რელიგია

უფლის გზაზე

№18

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.05, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

საკუთარი თავის შეცნობა

საკმაოდ კარგად ადარებს ერთი ეკლესიის მასწავლებელი ჩვენს სულს ჩვეულებრივ ხრამს, სადაც, ვიდრე მზის შუქი არ აღწევს, ყველაფერი სუფთა და სრულიად უმტვერო გვეჩვენება; მაგრამ გააღეთ ფანჯარა, შემოუშვით მზის სხივი და დაინახავთ მთელ გროვა მტვერს, რომელიც მზის შუქის მიმართულებით მიდის. ჩვენი მზაკვარი თავმოყვარეობისთვის ჩვენს სულშიც ყველაფერი სუფთა, ნათელი და მორთული გვეჩვენება, მაგრამ გავუხსნათ გული უფლის მადლის სხივს; დაე, შუქმა გაანათოს ჩვენი სულის ფარული სიღრმეები: რამდენი მტვერია ფიქრებში, რამდენი ჭუჭყია საგრძნობელში, რამდენ სამარცხვინოს დაინახავს თავის საქმეში თითოეული!

***

განა ბევრ ჩვენგანს შეუძლია, თქვას თავის თავზე, რომ მან იცის, ახსოვს ყველა თავისი ცოდვა და, შესაბამისად, სრულიად იცნობს თავის თავს? – ჩვენ, ჩვეულებრივ, გვახსოვს ჩვენი ცოდვების მხოლოდ მცირედი ნაწილი; გვახსოვს მხოლოდ ის ცოდვები, რომლებიც ახლახან მოხდა და ჩვენი მეხსიერებიდან წარხოცვა ჯერ ვერ მოასწრო, მაგრამ რამდენია ისეთი ცოდვა, რომლებიც ნაკლებ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ და დავივიწყეთ იმ წუთშივე, როგორც კი ჩავიდინეთ? რამდენია ისეთი ცოდვა, რომლებიც ერთ დროს ამძიმებდა ჩვენს სულს, მაგრამ დაუფიქრებლობის შედეგად დავიწყებას მივეცით. რამდენია ისეთი ცოდვა, რომლებიც შეუმჩნეველია ჩვენთვის იმიტომ მხოლოდ, რომ ისინი ჩახშობილი ან განდევნილია უამრავი დანარჩენით, სინამდვილეში ნაკლებად მნიშვნელოვანით, მაგრამ საცდურთა შედეგად მნიშვნელოვნად ქცეულნი ჩვენს თანამოძმეთათვის?!

***

რათა უკეთესად და მართებულად გავიგოთ, შევისწავლოთ თავი, ამისთვის საჭიროა, ხშირად ვესაუბროთ საკუთარ თავს, განუწყვეტლივ ვადევნოთ თვალ-ყური არა მარტო ჩვენს სიტყვებსა და მოქმედებებს, არამედ ფიქრებს, გრძნობებსა და სურვილებსაც, როგორც ყოველი ჩვენი სიტყვისა და საქციელის ფესვს, მიზეზსა და საფუძველს.

***

საკუთარი თავის შესაცნობად საჭიროა, ყოველდღიურად გამოვიძახოთ ჩვენი სული სამსჯავროზე და ანგარიში ჩავაბაროთ საკუთარ თავს ჩვენი საქციელებისა და საქმიანობების შესახებ. ამას აკეთებდნენ საუკეთესო წარმართი ბრძენთაგანნიც, მაგალითად, დღის დასრულების შემდეგ, როდესაც კატონი დაწვებოდა, იგი საკუთარ სულს ეკითხებოდა: „რომელი ნაკლულევანებისგან გათავისუფლდი ამჯერად?“ „ყოველდღე, – ამბობდა ციცერონი, – საკუთარი თავის მოსამართლე და ბრალმდებელი ვარ. როდესაც სანთელი ჩაქრება, მთელ დღეს მიმოვიხილავ: მე გადავხედავ ყოველ ჩემს სიტყვას და ქმედებას; არ ვმალავ საკუთარი თავისგან და თავს არაფერს ვპატიობ“.

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი