რელიგია

უფლის გზაზე

№32

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 21.08, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

სიყვარული აღთქმულზე დიდია

ერთ ბერს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ ღვინო საერთოდ არ დაელია. ერთხელ ბერი ავაზაკებმა ტყეში შეიპყრეს და უბრძანეს: აბა, ბერო, ჩქარა ღვინო დალიე, თორემ სულს ამოგართმევთო. ბერმა გაიფიქრა: ღვინო რომ დავლიო, აღთქმას დავარღვე და დიდ ცოდვას ჩავიდენ. რომ არ დავლიო, მომკლავენ და მკვლელობის ცოდვას ჩავადენინებ. იფიქრა, ამათი მკვლელობის ცოდვა უფრო მეტია, ვიდრე ჩემი აღთქმის დარღვევაო, აიღო ჭიქა და დალია. რა თქმა უნდა, არა ადამიანური შიშის გამო – რაც ცოდვაა, არამედ მათი სიყვარულისთვის. რადგან ასეთი დიდი სიყვარული გამოიჩინა ბერმა, იქ დაეშვა ღვთის უდიდესი მადლი, წყალობა და სიყვარული.

ღმერთს შეუძლია, კაცის წინაშე გველეშაპი ჭიანჭველად გადააქციოს. ავაზაკებმა დაიჩოქეს ბერის წინ და ევედრებოდნენ: გვაპატიე, ბერო, შევცოდეთ და შეგვინდეო.

როგორ გავიგოთ ღვთის ნება

როდესაც გინდათ, გაიგოთ ღვთის ნება, შეგიძლიათ, ჰკითხოთ ბრძენს, გამოცდილ მღვდელსა და წმინდანს. თუ ამისი საშუალება არ არის, მაშინ შენს გულს უნდა ჰკითხო, რასაც გული დაგაჯერებს, ის იქნება ღვთის ნება. მხოლოდ გულის დაჯერება არ უნდა აგვერიოს გულისთქმებსა და სურვილებში.

სულიწმიდის გადმოსვლაზე

როდესაც სულიწმიდა გადმოდის, მანათობელი წერტილები ადამიანის წინ ციცინათელებივით დაიწყებენ თვალების გარშემო წრეზე მოძრაობას. მერე ეს ნათელი წრე იზრდება და ნათლდება. ამის შემდეგ გადმოდის სულიწმიდა. ამ დროს ადამიანი ხდება მატერიის მფლობელი და ხედავს ყველაფერს, თუ სად და რა ხდება. მას ყველაფერი შეუძლია და წინ ვეღარაფერი დაუდგება. თუმცა ეს მხოლოდ დიდი ღვაწლის ნაყოფია.

რატომ შეგვქმნა უფალმა

ღმერთი არის სიყვარული, როგორც მამას უყვარს ძე და სულიწმიდა, ასევე ძეს უყვარს მამა და სულიწმიდა და აგრეთვე, სულიწმიდას უყვარს მამა და ძე. იცოდა ღმერთმა ეს სიყვარული რამდენად დიდი სიხარულია, ამისთვის შექმნა არსებები და მათ გარშემო ყველაფერი, რომ მათაც ეხარათ. ანუ ჩვენ შექმნილნი ვართ მხოლოდ სიხარულისა და ბედნიერებისთვის.

ღვთის ხატებასა და მსგავსებაზე

შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად და მსგავსად. ადამს უფლისთვის უნდა მიებაძა სათნოებებში. ღვთის ხატება კი ნიშნავს, რომ ადამი იმდენად უნდა მიმგავსებულიყო თავად ღმერთს, რომ თვითონაც ღმერთი გამხდარიყო. რა თქმა უნდა, არა ბუნებით, რამეთუ მხოლოდ ერთია ღმერთი და არავის უხილავს, არამედ მადლით. წმიდა წერილიც ამბობს, თქვენ ხართ ღმერთებიო. განღმრთობილი არის მადლით ღმერთი.

ადამთან დაკავშირებით

ღმერთმა ადამს სამოთხეში სიცოცხლის ხის გარდა, დაურგო ხე კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, რათა ესწავლებინა სიყვარული. ადამი სიყვარულში რომ განმტკიცდებოდა, შემდეგ ამ ხის ნაყოფსაც მისცემდა და აღარ შესცოდავდა, მსგავსად წმიდა ანგელოზებისა, რომლებიც იმდენად არიან განმტკიცებულნი სიყვარულსა და კეთილის ქმნაში, რომ ბოროტება არ შეუძლიათ.

სულის, სხეულისა და სამშვინველის შესახებ

ადამიანი სხეულის, სამშვინველისა და სულისაგან შედგება. სხეულს ხუთი თვისება აქვს: ხედვა, სმენა, ყნოსვა, გემო და აქვს ორი ინსტინქტი – თვითგადარჩენისა და გამრავლების.

***

სამშვინველით ვსუნთქავთ. ის სამი ნაწილისაგან შედგება. აზრი, გრძნობა და სურვილი. აზრი ტვინშია ჩადებული, გრძნობა და სურვილი – მთლიანად სხეულში. როდესაც რაიმე სურვილი გვეუფლება, მთელი სხეული აღიძვრება.

***

უკვდავ სულს აქვს სამი თვისება: შიში ღვთისა, სინდისი და სწრაფვა ღვთისკენ, რაც ცხოველებსა და ფრინველებს არ გააჩნიათ. ადრე, ცოდვით დაცემამდე, სულს ემორჩილებოდა სამშვინველიც და სხეულიც. ცოდვით დაცემის შემდეგ სულთან კავშირი გაწყდა და სამშვინველი დაემორჩილა სხეულს. სხეული რაც უნდა იმას აკეთებინებს სამშვინველს. სამშვინველი გადააადგილებს სხეულს. სული კი აგონიერებს. უფალმა ადამიანის გადასარჩენად სინდისი ჩადო მასში. სული მეცნიერია და ყველაფერი იცის, რაც სინდისს ეხება. არჩევს, რა არის კარგი და რა – ცუდი. ტყუილად კი არ არის, უცხო ვინმე რომ ჩაგივლის, ხან გიხარია, ხან კი შეკრთები.

წმიდა მამა გაბრიელის სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი