უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 25 წუთის წინ
ცხოვრებისეული საზრუნავის ზღვა
ჩვენი ცხოვრება, თითქოსდა, ცურვაა ცხოვრებისეული საზრუნავის ზღვაში – როგორც ზღვაზე მყოფს ემუქრება სიკვდილის საფრთხე, ისე ცხოვრებისეული საზრუნავების ზღვაში სულის დაკარგვის განუწყვეტელი საშიშროებაა. ტალღები – ცოდვებია, ცდუნებები და განსაცდელები, რომელთანაც ქრისტიანი გამუდმებულ ომს უნდა აწარმოებდეს.
ყველაზე ვერაგი ტალღა, რომელიც დაღუპვით გვემუქრება – ესაა ურწმუნოება. იცის რა ეს, ადამიანის მოდგმის მტერი – ეშმაკი – ყოველნაირად ცდილობს, აღაზევოს. ამიტომაც მტკიცედ უნდა ვიდგეთ ამ ვერაგი ტალღის წინააღმდეგ. ამიტომაც გვაფრთხილებდნენ მაცხოვარი და მისი მოწაფეები, მოციქულები, შეუდრეკელად ვმდგარიყავით რწმენაში.
მეორე ტალღა ცხოვრებისეული ზღვისა არანაკლებ ვერაგია – ეს არის მიწიერი საზრუნავები, ყოფაცხოვრებითი პრობლემები. „... ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან რა ვსვათ?“ (მთ. 5,31), – ახსენებს უფალი თავის მიმდევრებს, ანუ ნუ დავიმძიმებთ თავს ცხოვრებისეული საზრუნავებით. უფრო მეტად უკვდავი სულისთვის უნდა ვიღვაწოთ. მიუხედავად ამისა, ადამიანს არაფერი ისე არ აკავებს, როგორც ყოფაცხოვრებითი ზრუნვა და ფიქრი – ისე რომ, ის ივიწყებს ღმერთს, მარადიულობას და საკუთარ უკვდავ სულსაც.
მესამე ტალღა – ჩვენი ცოდვილი ვნებები და ცუდი ჩვევებია. ვის არ აქვს ის? უთხარი, მაგალითად, მემთვრალეს, რომ მიატოვოს სმა – იქნებ არაა გამორიცხული, რომ მოგისმინოს. და ამის მსგავსი ჩვევები რამდენიმე აქვს თითოეულ ჩვენგანს? ეს ჩვევები უნდა დაითრგუნოს და მოკვდინებულ იქნას.
არსებობს მხსნელი ხომალდი – ეს არის ტაძარი ღვთისა, სადაც ცხოვრებისეული ზღვით დაღლილნი სიმშვიდეს ვპოულობთ. აქ გველოდება წყნარი ნავსაყუდელი – მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომელთანაც უფრო ხშირად უნდა მივირბინოთ, რათა ცხოვრებისეული ზღვის ცოდვილ ტალღებს განვერიდოთ, ვძლიოთ მათ და ვეწიოთ ამგვარი ცურვის საბოლოო მიზანს – ცათა სასუფეველს. ამინ!
ნაპოვნის დამალვისთვის
წმიდა ვასილი ახალს ჰყავდა მოწაფე გრიგოლი, რომელიც წმიდანს ძალიან უყვარდა. ერთხელ გრიგოლი ერთ სოფელში გაემართა პირადი საქმეების გამო. გზაზე მან იპოვა სარტყელი, რომელიც სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილს დაკარგვოდა. რადგანაც სარტყელი მდიდრის კუთვნილება იყო, გრიგოლმა არ მიიჩნია ცოდვად, დაემალა ნაპოვნი ნივთი. ამასთან ერთად, მას ჰქონდა, ერთი შეხედვით, კეთილი მიზანი: გაეყიდა სარტყელი და აღებული ფული გლახაკებისთვის დაერიგებინა, მაგრამ ნაპოვნის დამალვისთვის იქვე დასაჯა ღმერთმა.
გრიგოლმა გზა განაგრძო და დაკარგა საკუთარი ქამარი და მასთან ერთად, საფულე. დამწუხრებულმა დაიძინა ღამით და ძილში იხილა წმიდა ვასილ ახალი, რომელსაც ხელში გახვრეტილი დოქი ეკავა. წმიდანმა უთხრა გრიგოლს: „ვინც თუნდაც ამისთანა ჭურჭელს მოიპარავს, დაკარგავს ოთხჯერ მეტს“. გრიგოლი უარყოფდა, რომ მან კი არ მოიპარა, არამედ იპოვა ქამარი. „იცოდე, – უპასუხა წმიდა ვასილი ახალმა, – ყველა, ვინც კი იპოვის სხვის კუთვნილებას და არ გააცხადებს მას და არ დაუბრუნებს პატრონს, გასამართლებული იქნება, როგორც ქურდი. შენ უნდა დაგებრუნებინა ნაპოვნი ნივთი პატრონისთვის, მაგრამ დამალე ის. ამიტომ დაზარალდი ოთხმაგად: გაფრთხილდი, რომ უფრო მეტად არ დაშავდე“.
აი, როგორ დასაჯა ღმერთმა არათუ ქურდობისთვის, არამედ თვით ნაპოვნის დამალვისთვის. ამიტომაც, თუ ვიპოვით დაკარგულ ნივთს, აუცილებლად დავუბრუნოთ პატრონს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



