რელიგია

უფლის გზაზე

№33

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 27.08

რელიგია
დაკოპირებულია

საქართველოზე

ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა მან ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი ჩაყლაპა ვეშაპმა, მასაც ისე მოუვა.

***

რატომ არავინ არაფერს ამბობს, საქართველოში ზნეობა და ღირსება რომ ეცემა? ამას ხმამაღლა უნდა თქმა, რომ ერი გამოფხიზლდეს, თორემ ურჯულოება დიდ განსაცდელად მოეწევა ერს. განა შეიძლება, მართლმადიდებელი ერი რჯულისმიერად არ ცხოვრობდეს და მასში ზნეობა და ღირსება არა ბრწყინავდეს?! ერი ნელ-ნელა ემონება ფულსა და მატერიას და მის სანაცვლოდ, ზნეობასა და ღირსებას თმობს. ეს სულიერი და ეროვნული დაღუპვის გზაა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა უყვარს უფალს და ამიტომ დიდი განსაცდელებით განგვსწავლის, დიდ განსაცდელებს ელოდეთ.

***

საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი განსაცდელი, დაშლა-დაპატარავება ელოდება, მაგრამ, როგორც ოთხი დღის მკვდარი, ხრწნილებაში შესული ლაზარე აღადგინა უფალმა, ისე, რომ მას ერთი ნეკნიც არ აკლდა, ასევე უფალი ბოლო ჟამს აღადგენს ჩვენს ჯვარცმულ ერს, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე (კაცთაგან შეუძლებელი, ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელ არს) და მაშინ ყველა ირწმუნებს, რომ ეს არ მომხდარა ადამიანის ხელით, არამედ მხოლოდ ღვთის განგებითა და მადლით.

***

ვიდრე უფლის ხელთუქმნელ ხატს მუზეუმიდან არ გამოაბრძანებენ, სანამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ათონიდან ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, საქართველო როგორ გაბრწყინდება?

***

როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი ტელევიზიით იქნება ნაჩვენები. ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

***

საქართველოში ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. დევნა აქაც იქნება, მაგრამ ღვთისმშობლის მადლით, სხვა ქვეყნებთან შედარებით – მცირე.

***

საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს.

***

არ მიატოვოთ საქართველო, ეს საქციელი დედა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. თუ თქვენ არ იშრომებთ და არ იღვაწებთ, აბა, საქართველოს სხვა ვინ მოუვლის. არასწორია ის ადამიანი, რომელიც ამბობს: მე რა უნდა ვქნა, მე რა შემიძლია, სხვამ გააკეთოს. ყველამ თუ ასე თქვა, გეკითხებით, ვინ გააკეთებს?! ყველამ, რაც ძალუძს, თუნდაც მცირედი, ისე უნდა უერთგულოს თავის ქვეყანას.

***

მე ჩემს ათონზე ვარ, მე ჩემს საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი.

***

საქართველოს დიდი გამოცდა ელის. გამრავლდება ურჯულოება, ზნეობა და ღირსება მოიკლებს ერში. საქართველო დაიშლება, როგორც ადრე, სამთავროებად, მაგრამ მოწყალე დედა ღვთისმშობლის მადლითა და ლოცვით, ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და გააერთიანებს საქართველოს.

***

როდესაც დაშლილი საქართველოს შემხედვარე მსოფლიო იტყვის – მორჩა, აღარ არის საქართველო და ყოველივე იმედი კაცისაგან გადაიწურება, მაშინ აღდგება და გამთლიანდება საქართველო.

***

საქართველოს მეფე ეყოლება, მირონცხებული და გვირგვინოსანი - ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს. საყოველთაო დევნისა და ანტიქრისტეს გამეფების წინ საქართველო გაბრწყინდება. ეს იქნება ერის სულიერი და ცნობიერი გაბრწყინება ქრისტეში.

***

საქართველოს წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტია. საქართველოს ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოჰკლებია და არც მოაკლდება.

წმიდა მამა გაბრიელის

სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...