რა იყო ქრისტეს მოსვლის მიზანი და რატომ ვერ იჯერებს ადამიანური ბუნება მაცხოვრის აღდგენას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 11 წუთის წინ
ქრისტე, ღმერთი განკაცდა, რომ ადამის ცოდვები გამოესყიდა და სიკვდილი დაემარცხებინა. თუმცა ადამიანი მაინც თავისი ეგოს, წუთისოფლისა და სიკვდილის ტყვეობაშია არაფერი იცვლება, პირველი საუკუნიდან მოელის ადამიანი ქრისტეს, როგორც მეფეთ მეფისა და უფალთ უფალის, მეორედ მოსვლას, მაგრამ მაინც ვერ უახლოვდება სამოთხის მდგომარეობას; ვერ – თუ არ იჯერებს, რომ მასში ღმერთის თანასწორობის პოტენციალია, რომ ის გზას აცდენილი უფლისწულია, რომელსაც არ ახსოვს, არც მამა და არც ის, თუ ვინ არის სინამდვილეში. როგორ ეხმარება ღმერთი თავის ქმნილებას და რა იყო ქრისტეს პირველად მოსვლის მიზანი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: ამდენი ხანია, ვტრიალებთ და დადგა ჟამი, რომ ჩვენ მონანიებისკენ წავიდეთ, ანუ ისევ ჯიუტად კი არ გავაგრძელოთ წრეზე სიარული, არამედ რაღაც გავაჩეროთ ჩვენს თავში. კოვიდიც ერთგვარი შემზადება იყო ამისთვის: აი, თეატრში რომ გამაფრთხილებელი ზარებია, რითიც გვაჩერებენ, გვამზადებენ სპექტაკლისთვის. კოვიდმაც ასე გაგვაჩერა, ყველა შეატორტმანა, დაგვანახვა, რა არის ნამდვილი სინათლე: თევზები მოდიოდნენ ნაპირთან, ვიღაცებმა პირველად დაინახეს ლურჯი ცა; ისეთი ფრინველები გამოჩნდნენ, რომლებიც მანამდე არავის ენახა, ანუ იმ გაჩერებით თითქოს სამყარო დაგვიბრუნდა…
ვთქვი, რომ სამოთხისგან გვაშორებს არა დრო და სივრცე, არამედ სამოთხე ნულოვანი მდგომარეობაა, სადაც ენერგიის მინიმუმია და ყველა ამისკენ მიისწრაფვის. რატომ?! იმიტომ რომ მისი თვისების ვართ; ჩვენ იქ ვიყავით, იმ მდგომარეობაში და გვახსოვს ეს. ჩვენ სამოთხიდან ჩვენი ხსოვნა წამოვიღეთ; ჩვენი ნამდვილი ბუნების ყოფნა იქიდან, სადაც არის მოშუშება, შვება, ანუ ყოფნა, ანუ კმაობა… ამიტომ ვამბობ, რომ პაროსია – ქრისტეს მოსვლა – კმაობას ნიშნავს. ამის შემდეგ უნდა ჩავცვენილიყავით უკმარისობაში, ამას ისააკ ასურიც ამბობს, რომ სამყარო აგვეთვისებინა. რატომ? იმიტომ რომ, თუ იქ დავრჩებოდით, გარეთ არ გავიდოდით. მართლაც, რად გინდა გარეთ გასვლა, როდესაც ყველაფერი აქ არის?! შესაბამისად, ცოდვის შემდეგ ნაკლებობაში აღმოვჩნდით. ესე იგი, ნაკლი შემოვიდა. რა არის ნაკლი?! ნაკლი არის სიკვდილი: მოკლული, ნაკლული… რუსულადა „უბიტიი“, ანუ დაილია. მეგრულშიც ასეა, სხვა ენებშიც. მაშასადამე, სიკვდილი არის ნაკლებობა. ქართულშიც ასეა: ვამბობთ უნაკლო ან ნაკლული… და არავინ არის უნაკლო, ანუ ყველა სიკვდილის შვილია. რით ამოივსება ნაკლი, ნაკლებობა?! დიახ, სისავსით. ესე იგი, ნაკლებობა თავისთავად არსებული კი არ არის, არამედ ნაკლებობა არის არასისავსე, არსებული სისავსეა. მაშინ მე ნაკლებობაში როგორ დავრჩები, თუკი სისავსე არსებულია?! ასე რომ, რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ჩემივე თავის ნაკლებობა ვყოფილიყავი?! იმიტომ რომ სისრულე, ოღონდ, როგორც პროექტი, აქ მოვედი, რომ ჩემში განვახორციელო სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლის მთელი ეს მისტერია და ბატალიები, რომ ამ პროცესში შიგნით ვიყო ჩართული და ვიყო გამცნობიერებელი. რატომ მე?! იმიტომ რომ სხვა ვერც ერთი ქმნილება ვერ აცნობიერებს ამას: ვერც მცენარე, რომელიც მარცვალია. მარცვალმა ხომ არ იცის, რომ მარცვალია?! ხომ არ იტყვის, მარცვალი ვარ, მე არ მინდა მარცვლად ყოფნა, ამიტომ ახლა კვირტი გამოვიღე. ვერ აცნობიერებს ვერც ცხოველი, ვერც ფრინველი, მხოლოდ ადამიანად ყოფნა გადის გზას მარცვლიდან. მეც ვიყავი მარცვლის მდგომარეობაში, იმიტომ რომ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა, უგუნური ვიყავი, ქაოსში ვიყავი, მაგრამ სწორედ ამ ქაოსში არის პოტენცილი და ადამიანად ყოფნა ნიშნავს იმ დონეს ჩემში, როდესაც ქვის დონიდან, უმოძრაო მდგომარეობიდან, ან ქაოსიდან, ან მცენარეული პატარა სიხარულებიდან, ან ცხოველური დონიდან – მომხვეჭელობა, როდესაც ვბდღვინავ და მტაცებელი ვარ, არ მყოფნის არაფერი, სახელმწიფოებს მივიტაცებ, თვისებებია, რომ ავიდე ადამიანამდე, ვისაც ღმერთთან პირისპირ აქვს დიალოგი. ეს გაცნობიერების ბოლო მდგომარეობაა და სწორედ ესაა სამოთხე. აი, ამ ქაოსს გადის ადამიანი, ამას ემსახურება ექვსი დღის ქმნადობა…
და ახლა რა გამოდის მონანიება?! დაბრუნება იმ წიაღში, რომლიდანაც დამესიზმრა ეს წუთისოფელი და რეალობა მგონია. ქრისტე არის გამომაღვიძებელი სარკე და ამიტომაცაა, რომ ქრისტეს მიიღებ, თუ მწიფე ხარ, უპასუხებ და გაგახსენდება შენი თავი. ამიტომ ვთქვი, რომ ქრისტე არის ჩემი უფლისწულობის ფოტო. წარმოიდგინე, დაგავიწყდა მამის სახლი, მუშაობ, იმედიც კი დაკარგული გაქვს, ამ დროს მოგაგნეს და გეუბნებიან, აი, შენ ვინ იყავი. მაგრამ ორმაგობაში ხარ. ერთი მხრივ, გიზიდავს, მაგრამ არ გჯერა სიხარულისგან. ქრისტე რომ აღდგა, სიხარულისგან არ სჯეროდათ მოციქულებს.
გაიხსენე, რა დღეში არიან მოწაფეები: თან, ნახეს ჯვარცმა, თან, ქრისტეს სიტყვები ახსენდებათ, მესამე დღეს აღვდგებიო, მაგრამ ადამიანის ბუნებისთვის ამის დაჯერება შეუძლებელია და რა ქნან, არ იციან. მაშინაც კი ეჭვი ჰქონდათ, როდესაც აღმდგარი ქრისტე გამოეცხადათ და ქრისტემ უსაყვედურა კიდეც ამის გამო. რატომ ჰქონდათ ეჭვები?! იმდენად ვდეგრადირდით, იმდენად მივეცით თავი მატერიას და იმდენად რეალობად ვაქციეთ ჩვენი წარმოდგენები, რომ ვიბადებით, ვიზრდებით, ვკვდებით და მეტი არაფერია, მაშინაც კი, როდესაც რეალურად მოდის ვიღაც და მახსენებს: შენ უფლისწული ხარ, ამ მატერიამდე არსებული; შენ ეს სიკვდილი არ ხარ, უბრალოდ, შენ დაიჯერე, რომ ამას ვერ უძლებს შენი მატერია, სიხარული არ გაძლევს ნებას, დაიჯერო. ამიტომ კონცეფციებს ვქმნი, რომ უარვყო აღდგომა, ვიგონებ მოდელებს: ფსიქოლოგიურს, ფილოსოფიურს, თეოლოგიურს, მატერიალისტურს, რომ როგორმე დავიჯერო, ტყუილია ეს ყველაფერი. ვერ ვუძლებ ამ სინათლესა და სიმართლეს, იმიტომ რომ მატერიას ეს არ შეუძლია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანში მაინც არის ის ნაწილაკი, რომელსაც ახსოვს. ამიტომ ამბობს იესო: მამაო, მადლობა, რომ მე მიცნეს…
რა იყო ქრისტეს მოსვლის მიზანი?! ადამიანებს როგორმე დაუჯერებელი დაეჯერებინათ; რომ სამოთხე რეალობაა; რომ სიცოცხლე რეალობაა; რომ სიკვდილი სიცოცხლის ნაკლებობაა და არა ბოლო ფაზა; რომ სიკვდილი დიდი სიცოცხლის ნაკლია და არაბუნებრივი მდგომარეობაა. შესაბამისად, დიდი სიცოცხლით გაიწოვება ნაკლებობა, ანუ სიკვდილი. უნდა გაჩენილიყო წერტილი იმის დასტურად, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს. აი, რა იყო ქრისტეს განხორციელების მიზანი და იესო მადლობას ეუბნება მამას. და ვინ ირწმუნა ეს?! რამდენიმე მოციქულმა და მათაც კი ვერ ირწმუნეს ბოლომდე, მაგრამ მაინც ჩაისახა მაცხოვარი და შემდეგ უკვე 120-ში შემოდის ეს დიდი სიცოცხლე და ხდება აფეთქება…
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


