რელიგია

უფლის გზაზე

№44

ავტორი: „თბილისელები“ 18 წუთის წინ

რელიგია
დაკოპირებულია

ყოფაცხოვრებითი საზრუნავები არ აბრკოლებენ ჩვენს ხსნას

ვინც წყვეტს საკუთარი თავის ხსნაზე ზრუნვას, ეზარება ღვთის ეკლესიაში სიარული და სახლშიც არ ლოცულობს, ასეთი ადამიანი თავის დაუდევრობას სამუშაოს აბრალებს.: „ცოდვილი ვარ, – ჩვეულებრივ, ასე ამბობს ამგვარი ადამიანი, – დიდად მოხარული ვიქნებოდი, მელოცა, მაგრამ სამუშაომ დამძალა. ერთ საქმეს მოამთავრებ, ხედავ, მეორე კარზეა მომდგარი; მეორეს მოილევ, მესამე წამოგეწევა“. ასე ამბობს თავის გასამართლებლად მსგავსი ადამიანი. ისეა, თითქოს, მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვისაც გულხელი აქვს დაკრეფილი, თითქოს ღმერთს რომ ასიამოვნო, თავისუფალი უნდა იყო ყოველგვარი საზრუნავისგან. ვნახოთ, მართლაც ასეა თუ არა?

წმიდა ადამიანთა მაგალითები გვიჩვენებენ, როგორი უმართებულოა ასეთი წარმოდგენები. ამბა დოროთე მთელი დღე და ღამე მუშაობდა. დღისით გამოდიოდა გამოქვაბულიდან, აგროვებდა ქვებს და აშენებდა სენაკებს ბერებისთვის, ღამით კი ფინიკის ტოტებისგან კალათებს წნავდა. ჭამდა მხოლოდ გამხმარ პურს, ძილით კი თითქმის არ ეძინა.

ცნობილია, რომ ღირსი ზაქარია მეუნაგირე იყო წმიდა ევქარისტი – მწყემსი, ღირსი ევლოგი – ქვისმთლელი, კომანის ეპისკოპოსი ალექსანდრე, მღვდელმთავრობამდე – მენახშირე იყო. ერთ-ერთი ბერძენი პატრიარქი ჯორებს მწყემსავდა, ათონის მთაზე განმარტოებით მცხოვრები, საკუთარი მხრებით ეზიდებოდა ხორბალს ზღვიდან საშინელ ციცაბო კლდეზე, სადაც მისი კელია იყო. ხოლო წმიდა მოციქულები, თვითონვე მოგვითხრობენ თავიანთ თავზე, რომ სახარების ქადაგებისას ისინი შრომობდნენ დღე და ღამე, რათა მოეპოვებინათ არსობის პური.

ახლა რაღას იტყვით თქვენ, ვისაც გგონიათ, რომ მუშაობა ხელს უშლის სულის ხსნისთვის ღვწას? ხომ ხედავთ, რომ იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც მძიმე ჯაფის დროსაც კი ზრუნავენ სულზე. ზოგი მათგანი კი არც ამას სჯერდება და სხვათა სულებზეც ზრუნავს.

მოყვანილი მაგალითები ისეა, როგორც წვეთი ზღვაში. იკითხეთ წმიდანთა ცხოვრება და დაინახავთ, რომ ბევრი მათგანი შრომობდა ისე, რომ მათთან შედარებით თქვენი შრომა სალაპარაკოდაც არ ღირს. ასე რომ, სამუშაო კი არ უშლის ხელს სულის ხსნისთვის ღვწას, არამედ მხოლოდ თქვენი დაუდევრობა და უდებობა.

მაშ, ვიხსნათ ჩვენი უკვდავი სულები და ვიცხოვროთ ღვთისთვის და მარადიული სიცოცხლისთვის, იმ წმიდათა მიმბაძველნი, რომლებიც პოულობდნენ დროს ყოფა-ცხოვრებით საქმიანობისთვისაც და უფრო აღმატებული საქმისთვისაც.

საოცარი წიგნი

ერთხელ ზღვის სანაპიროზე მოსეირნე ერთმა ცნობილმა იაპონელმა წარმართმა, ზღვაში შეამჩნია მცურავი რამ ნივთი და ბრძანა, ნაპირზე გამოეტანათ. ეს იყო წიგნი. იაპონელმა შინ დაბრუნებისთანავე დაიწყო მისი კითხვა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სახარება. ქრისტეს სიტყვებმა შეძრა იაპონელი, მას არასდროს არცერთი წიგნის კითხვისას არ ჰქონია ასეთი შეგრძნება. შემდეგ თვით იაპონელი ასე აღწერდა კითხვის პროცესს: „არასოდეთ შემხვედრია უწინ ასეთი პიროვნება (ანუ – ქრისტე) და არ მიოცნებია ამგვარად არასოდეს“. სახარების კითხვა გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და საბოლოოდ წარმართი იაპონელი გაქრისტიანდა. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ის სახლიც კი, სადაც სახარება ინახება, აძრწუნებს ბოროტ ძალებს და აუღებელი ზღუდეა მათი ხრიკებისთვის. მარადის იკითხე, ქრისტიანო, ეს საოცარი წიგნი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა განსაცდელში ხარ. ღვთის სიტყვა, რომელიც სახარებაშია მოცემული, მძლავრი იარაღია ჩვენი სულის მტრისკენ – ეშმაკისკენ, მიმართული. ეს მაგალითი თვით უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა, რომელმაც სატანის მიერ ცდუნებათა ჟამს ღვთის სიტყვებს მოუხმო.

„ეშმაკი გაქეზებს ცოდვისაკენ, – გვასწავლის წმიდა ტიხონ ზადონელი, – შენ კი ასე უპასუხე მას: არ მსურს, რადგან ეს ღვთის წინააღმდეგაა, უფალმა აკრძალა ეს. ეშმაკი აღაგზნებს შენში მრისხანებასა და ბოროტებას, შენ კი დათრგუნე ეს აზრი და თქვი შენს გულში: უფალს ეს ასე არ უბრძანებია. ეშმაკი სხვისი ნივთის მიტაცებისკენ გიზიდავს. შენ კი თქვი: უფალმა გვამცნო – „არა იპარო“, „არა გული გითქუმიდეს“... ავიღოთ, მაგალითად, ადამიანური ვნებები, რით შეიძლება მათი ძლევა ან, უკიდურეს შემთხვევაში, შესუსტება? საუკეთესო საშუალება ამისთვის წმიდა სახარების კითხვაა.

მაშ, ქრისტიანო, ყოველთვის იკითხე სახარება – ეს საოცარი და მხსნელი წიგნი. ტკბილია თაფლი, მაგრამ ღვთის სიტყვა, სახარებაში გაცხადებული, განუზომლად უტკბილესია თაფლზე . „რაოდენ ტკბილ არიან სიტყვანი პირისა შენისანი, უფალო, უფროის თაფლსა პირსა ჩემსა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი