რელიგია

უფლის გზაზე

№43

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

განსაცდელის ჟამს
დაკოპირებულია

როგორ პასუხობენ ადამიანები ზეციურ მოწოდებაზე

მაცხოვრის თქმით, ზეციერი მამის მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მეტი იყოს მოწვეული ნეტარ სერობაზე, ამიტომაც გამუდმებით უხმობს თავის მონებს სასუფეველში. მაგრამ, ადამიანებს თვითონვე არ სურთ, გამოეხმაურონ მის მოწოდებას, ზოგი თავის მინდორში გადის სამუშაოდ, ზოგი – სავაჭროდ, ზოგიც – სხვა ყოფა-ცხოვრებით საზრუნავს გამოსდევნებია. სამყაროს დასაბამიდანვე გრძელდება ეს ზეციური ხმობა მრავალგვარი სახით. მაგრამ ადამიანები უმეტესად ყრუნი რჩებიან ამ ხმობის მიმართ – ისე იქცევიან, თითქოს ვეღარც კი ამჩნევენ ციურ მოციქულობას, არ ისმენენ მისას ან თავს იმართლებენ, რომ დრო არა აქვთ ამისთვის, ხელს უშლით საქმე, საზრუნავი: ზოგს – მამული, ზოგს – სავაჭრო და სხვა. ასეთი უყურადღებობა ადასტურებს იმას, რომ მრავალს უფრო მიწიერი სურს, ვიდრე – ზეციური.

ქრისტიანო! განმარტოვდი, ჩაუღრმავდი შენს სულს და მიაყურადე, რისთვის წუხს, რას ეძიებს, რითია დაკავებული. ის გეტყვის, რომ არაფერი მიწიერი მას არ ახარებს და არ გვრის მას სრულ ბედნიერებას. ხოლო სრული ბედნიერება – ეს სხვა, უმაღლესი სამყაროა, რის მიმართაცაა მოწოდებული სული, რის შესახებაც უნდა ფიქრობდეს და ისწრაფვოდეს იგი, რამეთუ ჯერ კიდევ აქ, მიწაზე, სული მოვალეა, იხმოს ის ნეტარება, რომელიც ცაშია მისთვის აღთქმული.

როგორ უნდა ვიცხოვროთ,

რომ არ მოგვწყინდეს ცხოვრება

რისთვისაა ცხოვრება, რა არის მისი მიზანი? ბევრი ჩვენგანი ეკითხება ამას საკუთარ თავს და პასუხს ვერ პოულობს. ზოგიერთებს ცხოვრება მოსაწყენი ეჩვენებათ. უწოდებენ მას უმიზნოს, მაგრამ ეს იმითაა განპირობებული, რომ ადამიანები ცხოვრობენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ივიწყებენ ღმერთს, მარადიულ ცხოვრებას და გარეშე მყოფთათვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ ან „რით უნდა მოვუტანო სხვას სარგებელი?“ – ამბობენ ისინი. როგორ თუ რითი? ეს ყველას ძალუძს თავისი შესაძლებლობისამებრ: მდიდარს – სიმდიდრით, ჯანმრთელს – ჯანმრთელობით, განათლებულს – თავისი ცოდნით, კეთილს – გულით, თანამდგომს – თანაგრძნობით. ყველას ძალუძს და ყველა მოვალეა, იცხოვროს სხვისი ბედნიერებისთვის და მაშინ ცხოვრებაც მოსაწყენი და უმიზნო აღარ მოგვეჩვენება.

როგორც ათბობს და ანათებს მზე, ასევე ჩვენც უნდა განვათბოთ გარშემო მყოფნი ჩვენი სიყვარულით: მწუხარეს ცრემლი მოვწმინდოთ, ყველას ვუჩვენოთ გზა, რომლითაც სათნო ეყოფიან ღმერთს, რომლითაც დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. როგორც კი ერთს მოაქცევ კეთილისკენ (და ისიც, ღვთის წყალობით) – გული სიხარულით გევსება. ერთს ანუგეშებ მწუხარებაში, ერთს შეეშველები საჭიროებისას – ყოველივე ეს შენც გამშვიდებს და გახარებს.

რაც უფრო უანგარო იქნება ჩვენი საქმიანობა, მით მეტად ამაღლდებიან ისინი ღვთის თვალში, მით მეტი იქნება ჯილდოს მიგება უფლისგან. მაშინ ჩვენ ირგვლივ ყველაფერი სასიამოვნო და სასიხარულო იქნება. მადლობელნი ვიქნებით ღვთისა და სხვებიც ჩვენ გამო უფლის მადიდებელნი იქნებიან. როცა მოვკვდებით – ყველა დამწუხრდება ჩვენზე. იტირებენ და ილოცებენ ჩვენი სულისთვის. არაფერს ნიშნავს, რომ უჩინონი ვიყავით. მოყვასისთვის ხომ ვზრუნავდით. ბევრი წმიდანი ისახავდა თავისი ცხოვრების მიზნად ახლობლის სამსახურს და ამაში ჰპოვებდნენ უდიდეს სიხარულს.

ცხოვრების აზრი სწორედ ამაში მდგომარეობს. გასაგები ხდება, თუ რატომ არიან მოწყენილნი ცხოვრებით. იმიტომ, რომ ღვთის შიში და რწმენა დაკარგეს, დედა ეკლესია დაივიწყეს, იმიტომ, რომ მხოლოდ მიწიერზე ფიქრობენ, ამაში კი – სიცარიელეა. გარეგნულად თითქოს მხიარულებაა, შინაგანად კი სულის სიმშვიდეს ვერ ფლობენ, რადგან უფალი ამბობს, რომ არ აქვს სიხარული უწმინდურს. ამრიგად, ჩვენთვის ნათელია, რა ვაკეთოთ და როგორ ვიცხოვროთ, რათა არ მოგვწყინდეს ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი