რელიგია

უფლის გზაზე

№3

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.01, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

შეუცნობელი მომავალი

ნუ დაინტერესდები მომავლით, არამედ – სასარგებლოდ გამოიყენე აწმყო. რა სარგებელი გაქვს განჭვრიტო განგება?! თუ მომავალი რაიმე სიკეთეს მოგიტანს, მაშინ იგი თავისთავად მოვა, თუნდაც წინასწარ ვერ გაიგო, ხოლო თუ იგი მჭმუნვარეა, რა მონაპოვარია შენთვის, წინასწარ გაითანგო მწუხარებით?

წმიდა ბასილი დიდი

***

ჩვენი გამოცდების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მომავლის შეუცნობლობა. ამით უფალს სურს, გვიჩვენოს, რომ ჩვენ თავად არ შეგვიძლია, დავიცვათ თავი. არ შეგვიძლია, თავად მოვუფრთხილდეთ თავს. ბავშვი ტყეზე გავლისას მამის ხელსაა ჩაკიდებული: მან არ იცის, სად და როდის შეხვდება კუნძები და ქვები, რომლებზეც უნდა გადაიაროს; ორმოები და ნაპრალები, რომლებშიც შეიძლება, ჩავარდეს; გველები და სხვა შხამიანი ცხოველები, რომლებსაც შეუძლიათ, დაგესლონ იგი. არ იცის, მაგრამ მიდის, რადგან მამის ხელი მას ამხნევებს და ხედავს, რომ ბოროტებისგან იცავს.

***

თუ განგებას სურს, რომ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი, უეჭველია, ჩვენსავე სასიკეთოდ და სასარგებლოდ! განა, ჩვენი მხრიდან კადნიერება არ იქნება, მკითხავებსა და მჩხიბავებს მივმართოთ, რათა გავიგოთ, თუ რა მოგველის წინ?! ან ჩვენგან ეს ღვთის მძიმე შეურაცხყოფა არაა?!

***

წარმოვიდგინოთ, რომ ძეს მამის სახლში აქვს თავისუფლება, ისარგებლოს ყველაფრით, რაც მას სჭირდება და – ბევრით, რაც სიამოვნებს, მაგრამ ის არ კმაყოფილდება ამით და როდესაც წააწყდება საკუჭნაოს, რომლის გასაღებიც არ აქვს ბოძებული, აყალიბებს გასაღებს და აღებს კარს, დავუშვათ, არა იმისთვის, რომ მოიპაროს, არამედ, მარტო იმისთვის, რომ ნახოს, რა იმალება იქ. განა ეს უმადურობა არ არის?! განა არ უნდა რცხვენოდეს ძეს?! განა არასასიამოვნო არ უნდა იყოს მამისთვის?! – საქმის სულ მარტივი შეხედვით, აი, მთელი სამსჯავრო ყოველგვარი მკითხაობის ან შელოცვისა!

***

დანაშაულებრივია მომავლით ზედმეტად დაინტერესება და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად უკანონო ხერხების გამოყენება. ასევე, ცოდვაა უფლის წინაშე არასასურველი და ზედმეტი ზრუნვა მომავალზე – ეს ან მოუთმენლობის ნიშანია სიხარულის მოლოდინში, ან – წუხილი – მჭმუნვარების მოლოდინში და ჩვენში ღვთის განგებულობისადმი უიმედობასა და ნაკლოვანებას ამხელს.

***

„კმა არს დღისა მის სიბოროტე თვისი“ (საკმარისია ყოველი დღისთვის თავისი საზრუნავი), – თქვა უფალმა (მათე 6,34); ამაო და უსარგებლოა, გაწუხებდეს ან გიხაროდეს ის, რაც ჯერ კიდევ მომავალშია, მაშინ, როდესაც იგი შესაძლოა, საერთოდაც არ მოხდეს!

***

გახსოვდეს წარსული; მიენდე უფალს მომავალში; კეთილად გამოიყენე აწმყო!

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი