მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 17 წუთის წინ
კითხვა: არსებობს თუ არა მართებული მრისხანება?
პასუხი: მრისხანება მართებულია იმ შემთხვევაში, თუ ის მიმართულია ცოდვისკენ – რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივად ჩნდება ჩვენში, უპირველესად, როგორც უფლის დიდებისადმი მოშურნეობის ნაყოფი, რასაც თან ახლავს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული და მოყვასისადმი თანაგრძნობა და აქვს ერთადერთი მიზანი – ცოდვილის ხსნა. როგორც ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს: „ვინც სამართლიანად განრისხდება შესაგონებლად და სულიერი მოშურნეობით, იგი არ დაისჯება“. ყველა სხვა მრისხანება კი უცილობლად დაისჯება.
კითხვა: რის საფუძველზე არქმევენ მართლმადიდებელ ტაძრებს სახელებს?
პასუხი: როგორც წესი, მართლმადიდებლური ეკლესიები ეძღვნება მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენას და აგებულია წმიდანთა სახელობაზე.
კითხვა: ქონების გაყოფასთან დაკავშირებით ურთიერთობა გამირთულდა ოჯახის წევრთან. ამის შემდეგ მაინც ერთ ჭერქვეშ გვიწევს ცხოვრება და ეს ძალიან მიმძიმს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: არ არსებობს არანაირი საერო საკითხი, რომელსაც სახარების სიბრძნე არ მიესადაგება. თქვენს შემთხვევაშიც შეგიძლიათ, სახარებას მიმართოთ. იქ კი წერია, რომ როდესაც უფალს ქონებისთვის მოდავე ორმა ძმამ დახმარებისთვის მიმართა, მან უპასუხა: ვინ დამადგინა მე თქვენი მიწის გამყოფად? უფალი გვასწავლის ერთმანეთის სიყვარულს. სიყვარულის უნარი კი ნებისმიერ ქონებაზე მეტია. ოჯახის წევრებს შორის ასე გართულებული ურთიერთობები კეთილი ძალისგან არ მომდინარეობს და არ არის შთაგონებული. სიყვარულით მიუდექით ყველანაირ პრობლემას, ილოცეთ თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრისთვის. ნუ მოინდომებთ იმაზე მეტს, რასაც ის გთავაზობთ. ამგვარად გადაჭრით პრობლემას. ბოლოს კი გულიდან ამოირეცხეთ წყენა, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ გაქვთ და გულს გიღრღნით.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გვაქებენ?
პასუხი: როდესაც გაქებენ გაიხსენეთ თქვენი ნაკლოვანებები, ნუ მიეცემით ამით ტკბობას და ხიბლში ნუ ჩაიგდებთ თავს!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



