მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 24 წუთის წინ
კითხვა: ჩემი გარდაცვლილი ახლობლები სხვადასხვაგვარად მესიზმრებიან. ხშირად რაღაცას მთხოვენ. როგორ უნდა გავიგო ეს?
პასუხი: სიზმარს, ზოგადად, დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ, მაგრამ ზოგჯერ სიზმარი შემთხვევითი არ არის. გარდაცვლილი ახლობლები რომ გვესიზმრება და რაღაცას გვთხოვენ, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. შესაძლოა, თქვენ მიივიწყეთ ისინი, მათთვის სათანადოდ არ ლოცულობთ და ამ სახით შეგახსენებენ თავს. გარდაცვლილი ახლობლისთვის საჭიროა ლოცვა, პანაშვიდის გადახდა, მათ საფლავებზე გასვლა და მოვლა. ეს ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა. ილოცეთ თქვენი გარდაცვლილი ახლობლებისთვის და ისინიც შეგეწევიან იქიდან.
კითხვა: ვარ ქმარს გაშორებული. შესაბამისად, ჩემი შვილები არ იზრდებიან სრულფასოვან ქრისტიანულ ოჯახში და მათ ამის გამო გარკვეული სტრესი აქვთ. როგორ შევძლო, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტ ქრისტიანებად გავზარდო?
პასუხი: ოჯახი, სადაც არიან მშობლები – დედა და მამა – დიდი მადლი და წყალობაა. მით უმეტეს, როდესაც მათ შორის ჰარმონია და სიყვარულია და უფლის მოწიწებით ზრდიან შვილებს. მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალი ოჯახი ინგრევა და ბავშვებიც იხლიჩებიან დედასა და მამას შორის. ამის მიუხედავად, შესაძლებელია, მშობლებმა ისეთი გარემო შეუქმნან შვილებს, რომ მათ ნაკლები სტრესი მიიღონ და სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ თავი. მთავარია, იყოთ მშვიდი და მოსიყვარულე, ღვთის მოშიში. არ დაანახვოთ ბავშვებს სიძულვილი თქვენი ყოფილი მეუღლის მიმართ, ეცადეთ, მშვიდად აუხსნათ მდგომარეობა და პატივისცემით მოიხსენიეთ მათი მამა. ასწავლეთ მათ ლოცვა და ღვთის სიყვარული, ატარეთ ტაძარში. ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვები თვითონ შეძლებენ, გაარჩიონ ავი და კარგი. ილოცეთ თქვენი შვილებისთვის და ყოფილი მეუღლისთვისაც. უფალი შეგეწევათ!
კითხვა: შეიძლება თუ არა, საეკლესიო სანთელი გასანათებლად გამოვიყენოთ?
პასუხი: რაც უფლისთვის არის მიძღვნილი, ყოფით ცხოვრებაში არ უნდა გამოიყენოთ. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში საეკლესიო სანთელი შეგიძლიათ, გამოიყენოთ. ეს დანაშაული არ არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


