რატომ არის ადამიანის მიერ შექმნილი სისტემების საფუძველი შიში და სირცხვილი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 9 წუთის წინ
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვიცით, რა არის რწმენა და, მეტიც, ვფიქრობთ, რომ გვწამს და აღსარებაში კიდეც ვინანიებთ ცოდვებს, რომ, საბოლოოდ, ღვთის ხატება ღვთის მსგავსებად ვაქციოთ, ჩვენთვის რწმენა ბოლომდე მაინც მიუღწეველია. ვიცით, რომ ღმერთი სიყვარულია, ნამდვილი სიცოცხლეა, მაგრამ მაინც ყოფას ვემორჩილებით თუ ის გვიმორჩილებს და ისევ ეგოს ტყვეობაში ვრჩებით. როგორ გავარღვიოთ ცოდვის სიმძიმე ნამდვილი მონანიებით? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: რა არის რწმენა?! ქრისტეს ცოცხალი სიცოცხლე, მარცვალი, ნაღვერდალი… რას ნიშნავს სიტყვა ნაცარი? ნაცეცხლარს, ცეცხლად ნამყოფს, იმის უტყუარ დასტურს, რომ იქ ცეცხლი იყო. მაგრამ რად გვინდა ისეთი ნაცარი, თუ იქ ნაღვერდალი ვერ იპოვე?! ამიტომაც ქექავდნენ მეორე დილას ნაცარს და აუცილებლად პოულობდნენ ნაღვერდალს. და თუ მთელი ნაცრიდან ერთი ნაღვერდალიც კი დარჩება, იქიდან ახალი კოცონი აღიგზნება. კაცობრიობა დანაცრდა და ხომ არ შეიძლება, რომ ეს მდგომარეობა უსასრულოდ გაგრძელდეს?! როდემდე, უფალოო, ამას ამბობდნენ 2 000 წლის წინ. პავლე მოციქულიც კი ამბობდა, იქნებ როგორმე მივწვდე ბოლო ჟამსო. ქრისტეც იმავეს ამბობს – ნუ გადადებთ, არ იცით, როდის მოვალო და, მით უმეტეს, ჩვენ გვაქვს უფლება, შევანელოთ ნაბიჯები?! ესე იგი, რა ყოფილა მონანიება?! აზროვნების სისტემური ცვლილება, რომ ვიღაცას შეუძლია, დაუპირისპირდეს იმ სისტემას, რომელშიც ვიმყოფებით; ვისაც შეუძლია, შეანელოს ნაბიჯები, ისე დამძიმდეს, რომ გამოფხიზლდეს ამ სიზმრიდან. რაც ხდება, არ არის რეალობა. ვიღაცები იშმუშნებიან, უნდა ეძინოთ, მაგრამ არ ეპუებიან. ადამის ძილია ეს წუთისოფელი და ჩვენ ამას მერე მივხვდებით. სხვათა შორის, გენიალურადაა ეს გადმოცემული ფსალმუნში. ჩვენს ცნობილ თარგმანში არ ჩანს, დაკარგულია, თუ არ ვცდები, 125-ე ფსალმუნია: როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება, მაშინ აივსება სიცილით ჩვენი ბაგე, ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან, მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები. ხოლო ებრაულ თარგმანში წერია, როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, მივხვდებით, რომ სიზმარში ვიყავით.
ჯერ ვერა, იმიტომ რომ, სანამ გძინავს, ხომ არ იცი, რომ სიზმარში ხარ?! და ტყვე ვინ არის?! ჩვენ ვართ დატყვევებულები, წავილეკეთ წუთისოფლისგან. რომ ამბობენ, დამატყვევაო, განა ეს ცუდია?! სილამაზე გატყვევებს. ევამ რომ შეხედა ნაყოფს, მოეწონა, ლამაზია, საჭმელად კარგია, საცქერლად საამოა და რა ჯობია მის დაგემოვნებას. განგებამაც დაუშვა ეს, მაგრამ ისეთი ტვირთი ავიკიდეთ, რომელიც გვტეხს. სამაგიეროდ, განგება ამასაც სასიკეთოდ მოგვიქცევს, ისიც დაზღვეული ჰქონდა, ამ შემთხვევაში როგორი გეგმა ამოქმედებულიყო – დიდი ტკივილებისა და სიმძიმეების გავლით, ოღონდ, როცა გამოვიღვიძებთ, ეს გაქრება. ამიტომ ვამბობ, რომ მონანიება გამოღვიძებაა. ძილის მდგომარეობაა, რასაც ვაკვირდებით ტელევიზიით, ისტორიით, არადა ეს საერთოდ არ არის რეალობა. ეს არის ქერქის მეათასედი ნაწილი, ისიც ჩვენამდე ყალბად მოტანილი, მაგრამ ეს გვგონია რეალობა, რაც ტყუილია. რეალობა ისაა, რაც გულის გულშია, რაც სიღრმეშია… აი, იქ მიდის ნამდვილი პროცესები.
მთელი ისტორია, რაც ვიცით, ვისი ისტორიაა?! სად ხდება ეს ისტორია?! სიცარიელეში?! ხალხებისაა?! და ხალხების წინ, უფრო იქით ვინ არის?! იქ ერთია და ის ერთი საიდანაა?! ღმერთისგან, ხომ?! მეტანოისატე, – მიმართავს იოანე, – სანამ იესო მოვა; იესო, ანუ ჭეშმარიტება. რატომ ეუბნება ამას?! შენ რომ ჭეშმარიტება დაიტიო, უნდა გაემზადო. სტუმრისთვის ხომ ვემზადებით?! იოანე ნათლისმცემელი ვინ არის?! ისიც შენშია და ვინ არის იოანე შენში, ვინც ემზადება, რომ ქრისტეს, ჭეშმარიტებას დახვდეს, მაგრამ ქრისტეს რომ დახვდეს, ამისთვის რა უნდა ქნას?! უნდა მოინანიოს – ხმაა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ჩვენ ვთქვით, რომ უდაბნო არის ადგილი, სადაც ხმა ისმის. რას ამბობს იოანე?! გაასწორეთ მიხვეულ-მოხვეული გზები. რასაც, თუნდაც, ახლა ვყვებით, ეს არ არის ისტორია, რომელსაც გარედან ვაკვირდებით. ეს ყველაფერი ჩვენში უნდა გაცოცხლდეს.
გეკითხები: გჭირდება თუ არა მონანიება?! გაქვს თუ არა გასასწორებელი მიხვეულ-მოხვეული გზები?! კარგი, ბატონო, მაშინ გადააგორე ლოდები, რომლებიც ჭეშმარიტების დანახვაში გიშლის ხელს. და რა არის ჭეშმარიტება?! რასაც მტკიცება არ სჭირდება, ის თავისთავადაა არსებული. ჩვენ კი იმდენი ინტერპრეტაცია გვაქვს, რომ არსებული დაგვავიწყდა, ანუ იმდენად შევფუთეთ აკვანი, რომ ბავშვი დაგვავიწყდა აკვანში. რა გვიშლის ხელს?! ჩვენ მიერვე დაგროვილი ცოდვები და რამ დააგროვა ისინი?! გადაცდომებმა. ცოდვა არის ამარტეა – ესეც არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვი – აცდენა. შესაბამისად, ავხორხლეთ რაღაც, წუთისოფელი რომ ჰქვია, ჩვენი აღქმით, ჩვენი გამრჩევლობით შექმნილი, შიშსა და სირცხვილზე, ნაკლებ ცოდნაზე დაფუძნებული. აი, ეს არის ცოდვა და სამოთხის დაკარგვა. დიახ, სისტემები შევქმენით, რომლის საფუძველიც შიში და სირცხვილია. რატომ აქვს ეს საფუძველი? იმიტომ რომ ხელოვნურადაა შექმნილი და ვიძაბები: შენ იქნები, როგორც ღმერთი. ახლა დადგა გამოღვიძების ჟამი, იმიტომ რომ მოვიდა არსებული და ამ შემთხვევაში შენ უკვე არარსებული ხარ, მაგრამ არარსებულს აქ თავისი ფესვები აქვს გადგმული.
მოგვები მოდიან, ქრისტე დაიბადაო. ვინ არის ქრისტე? დიახ, მესია! ყველამ იცოდა, რომ მოვიდოდა, მაგრამ იმდენად უყვართ ეს ეგო, რომ ვერ ელევიან. ეს იმას ჰგავს, მე რომ გითხრა, ჩემს სახლში იცხოვრე-მეთქი და ისე შეეჩვიო იქ ცხოვრებას, ისე მოშინაურდე, რომ აღარ მაძლევდე ჩემსას… ეგო იმდენად მოჯდა და იმდენად თავის თავი განიღმრთო, რომ არ უნდა გამოღვიძება, სიზმარში უნდა დარჩენა: სიზმარში ყველაფერი აქვს. არადა, ამაზე მეტს მიიღებს, მაგრამ არ უნდა გადაწყობა. შესაბამისად, ორი სისტემა ეჯახება ერთმანეთს: ქრისტე მოდის, როგორც თავისთავად არსებული ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენი არსების წიაღში იყო, მაგრამ სუსტია და რაც მე შევქმენი, ჩემი ცოდნებით, გამოცდილებებით, როგორც ერთ ადამიანში, ისე კაცობრიობაში, ის უნდა მოვშალო, რომ მივიღო, ეს ყველაფერი ხელს მიშლის მის დანახვაში. მაღლობი დადაბლდესო და რა არის მაღლობი?! წარმატების ფილოსოფია ხომ გასწავლიდა, შენ ყველაზე მაგარი ხარო?! დაბლობი ამოივსოსო, ანუ შენ არაფერი ხარ, არაფერი გამოგივა. მაგრამ, აი, ამას რომ გააკეთებთ, იხილავთ მას, ვინც კართან დგას…
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


