რელიგია

უფლის გზაზე

№44

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.11, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

პირჯვრის გადაწერაზე

პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოვისახოთ, რადგან არასწორად პირჯვრის გადაწერისას ბოროტები კი არ გარბიან, არამედ იცინიან. პირჯვრის გამოსახვის დროს მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ ჭიპის თავზე, მერე მარჯვენა მხარისა და მარცხენა მხარის თავზე. ვინც ჭიპის ნაცვლად გულზე იდებს ხელს, თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება შენს თავზე პირჯვრის გამოსახვა. ხელი აუცილებლად სხეულზე უნდა მივიდოთ.

***

როდესაც საუბრის დაწყებას დააპირებ, ჯერ წმიდა სამების სახელით, პირჯვარი გამოისახე – სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ, რათა უფალმა სიტყვა კეთილად წარგიმართოს.

***

ბოროტის სახელის ხსენებას ერიდე, ხოლო თუ მაინც მოგიწევს, მაშინვე პირჯვარი გამოისახე. ვნება რომ არ მოგაყენოს, რადგან ამბობს: ჩემი სახელი ახსენე, აჰა, მოვედით.

***

პირჯვრის გადაწერისას აუცილებლად უნდა ითქვას ლოცვა, თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც იწერენ პირჯვარს.

მესამე მცნებაზე

ძალიან გავრცელდა ერში ათი მცნებიდან მესამე მცნების დარღვევა – „არა მოიღოთ სახელი ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა“. ხშირად საჭიროების გარეშე, ამაოდ ხდება ღმერთის სახელის ხსენება, რაც ცოდვა და უკეთურებაა. ჩვენი სახელი ვინმემ რამდენჯერმე ტყუილად რომ ახსენოს და გვესმოდეს, ხომ გამოვხედავთ და გავუწყრებით? მაშინ რაოდენ დიდი სიფრთხილე და მოშიშება გვმართებს, როდესაც ღმრთის სახელს ვახსენებთ?! მხოლოდ ლოცვის დროს შეგვიძლია თავისუფლად ვახსენოთ ღმრთის სახელი, დანარჩენ შემთხვევაში კი კრძალვა გვმართებს. ან კი ვინ იცის, ღმერთის სახელი რა არის? ღმერთი ნიშნავს ღრმა-ერთს, მიუწვდომელს. ღმერთი ყოველ სახელზე ზემყოფია, რადგან სახელი საზღვრავს, ხოლო ღმერთი უსაზღვრო და გამოუკვლეველია. ყოველი სახელი, მისი ზეარსი არსებისა და თვისებების მხოლოდ რამდენადმე გამომხატველია.

პატივი და მისაღებია, თუკი ღვთის სახელის ხსენების დროს ფეხზე წამოვდგებით და პირჯვარს გამოვისახავთ.

აღთქმულზე

სანამ ღვთის წინაშე აღთქმას დადებდე კარგად დაფიქრდი, შეგიძლია თუ არა მისი შესრულება. აღთქმის დარღვევა, მით უმეტეს, უფალთან, ძალიან მძიმე ცოდვაა. ასჯერ მეტი დაგეხარჯება, მრავალ ტკივილსა და განცდას გადაიტან და ბოლოს უფალი მაინც შეგასრულებინებს, რასაც შეჰპირდი.

***

თუ უფალს შეჰპირდი და შენი შესაძლებლობით ვეღარ ასრულებ, აუცილებლად ეპისკოპოსთან უნდა მიხვიდე. მხოლოდ მას შეუძლია მოგიხსნას ან შეგიცვალოს შენი აღთქმული.

***

იცოდეთ, ღმერთს ან არ უნდა დაჰპირდეთ ან თუ დაჰპირდებით, აუცილებლად უნდა შეასრულოთ. უფალს არ უნდა თქვენი ზვარაკი, ვითარცა წერილიც იტყვის: „რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისაი, ნადირი მთათა და ყოველი პირუტყვი... შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაი მისი.“ (ფს. 49.10.12).

უფალს თქვენი სული და გული უნდა, როგორ ემსახურები: „მსხვერპლ ღმრთისაი არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხყოს“ (ფს. 50.12).

წმიდა მამა გაბრიელის სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი