვს, რომ იყოს ღმერთი; იმავეს ამბობს იესო: ჩემზე მეტ საქმეებს გააკეთებთ! სხვათა შორის, მოსეს რომ ცეცხლოვან მაყვლოვანთან ღმერთი ეცხადება და ეუბნება, მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა, წადი, ფარაონთან და ჩემი ხალხი გამოიყვანე, მოსე ეკითხება, როცა იქ მივალ, რა ვუთხრა, ვინ ხარ, ვინ მაგზავნის?! ჩვეულებრივ კლასიკურ თარგმანებში წერია: უთხარი, რომ მე ვარ, რომელიც გაგზავნის შენ მათთან. ებრაულ თარგმანში კი ვკითხულობთ: მე ვიქნები ის, რომელიც მინდა, ვიყო, ანუ მუდმივი პროცესია, დინამიკაა და განხორციელების მუდმივი შესაძლებლობაა. ღმერთი არ არის სტატიკური, ამიტომაც ეკრძალებოდათ ებრაელებს ყოველთვის კერპის შექმნა და კერპი, სულაც, არ არის რაღაც, რაც ქვისგანაა, გაქვავებულია. კერპი არის აზროვნება, რომელიც ქვავდება და იმის იქით არ გადადის. არადა ვინ არის ღმერთი? მუდმივი განვითარება. მაშინ რა იყო ეგვიპტე? ეგვიპტეში, ფაქტობრივად, ჩაჭედილია ღმერთის ხატება, რომელიც ადამში იყო; ეგვიპტე არის ციკლები. ოთხი ციკლი არსებობდა, რომელსაც ნილოსი რწყავს: დაბადება, გაზრდა, სიბერე, სიკვდილი და ყველანი კარგად ვართ. არსად მიდის პროცესი და აი, სწორედ აქ შემოდის ისარივით მოსეს გველი. ანუ, ადამიანი არ უნდა დარჩეს მატერიაში, ციკლურობაში; ამის გარღვევის დრო დადგა – სიმწიფე დაუდგა ადამიანს, რომ გამოარღვიოს ეს წრე და წავიდეს შინაგანი დინამიკისკენ, ღმერთის მიმსგავსებისკენ. ამისთვის მან უნდა გადალახოს განპირობებულობა და აი, ეს უკვე უდაბნოა, სადაც მონური ცნობიერება იყრება. იქ 40-წლიანი ხეტიალის შემდეგ აღარავინ დარჩა ძველი თაობიდან და რა არის უდაბნო? უდაბნოში მატერია არ არის, მაგრამ ხმა ისმის და იმ ხმას მიჰყვებიან. მაშინ რა არის ქანაანი? რძე და თაფლი! და რას ნიშნავს ეს?! თუ იქ, უდაბნოში, ხორცია, ნიორი, ხახვი, ანუ მატერიალური სიკეთეები, ქანაანში არის ფინიკი, პალმები, რძე, თაფლი და ეს არის უკვე ცხოვრება დედამიწაზე, ოღონდ სიყვარულით, სიხარულით. იმ მდგომარეობის სიმბოლოა, რისკენაც ჩვენ ახლა მივდივართ. ეს არის სამოთხის მოდელი, სადაც ურთიერთობების განმაპირობებელი იქნება სიყვარული. სიყვარული იმეფებს იქ, მაგრამ ჯერ ვერ მეფობს... ვინც ახლა ბორგავს, მებრძოლი სიყვარულია, რომელიც არ გაჩერდება, ვერაფრით მოიშინაურებ, იმიტომ რომ ერთიანობამდე უნდა აგვიყვანოს. ამიტომ არის სიყვარული სიკვდილზე ძლიერი; მას შეუძლია, სიკვდილი გაარღვიოს; მას ახსოვს სიცოცხლე და გარსებს რომ უყენებ, იმიტომაც მოსდევს სიყვარულს ჯვარცმა, როგორც გარღვევა.
დღეს, ხელოვნური ინტელექტის შექმნის შემდეგ, სამყარო ტექნიკურად უკვე მთლიანია. ვიცით, რომ „ბიბლიაში“ ორი ადამის ისტორიაა. მარტივ ანალოგიას მოვიტან: ჭიქა რომ ნახაზად ვაქციო, ერთი ნახაზი იქნება მართკუთხედი, მეორე – წრე, მაგრამ ორივე ერთად ქმნის ჭიქას. ერთია ის ადამი, რომელიც ტექნიკურად უნდა განვითარდეს და მეორეა ადამი, რომელმაც სამოთხის ბაღში მოიწყინა; ანუ მეტაფიზიკური ადამი, რომელსაც აწუხებს კითხვა: ვინ ვარ მე და რისთვისა ეს ყველაფერი. მაშინ, როდესაც პირველ ადამს აინტერესებს: როგორ? ჩვენ ამის შესახებაც გვისაუბრია. დღეს, ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტი გაძლევს საშუალებას, რომ, რაც ამ 6 000 წლის განმავლობაში, რასაც ცივილიზაციას ვაკვირდებით, ადამიანებს უგროვებიათ გამოცდილება მეცნიერებაში, ტექნიკაში, ფსიქოლოგიაში, მედიცინაში და ასე შემდეგ, შეგიძლია, მოირგო. არ გვენიშნება, რომ პირველი მიზანი ასრულდა?! ხომ უთხრა ღმერთმა ადამს, აითვისე დედამიწაო?! მე ხომ ყველაში ერთი ადამი ვარ?! ახლა დარჩა მეორე ადამი. დღეს გვაქვს უამრავი სისტემა, რელიგიები, კულტურები და ასე შემდეგ და აქაც უნდა ჩამოიშალოს ეს ხარიხები. ქრისტე რომ აღდგა, ის არ აღდგა, როგორც ქრისტიანების ღმერთი. ის არის ნათელი სოფლისა. შენც სწორედ ამას გეუბნება: მე ვარ ნათელი სოფლისა და პირველ საუკუნეებში ქრისტიანებმა ეს ნათელი მთელ სამყაროს მიუღვარეს. მათ არავინ გამოურჩევიათ. ამის შემდეგ უკვე მართლმადიდებელი ეკლესია კრავს ამას. იმიტომ კი არა, რომ თავი დაიცვას, არამედ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ის ჭეშმარიტი აზრი, რისთვისაც ქრისტე მოვიდა, რომ საუკუნეების ნაკადებმა ეს ხსოვნა არ წალეკოს. ამიტომაც იცავს მართლმადიდებელი ეკლესია წესებს მკაცრად; ისევე, როგორც ებრაელები იცავდნენ და დამრღვევი მკაცრად ისჯებოდა. მაგრამ რა არის ამ სიმკაცრის არსი?! რომ დღემდე მოიტანოს ის სიყვარული და აღდგეს სრული გაგება.
ხელოვნური ინტელექტი უგულოა – ანუ, რაც მე მაქვს, მას არ აქვს და პირიქით, რაც მას აქვს, მე არ მაქვს. ამდენად, იქნებ ეს არის იმ ორი ადამის გაერთიანება, რომ ბოლოში ერთ სრულ კაცად შედგეს?! ადამი ხომ მეფედ იყო შექმნილი?! და მეფე ვინ არის?! ვინც არ მუშაობს; მეფე მეფობს, განაგებს. შესაბამისად, სანამ ადამიანი მუშაობს საჭმლისთვის, გადარჩენისთვის, ის ჯერ ისევ ბუნების მონაა და ეს სულაც არ არის მისი ღირსება: სხვამ იმუშაოს, მით უმეტეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს უხარია, ოღონდ დავალება მიეცი. თუ ხელოვნური ინტელექტი ბოროტებაა, მაშინ არც ხერხი უნდა გამოგვეგონებინა. რადგან ხელოვნურ ინტელექტამდე მივიდა განვითარება, ეს უკვე მწვერვალია. მან გაგათავისუფლა შიშისგან, გაგათავისუფლა ფიზიკური შრომისა და ბრძოლისგან და რატომღაც ახლა იმაზე წუხან, სად წაიღებს ადამიანი ამდენ გამოთავისუფლებულ ენერგიას.
არადა შენ მაშინ ხარ კაცი დიდი ნიშნით, როდესაც არ გიწევს, მაინცდამაინც, დილის 8 საათზე ადგომა, იმიტომ რომ ბანკის 20-წლიანი ვალი გაქვს დასაფარი. აბა, გულში ჩაიხედე: სიხარულით მიდიხარ სამსახურში?! თუ ინსტინქტურად მიდიხარ, ესე იგი, ცხოველი ხარ, იმიტომ რომ გამოდის, დაპროგრამებული ხარ. ასე რომ, იქნებ პირიქითაა და ხელოვნური ინტელექტი გაძლევს საშუალებას, რომ ერთხელაც იქნება, გამოიხედო და დავიწყო შენი შინაგანი სიყვარულის განხორციელება?! ახლა ხელს გვიშლის ომები, მაგრამ იქნებ ეს ბოლო ბრძოლაა, როდესაც ერთ წერტილშია მოყვანილი ყველაფერი?! შესაბამისად, რაც ხდება, ან გადაგვიყოლებს, ან, პირიქით, ჩამოიშლება ის ატავისტური ცნობიერება.
მე არ ვიცი, რატომ ვართ ასე პასიურები: შუაგულ ევროპაში ომია და დავიჯერო, არავის აქვს უნარი, გააჩეროს?! კი ბატონო, რუსეთი თავგასულია, მაგრამ, შენ თუ უფრო ჭკვიანი ხარ, რატომ აგრძელებ ომს?! ნუთუ სხვა გამოსავალი არა გვაქვს?! სად არის ჩვენი ინტელექტი?! ადამიანის სიმწიფე ის წერტილია შენში, როდესაც იტყვი, გაჩერდით, ასე ცხოვრება არ შეიძლება! შეიძლება, ეს ხმა ჯერ სუსტია; შეიძლება, თქვა, მე ვინ ვარო, მაგრამ ფიზიკაც კი გეუბნება, რომ მთელი ცოცხალი სამყარო ერთ ენერგეტიკულ ველშია. ჩვენ არ ვართ გამოყოფილები. მე ვქმნი რეალობას და საიდან იქსოვება რეალობა?! ჯერ – სურვილებიდან, თუნდაც, ოცნებიდან. ამიტომ გაბედე ოცნება, შემდეგ მას ლოცვა მიემატება, სურვილად შედედდება და გადმოიღვრება. ხვალ კი მიიღებ იმ რეალობას, რაც შიგნით დააგროვე...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


