უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 8 წუთის წინ
როგორ მოვიპოვოთ ცოდვათა შენდობა
რომელ ჩვენგანს არ უნდა უფლისგან ცოდვათა შენდობა მიიღოს? ისინი ხომ მრავლადა გვაქვს. ყოველ ნაბიჯზე სცოდავ, ბოროტების სიღრმესა და სასოწარკვეთილების დამღუპველ მორევში დანთქმულს კი არ ძალუძს, ისურვოს ცოდვების მიტევება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შორის არ მოიძებნება ისეთი გულქვა დამნაშავე, რომელსაც სინანულის ნატამალიც არ აქვს, უეჭველია, რომ ყველას გვსურს, გვეპატიოს, რაც კი შეგვიცოდავს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისგან შენდობა მაშინაა შესაძლო, როცა თვით ჩვენ ვპატიობთ სხვებს შეცოდებებს: „თუ მივუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცდომებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი“ (მთ. 6.14-15).
ხომ ხედავთ, რომ თუ ღვთისგან ცოდვათა შენდობას ითხოვთ, პირველ ყოვლისა, ძვირისმოხსენე არ უნდა იყოთ. შეურაცხყოფა ყველას უნდა შეუნდოთ.
სამწუხაროდ, ჩვენში არიან გულქვა ადამიანები, რომლებიც თვით წმიდა ზიარების დროსაც კი არათუ სხვისგან არ ითხოვენ პატიებას მიყენებული წყენის გამო, არამედ არც პატიობენ მათ, რომლებიც შენდობას ევედრებიან. ამგვარი შემთხვევა მრავალია ნათესავებს შორის. დევნილობის დროს ერთი ქალი მივიდა მღვდელთან საჩივრით: „როგორ მოვიქცე, მამაო, შენდობა ვთხოვე დედამთილს, ის კი არ მპატიობს“. „წადი, – უთხრა მას მღვდელმა, – კიდევ ერთხელ სცადე შერიგება, პატიების თხოვნა, თაყვანი ეცი“. ქალი ისევ დაბრუნდა მღვდელთან: „თაყვანი ვეცი მიწამდე, – თქვა მან, – ფეხებსა და ხელებს ვუკოცნიდი, მაგრამ არ შემინდო“.
ამგვარი უგრძნობელი ადამიანები, რომლებიც არ აღასრულებენ წმიდა ეკლესიის კანონებს, მიდიან ტაძრებში, ანთებენ სანთლებს, ყიდულობენ სეფისკვერს და ცდილობენ, ეზიარონ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს. ასეთი ადამიანები ეზიარებიან კიდეც, მაგრამ ეს მათთვის განწმენდა, ცოდვათა მიტევება და სხეულისა და სულის განკურნება კი არაა, არამედ საკუთარი თავის განსჯა და გასამართლება.
მაგრამ, როგორ არის შესაძლო, – იკითხავს ვინმე, – ისეთი დიდი შეცოდებების პატიება, რომელთა დავიწყება სიცოცხლის ბოლომდე შეუძლებელია? მიტევება, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ როგორი სიმშვიდე და სიმსუბუქე გეუფლება, როცა მიუტევებ. თითქოს მძიმე ლოდი გადავაგორეთ სულიდან და საღვთო სიხარულში დავემკვიდრეთ.
ძვირისხსენებას სიკეთისკენ არ მივყავართ, ვინც სხვას არ პატიობს, ღვთის რისხვას იმსახურებს. ნუ ვიქნებით ძვირისმოხსენენი, შევუნდოთ და შევურიგდეთ ყველას. მზე ნუ ჩავა ჩვენს განრისხებაზე!
მოგვმადლე, უფალო, ძალა, რათა ამქვეყნად მივუტევოთ ყველას ყოველი შეცოდება და მშვიდობით ვცხოვრობდეთ მათთან. ამინ!
საშინელია
შენი სამსჯავრო, უფალო!
საყვარელნო, მოვა უფალი, რათა განსაჯოს სოფელი და მიაგოს ყოველს მის საქმისაებრ.
ცოდვილნო, რას ფიქრობთ, როცა ამ სიტყვას ისმენთ? თვით ღმერთი მოდის, რათა განგსაჯოთ და მოგაგოთ საქმეთაებრ! შეძრწუნდით თქვენი ცოდვითა და უკანონობით: მოდის ღმერთი ძლიერებითა და დიდებით! შეიწყალე, უფალო, შენი შექმნილი, რადგან შენ გარდა არავინაა უცოდველი. საშინელია, საყვარელნო, ის დღე და საათი, როცა უფალი განსჯის ცოდვილებს. ამჟამად ღმერთი განუწყვეტლივ მიმართავს მათ: მოინანიეთ! გამოსწორდით! დაუტევეთ ყოველგვარი უსამართლობა და ნუ ჩაიდენთ ბოროტებას! შემდგომ კი სამსჯავროზე იტყვის: პასუხი აგეთ! ამჟამად ცოდვილებს უხმობს უფალი: მოდით ჩემთან! სამსჯავრო კი განმზადებულია ცოდვილთათვის, ეშმაკისთვის და მისი მსახურებისთვის. ჰოი, როგორი საშინელი სიტყვაა ეს. ცოდვილებო, ჯერაც არ დამდგარა ის დღე, ჯერაც სულგრძელებს მსაჯული, რომელსაც არ სურს, ვინმე წაწყმდეს, რომელიც ჩვენს სინანულს ელის და ჯერაც მოწყალეა მონანულისადმი და მლოცველისადმი. შევინანოთ ჩვენც, სანამ დროა. ამინ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



