რატომ არის მეორე ადამიანის სიძულვილი იძულება, რომ ვუყვარდე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 58 წუთის წინ
რატომ ვერ უძლებს ადამიანი ნამდვილ, უპირობო სიყვარულს და იმდენად უჭირს ამის დაჯერება და მიღება, მისი განადგურება ურჩევნია. რატომ უწევს ადამიანს, რომ სიყვარული – ქრისტე – ჯვარზე გააკრას, იმიტომ რომ თავის თავს ამ სიყვარულის ღირსად არ მიიჩნევს და მისი დატევა არ შეუძლია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– როგორ უნდა გავუძლოთ სიყვარულის ძალას, რომ მან არ დაგვანგრიოს?
– ამის მაგალითია იუდასა და პეტრეს ისტორიები. იუდამ გასცა მაცხოვარი, თუმცა ბოლოს ინანა, მაგრამ თავის თავს ვერ აპატია და თავი ჩამოიხრჩო. თვით პეტრმაც კი სამჯერ უარყო მაცხოვარი, იმიტომ რომ ადამიანურად ვერ მისწვდა მას. არადა ქრისტემ გააფრთხილა, შენ მე ვერ გამიგებ, პეტრე! და, მართლაც, იესოს სამჯერ უარყოფის შემდეგ პეტრე დანგრეულია, ეგო აღარ აქვს, ისევე, როგორც იუდას, მაგრამ რა გადარჩა პეტრეში?! ამ ნანგრევების მიღმა დარჩა გამოღვიძებული სიყვარული, თავისთავად არსებული, პატარა, რომელმაც ქრისტეს სამჯერად კითხვაზე: გიყვარვარ?! როდესაც აღდგომის შემდეგ გამოეცხადა, სამჯერვე უპასუხა: მიყვარხარ. დაფიქრდი: შეგიძლია, რომ ეს გააკეთო?! წარმოიდგინე, სამჯერ მატკინე გული ისე მწარედ, რომ უარმყავი ყველას წინაშე და ამის შემდეგ მე რომ გკითხო, გიყვარვარ? შეძლებ, მითხრა, მიყვარხარო?! ვერ შეძლებ, იმიტომ რომ დაგთრგუნავს ეს სიმძიმე და შენ იტყვი, მე ღირსი არ ვარ, რომ მიყვარდე და ცდილობ, გამექცე, იუდასავით გაიტანჯები, ხოლო, თუ პეტრეა შენში, გაბედავ. იმიტომ რომ შენ მიხვდი იმ მთავარს. ანუ, ჩამოიშალა ხელოვნური პეტრე და დარჩა ნამდვილი.
ეს ყოველწამიერად ხდება ჩვენში... მეცნიერები ეძებენ პირველნაწილაკს, რაზეც დგას სამყარო. ბერძნებისთვის ატომი იყო განუყოფილი, მაგრამ ახლა უკვე იქამდე მივედით, რომ ეს ვითომ განუყოფელი ნაწილი მიკროსკოპში აღარ ჩანს, იღვრება, ენერგიაში გადადის. რა თუ ვინ არის, აი, ის მასალა?! ჩვენ ხომ ვამბობთ, მე ვარ ესა და ეს; მე მიყვარს, მე არ მიყვარს... ამდენად, თუ ჩემს ამ წარმავალ სხეულში არის ამდენი სიყვარული, რომელსაც ტარიელივით უყვარდა, ნესტანივით უყვარდა, რომეოსავით უყვარდა, ჯულიეტასავით უყვარდა... სიყვარული და მისთვის თავგანწირვა, ხომ რეალობაა?! უამრავ ქალსა და ვაჟს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი – სად წავიდა ეს სიყვარული?! პირველი დედა, მატრიცა, რაც გინდა, დაარქვი, პირველი სიყვარულის გული არ უნდა არსებობდეს?! და თუ ამ გულს, ჩემში, ამ დეგრადირებულ სხეულში მოქცეულ გულს, ამხელა სიყვარული შეუძლია, როგორ შეიძლება, რომ ამის პირველწყარო არარაობა იყოს?! ატომთა გროვა, საიდანაც მილიარდობით წლის შემდეგ მივიღეთ ისეთი გული, როგორიც ჰქონდა უამრავ მეორისთვის თავგანწირულ ადამიანს?! შეიძლება, რომ შედეგი მეტი იყოს პირველსაწყისზე?! შესაბამისად, მივედით იქამდე, რომ საწყისში არის შესაძლებლობა, რომელიც მატერიაში შემოდის, შემდეგ ეს სიყვარული თანდათან იზრდება და ხორცს ისხამს. ხოლო ადამიანები ეს არის მდგომარეობები, ვიდრე სრულად არ გავუგებ იმ სიყვარულს, მანამდე პროცესში ვარ. სახელდებები, რაც არის, არის ერთი მე-არსის, ადამის, ქრისტეში დაგვირგვინებულის, რომელიც თვითგახსენებისკენ მიდის. ანუ ჩვენ ვართ უფლისწულები, რომლებსაც დაგვავიწყდა, რომ მეფის ძეები ვართ. შეიძლება, ახლა მონებივით ვიქცევით, იმიტომ რომ გონს მოსვლის პროცესში ვართ ყველანი და უმწიფრობით განვსხვავდებით იმ თავდაპირველი სიყვარულისგან, რომელიც არის სრული, გაცნობიერებული მე ვარ. მე ვარ უფლისწული, პატარა ვარ და არც ვიცი, ვინ ვარ, ამიტომ შეიძლება, რაღაცამ ამატიროს; სათამაშო წავართვა ბავშვს, ულუკმაპუროს, არადა ამ დროს მეფის მემკვიდრე ვარ. მაშინ რა ხდება?! ჩვენ ამ სხვადასხვა მდგომარეობით, იმ ერთი სიყვარულიდან ამობურცული მდგომარეობები ვართ, ტალღებივით, იმიტომ რომ ის ერთი დაუნაწევრებელია. დღეს ამბობენ, რომ ის არის რაღაც წმინდა ცნობიერება, უმაღლესი გონი, მატრიცა... კი ბატონო, მაგრამ იქნებ შენ ხარ ის, ვისაც არ ახსოვს, რომ ის არის, მისგან გაშორებს მისი დავიწყების მდგომარეობა. და ნელ-ნელა იხსენებ და უკვე გიყვარს, ანუ ამბობ: მე ვარ!
ის ერთი სიყვარული დაშლილია უამრავ მდგომარეობაში. წმიდა მამები ამბობენ და ებრაელი კომენტატორებიც ეთანხმებიან, რომ ჯოჯოხეთშიც მოუკლებლად არის სიყვარული, როგორც აქ. თავდაპირველი მდგომარეობა ყველგანაა და მუდმივია, მასში ვართ ყველანი, უბრალოდ, დატევის პრობლემაა. აგრესიაც, ხომ, სიყვარულის დაჟინებული მოთხოვნაა?! ეს არის ენა, როდესაც ვერ გაგებინებ და ძალადობაზე გადავდივარ, იმიტომ რომ შენ მე არ გპატიობ, რომ შენ არ აკეთებ და არ მაძლევ იმას, რაც უნდა მომცე, ამიტომ უკვე გაიძულებ. ავიღოთ სიტყვა სიძულვილი – მისი ფუძე ძულვაა, ანუ იძულება. ესე იგი, სიძულვილი იძულებითი სიყვარულია. სიყვარული ყოველთვის არ არის ენის მოჩლექით ლაპარაკი; სიყვარული უმკაცრესია, უსასტიკესია... ვიმეორებ, სანამ არ დავცხრებით და ეს ფარდა არ გადაიხსნება, ალბათ, მანამდე ვერ მივხვდებით, რომ ყველაფრის, რაც ხდება, უდიდესი ბორტებისაც კი, მკვებავი არის სიყვარული, ოღონდ დამახინჯებული ფორმით, არასწორად გამოყენებული ან ჭარბად, ან, პირიქით, ნაკლებობით.
იმ მშობელსაც უყვარს შვილი, რომელიც ძალიან მკაცრად სჯის ბავშვს. ჩვენს დროს იყვნენ მამები, რომლებიც შვილს მარილზე აყენებდნენ მუხლებით; ყურები გვქონდა აგლეჯილი მასწავლებლებისგან... მშობლები დაუნდობლები იყვნენ ბავშვების მიმართ, მაგრამ არის მეორე მდგომარეობაც, რომელიც ეუბნება ბავშვს, რაც გინდა, გააკეთე. ორივეგან სიყვარულია მოტივაცია: ბავშვს მივცეთ ყველაფერი, იმიტომ გვიყვარს და ბავშვს არ მივცეთ ამდენი, იმიტომ რომ გვიყვარს. უბრალოდ, ორივე ჭარბადაა. ამდენად, სანამ არ ვისწავლით სიყვარულს და არ გავხდებით სიყვარული, ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება. ჩვენ აი, ამ ხარშვის პროცესში ვართ. ესაა ქმნადობა და ამ ქმნადობის პროცესში ყველაფერი ერთადაა აზელილი: ომები, შფოთები, ავადმყოფობები... ეს მასაა, მაგრამ ვინ ბორგავს?! ვინ არის ის, რაც მასაშია ჩაგდებული და რისკენ მიდის ის? რატომ ვერ ცხრება? რა გვაშფოთებს? რა გვაბორგებს?! ამიტომაცაა, რომ გვჭირდება ღრმა მზერა და სიმძიმე. სიმძიმე უკვე სიმწიფის პირველი ნიშანია, რომ გონს მოვიდეთ. ამ შფოთსა და ბორგვაში ქმნადობის პროცესი დუღს და ამ ქაოსიდან – როგორც ღმერთი ქაოსიდან ქმნის სამყაროს ექვს დღეში და მეშვიდე დღეს დამშვიდდება, სისრულეში მოიყვანს პროცესს – უნდა გამოვერკვეთ, გავიხსენოთ და ერთ სრულ კაცად შევდგეთ, როგორც შედგა მესიაში. ყველა რელიგია ელოდება მესიას, ჩვენც ველოდებით ქრისტეს მეორედ მოსვლას. არადა ის აქ არის. სიყვარული ერთგვარად ისაა, რაც ღმერთმა თავისი გულიდან გამოიღო და მატერიაში ჩადო. ამას ებრაელები უწოდებენ რეშიმოტს – სულიერ გენს. ეს მოსაზრება მიღებულია ევროპულ ქრისტიანობაში, ჩვენთანაც ცნობილი იყო მსგავსი მიდგომა: ღმერთმა დააკლო თავისი თანდასწრება, გამოათავისუფლა ადგილი, იმიტომ რომ, თუ ასეთი ადგილი არ იქნებოდა, ქმნილებაც არ იქნებოდა: დიდი შუქისა და სიცხადის ქვეშ ქმნილება ვერ იქმნება. მარცვალი არის ხსოვნა, რომლიდანაც უკვე ის თავის თავს იხსენებს, აი, იმ პირველ ადამს. გონს მოდის, როგორც ღმერთი, იმიტომ რომ მისი ნაწილაკია! ამიტომ გეუბნება ქრისტე, იყავი სრული, როგორც მამაა სრულ! როგორ გეტყოდა, შენში რომ არ იყოს ის მარცვალი?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


