რელიგია

რატომ მოდის ღმერთი ადამიანთან, თუნდაც, პეპლის არსით

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 12.11

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

და თუმცა ღმერთს არც სახელი აქვს და ვერ დაახასიათებ, იმიტომ რომ სიტყვებში ვერ ეტევა და ვერც ადამიანურ წარმოდგენებში, ის ვლინდება ყველგან და ყველაფერში. მაგრამ, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას ღმერთი ელაპარაკება და, მით უმეტეს, რისი თქმა უნდა მას?!

რატომ არის სამყარო მოწყობილი ისე, რომ ვერც მოიხელთებ და არც ძალიან შორსაა შენგან ჭეშმარიტება? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ბავშვობა გავიხსენოთ: დაგიჭერია პეპელა?! როგორ უნდა მას ჩვენთან თამაში... მაგრამ, გგონია, პეპელა მართლაც პეპელაა, როგორც მას ბიოლოგია ახასიათებს?! თუ დაამატებ, რომ ისიც ღმერთია, ოღონდ პეპლად მოსული, რაღაც მისიაა შენთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ადამიანისთვისაა შექმნილი, მაშინ პეპლობის არსით შენთან მოსული ღმერთი რას აკეთებს ამით?! ღმერთს უნდა შენთან თამაში და პეპლად მოვიდა. დაჯდება ყვავილთან, პატარა ბავშვი რომ ხარ, გგონია, დავიჭერო. ძალიან შორს რომ წავიდეს, დედა არ გაგიშვებს და შეგეშინდება გაყოლა. ძალიან ახლოს მართლაც დაიჭერ და არც სახალისო იქნება. ამიტომ დაფრინავს ყვავილიდან ყვავილზე, შენც მისდევ, მისდევ და ის ისაა, უნდა დაიჭირო, რომ იმ წამსვე აგიფრინდება და თან, იქვე გადაჯდება.

განგებაც ასე აკეთებს: ყველაფერი ძალიან ახლოს და გასაგებად რომ მოეტანა, მოგვწყინდებოდა. ძალიან მიუწდომელი რომ ყოფილიყო, ვერაფერს გავიგებდით და ისე წავიდოდით ამ წუთისოფლიდან, ვერაფერს მივხვდებოდით. ამიტომ, ყველაფერი გვიზიდავს, რაც უცხოა. ანუ უცხო ადვილადაც არ მიგიშვებს, მაგრამ გიზიდავს. ქართულმა რომ უცხო მოიშინაურა, მშვენიერია, სხვა კულტურებში არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ქართველისთვის უცხო საშიშად კარგია – საუცხოოა. ესე იგი, ცალკე საშიში კი არ არის, ზედმეტად კარგია, იმდენად კარგია, რომ კანკალებ და ვერ ბედავ მასთან ადვილად მიახლოებას. ისევე, როგორც მეფის წინაშე თამამად ვერ დადგები; როგორც სანატრელ ნივთს რომ გვიყიდიდნენ ბავშვობაში, ხელს ვერ ვკიდებდით სიხარულით, სანამ შევეჩვეოდით.

ზუსტად ასეთნაირადაა მოწყობილი სამყარო: აი, ეს არის ქაოსი, პირველი გამაოგნებელი მდგომარეობა, რომელშიც ვერ ვერკვევი, გარკვევის პროცესში ვარ. ახლა შიგნით შევიდეთ ამ ქაოსში, ის ხომ ნაწილაკების ქაოსი არ არის?! მოდი, ასე ვთქვათ: ის ცნობიერება, რომელიც ღმერთში იყო, შენ გბადებს და აქ მოჰყავხარ და იმ ქაოსში შენ სად ხარ?! წარმოიდგინე – ქაოსში შენივე თავის ქმნადობაში ხარ. ის, რაც იქ გარეთაა გატანილი, იგივე ხდება შენში ფიზიკური დაბადებითაც კი, ბავშვობაში რომ სამშობიაროდან სახლში მოგიყვანეს დაბადებიდან სამ დღეში, რა გაარჩიე?! აღტაცებით შეხედე გარემოს, რა კარგ ოჯახში მოვხვდიო?! რა კარგი ბინაა და მამაჩემს რა კარგი მანქანა ჰყავსო?! არაფერი იცი, ქაოსია, სიბნელეა, გაურკვეულობაა… შესაძლებელია, ეს მოგონება საცავში ისევ დევს და ინახება, თუ როგორ უყურებდი სამყაროს, როდესაც მოხვედი. ქაოსი დაბინდულია, თორემ ყველა შესაძლებლობა დევს მასში. უბრალოდ, ჩემთვის არ არის ცნობილი, მე ვერ ვხედავ მათ. უკვე ფიზიკაც ამტკიცებს, რომ ჩვენ ვხედავთ იმას, რა დონითაც ვუყურებთ და გოიმობაც სწორედ ის არის, რომ გგონია, ის არის ერთადერთი რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. არადა ჩვენ მემილიარდედსაც კი ვერ ვხედავთ, ოღონდ ეს კარგია და აი, რატომ: დოჩანაშვილის არ იყოს, წაუკითხავ წიგნებზე რომ ამბობს მისი მოთხრობის გმირი, ბედნიერი ხარ, რომ წინ გელოდება მისი წაკითხვის სიამოვნებაო.

აი, რა არის ღმერთი: თუ ვირწმუნებთ, სულ პატარა ჭუჭრუტანაში მარადისობის უსასრულო შესაძლებლობებს მოვკრავთ თვალს და ეს უკვე საკმარისია ამ წუთისოფელში ჩემი მოსვლისთვის, მეტი არაფერი მინდა. მთელი ჩემი გამოცდილება, რაც მაქვს ღმერთზე, სამყაროზე; მთელი რელიგიური გამოცდილება, რაც გარეთ არის, საერთოდაც რომ დამავიწყდეს, აი, იმ ერთ ჭუჭრუტანაში გავცვლიდი. მგონი, ტოლსტოის ნათქვამია, ერთი წვეთი მადლი სჯობია მთელ კასრ ფილოსოფიასო. ფილოსოფია კონცენტრატია. ეს ლაციცია, უახლოვდები, მაგრამ ეს უნდა დამთავრდეს ჭვრეტით. ავთანდილი გამახსენდა: სამ წელიწადს ეძებს ტარიელს, შემდეგ ასმათს ხვდება, რომელიც ეუბნება, უცბად ნუ მიხვალ, გაბოროტებულია და შეიძლება, რამე გავნოსო. ბოლოს, რომ დამალავს, რუსთაველი ამბობს – ქვაბსა დამალა დიდითაო. მოდის ტარიელი და წერია: ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე საკნით ნააზატევი. ამ თითოეულ სიტყვაზე მთელი ტომები დაიწერება, მაგრამ მხოლოდ აზატზე ვიტყვი: აზატი არის თავისუფალი, ნააზატარი – გათავისუფლებული და რით გათავისუფლდა ავთანდილი?! წარმოიდგინე, ამ სივიწროვეში შედის უდიდესი არაბეთის სამეფოს სპასპეტი და რატომ მიდის, რატომ იკნინებს თავს?! იმიტომ რომ აი, იმ ჭუჭრუტანიდან გათავისუფლდა. აი, ამ ჭუჭრუტანაშია კონცენტრატი იმ დიდის, რომლისგანაც ყველაფერი იწყება. ჩვენ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. მთელი ჩვენი ძალისხმევები: ეს ფილოსოფიები, თეოლოგია, ტექნიკური პროგრესი, თუნდაც, მეცნიერება ერთ წერტილში მიდის, როგორც სიმონ მიმრქმელი. ვინ იყო სიმონ მიმრქმელი? 70 ადამიანი შეკრიბეს ელინელებმა, რომ „ბიბლიის“ დედანი არ დამახინჯებულიყო თარგმანში. ერთ-ერთი იყო სიმონ მიმრქმელი და როდესაც მიადგა იმ ადგილს, სადაც წერია, რომ ქალწული შობს ძეს, დაეჭვდა, იმიტომ რომ დაიბნა, რა დავწერო: ქალი თუ ქალწულიო და მაშინ მას მიეცა გამოცხადება. შენ იცოცხლებ მანამ, სანამ იმ ქალწულისგან ნაშობ მესიას არ იხილავო. მართლაც, 270 წელს იცხოვრა. ერთხელაც იერუსალიმში მიდის და ამ დროს ქრისტე დედ-მამას მერვე დღეს მოჰყავთ, შეხედავს და ამბობს, „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარება? შენი…“ ანუ, დამთავრდა, უკვე მივდივარ, დავინახე ის, რისთვისაც ამქვეყანად მოვედიო.

მთელი ჩვენი ძალისხმევაც ზუსტად ეს არის – მოვკრათ თვალი იმ ჩვილ იესოს, ვინც არის ჩვენი სიცოცხლე და გადარჩენა. ამიტომ ჩვენი საუბრის მიზანი ისაა, რომ, რაზეც ვლპარაკობთ, ჩვენში ხდება და იმიტომაც გვაინტერესებს. დამთავრდა ზოგადი ცოდნები. ზოგადმა ცოდნებმა აქ დაგვსვა სასაუბროდ და ნაბიჯი შევანელეთ. უკვე 180 გრადუსით უნდა შევტრიალდეთ და მონანიებაც სწორედ ეს არის. ზოგს მონანიება ის ჰგონია, აღსარებაში რომ იტყვის, შევიგინე, ვიღაც დავწყევლე, თავი მოვიფხანე, წყალი დავლიე. სამწუხაროდ, აი, აქამდე დავედით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მტვერი დაგროვდა და ახლა მთელი ამ ნაცრიდან ის უმთავრესი მარცვალი უნდა ვიპოვოთ, რაზეც ქრისტე ამბობს: ძე კაცისა რომ მოვა, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე?! ხოლო, თუ რას გულისხმობს რწმენაში, ამის შესახებ მომდევნო ნომერში ვისაუბროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი