უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 11 წუთის წინ
ვისწრაფვოთ სინანულისკენ
ქრისტიანო, თუ სხეულითა ხარ ავად, მიმართე ექიმს, რადგან „უფალმა შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მას“ (ზირ. 38,4), მაგრამ, თუკი სული გტკივა, მიდი სულიერ სამკურნალოში, ჩვენი სულისა და სხეულის მკურნალთან: „რადგან ძე კაცისა მოვიდა დაღუპულთა საძებნად და დასახსნელად“. ყველა უძლურს სიყვარულით უხმობს თავისთან ჩვენი ზეციური მამა, ხოლო შვილებისმოყვარე დედამ – წმიდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ – ჩვენი სულიერი ვნებების საკურნებლად კეთილი დროც განაჩინა. „რატომ აავადებ სულს ცოდვით? – კითხულობს ეკლესია. – რატომ არ მიმართავ ზეციერ ექიმს ავადმყოფი? დროა კეთილი, მხსნელი, ჭეშმარიტი! აღდეგ! განიბანე შენი სახე სინანულის ცრემლით და მადლმოქმედების ზეთით განაბრწყინე კანდელი, რათა ჰპოვო განწმენდა და უდიდესი მოწყალება ქრისტე იესოს მიერ“.
მაშ, ისწრაფვე ღვთისკენ! განიძარცვე ცოდვის სამოსელი და შეიმოსე ხსნის ნათელი, უხრწნელი სამოსი სიყვარულისა და კეთილი საქმეებისა, სათნო ღვთისათვის. და, თუკი ქრისტეს სამგზის უარმყოფელი პეტრე ან საკუთარი ცოდვების შემცნობელი ზაქე მეზვერე უფალმა შეიწყალა, არც შენ მიგატოვებს თავისი ყოვლადძლიერი მადლის გარეშე: ის შენს სინანულსაც მიიღებს, რადგან მოწყალეა და კაცთმოყვარე. ოღონდაც მოინანიე გულწრფელად და არა ფარისევლურად. მოინანიე, როგორც ეს ჰყო ზაქე მეზვერემ, რომელმაც საკუთარი ქონების ნახევარი ღარიბებს განუყო, ხოლო გულნაკლულთ მეოთხედი დაუბრუნა. ასევე შენც, შენ მიერ ქმნილი ბოროტების სანაცვლოდ, ჰქმენ კეთილი და ნუღარა სცოდავ.
რომ იცოდეთ, ძმებო, როგორი სიხარულია ცაში ერთი ცოდვილის სინანულის ჟამს. ხარობენ ღვთის ანგელოზები, ხარობენ წმიდანები. ნუთუ არ გინდა, იმყოფებოდე უფლის სიხარულში და იყო თანაზიარი წმიდანთა ცხოვრებისა?
ილოცე, მოინანიე, ცოდვილო, და ითხოვე ღვთისგან ცოდვათა დახსნა და შენდობა. ილოცე ასე: „მოწყალეო უფალო, მიმიღე მე, მონანული, და გამოაჩინე მოწყალება შენი ჩემზე, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე“. ამინ!
საშინელია ქრისტეს სამსჯავრო
საშინელი სამსჯავრო! საშინელი მეორედ მოსვლა ქრისტესი! ეს სიტყვები განგმირავს სმენას, აძრწუნებს წარმოსახვას, აღელვებს სულს! ჩვენ ვცხოვრობთ მიწაზე, ვეძიებთ სიხარულს, ვიმშვიდებთ თავს. გვინდა, რომ დიდხანს ვცხოვრობდეთ, მარად ცოცხალი ვიყოთ და უცებ – როგორც ქუხილს, ვისმენთ სახარებისეულ სიტყვებს: სიცოცხლე დასრულდება, დადგება სიკვდილის დრო, ხოლო მას შემდეგ – სამსჯავრო. თავდაპირველად – პიროვნული, შემდგომ კი, სამყაროს აღსასრულის ჟამს, საზოგადო სამსჯავრო – მკაცრი, უსიამოვნო. ამ სამსჯავროს შემდეგ მხოლოდ ერთია შესაძლო ორისგან: ან მარადიული ნეტარება, ან მარადიული ტანჯვა. მაგრამ უფალს არავის დაღუპვა არ სურს. ის სიყვარულია და ნებავს, რომ ყველა გადარჩეს, რომ ყველა მოვიდეს სინანულად და დაიმსახურონ მოწყალება და არა გასამართლება. ყოვლადნეტარმა ღმერთმა ადამიანიც ნეტარებისთვის შექმნა. ადამიანი რომ ნეტარი ყოფილიყო, უფალი განკაცდა, იტანჯა და მოკვდა კაცთათვის. ცად ამაღლებულმა დაგვიტოვა სახარება, რომლითაც გვიხმობს სწორედ ნეტარებისკენ: „მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი. და მე მოგიფონებთ თქვენ“ (მთ. 11,28).
ნუთუ არ შევისმენთ ამ მშვიდსა და მოსიყვარულე ხმას? ნუთუ ვიცხოვრებთ საკუთარი თავის მტრად, ჩვენი ხელებით ჩვენივე საფლავის მთხრელნი? ნუ იყოფინ! შევიწყალოთ საკუთარი სული, გვეშინოდეს მარადიული სიკვდილის და ვეძიებდეთ სიცოცხლეს, რომელიც მარადიულ ნეტარებას განგვიპირობებს, განვაგდოთ უდებობა, უგრძნობელობა, გავიხსენოთ, ვინა ვართ, რისთვისა ვართ შექმნილნი, რისთვის ვცხოვრობთ, რა გველის!
დროა, დავფიქრდეთ. დროა, გონს მოვეგოთ!
უფალო! შეეხე ჩვენს გულებს, აღგვადგინე ძილისგან, მოგვაქციე სინანულად და, ვითარცა გნებავს, გვაცხოვნე ჩვენ! ამინ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



